ძვალ-სახსართა დეფორმაციები ბავშვებში


ძვალ-სახსართა დეფორმაციები ბავშვებში

როგორ დავიცვათ ჩვენი შვილები ინვალიდობისაგან?

ძვალ-სახსართა სისტემის პათოლოგიები ბავშვთა ასაკის დაავადებათა 10%-ს შეადგენს. ეს არის თანდაყოლილი და შეძენილი დეფორმაციები, რომელთა პროფილაქტიკა, ადრეული გამოვლენა და დროული მკურნალობა თქვენს პატარას ინვალიდობას ააცილებს. ეს შეიძლება მიღწეულ იქნას მშობლისა და ექიმის დაკვირვებულობისა და ხანგრძლივი შრომის შედეგად.

რა არის ბარძაყის თანდაყოლილი დისპლაზია?

ბარძაყის თანდაყოლილი დისპლაზია (განუვითარებლობა) არის თანდაყოლილი დეფორმაცია, რომელიც გამოწვეულია მენჯ-ბარძაყის სახსრისა და მისი ცალკეული ელემენტების განუვითარებლობით.

საქართველოში ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობა ითვლება სამხარეო პათოლოგიად, რადგან ის ყოველი 1000 ახალშობილიდან 20-30 ბავშვს აღენიშნება.

სიმძიმის მიხედვით არჩევენ მენჯ-ბარძაყის სახსრის განუვითარებლობის 3 ხარისხს: 

  • დისპლაზიას – ბარძაყის თავი ტაბუხის ფოსოშია, მაგრამ განუვითარებელია სახსრის ელემენტები: ბარძაყის თავი, ტაბუხის ფოსო და თაღი;
  • ქვეამოვარდნილობას – ბარძაყის თავი ნაწილობრივ ტაბუხის ფოსოს გარეთაა, განუვითარებელია სახსრის ელემენტები;
  • ამოვარდნილობას – ბარძაყის თავი მთლიანად ტაბუხის ფოსოს გარეთაა, განუვითარებელია სახსრის ელემენტები.

ვის აღენიშნება უფრო ხშირად ბარძაყის თანდაყოლილი დისპლაზია?

  •  ბავშვებს, რომელთა მშობლებს ან წინაპრებს აღენიშნებოდათ მენჯ-ბარძაყის სახსრის თანდაყოლილი პათოლოგია;
  •  ბავშვებს, რომლებიც ჯდომით წინამდებარეობაში დაიბადნენ;
  •  ხანდაზმულ მშობიარეთა ბავშვებს;
  •  უპირატესად გოგონებს და პირველი მშობიარობის შემდეგ დაბადებულ ბავშვებს;
  •  ტერფის თანდაყოლილი დეფორმაციის მქონე ბავშვებს;

მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიის საეჭვო ნიშნებია:

  •  ბარძაყის წინა და უკანა ზედაპირზე ნაოჭების ასიმეტრია ანუ ნაოჭების არათანაბარი რაოდენობა;
  •  განზიდვის შეზღუდვა მენჯ-ბარძაყის სახსარში;
  •  დაგვიანებით დაწყებული სიარული (1,5 წლის ასაკში).

ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობის ძირითადი ნიშნებია:

  •  ამოვარდნილი ქვედა კიდურის სიმოკლე
  •  ამოვარდნილი ქვედა კიდურის გარეთ შებრუნება ანუ როტაცია;
  •  დაცურების (მარქს_ორთოლანის) ნიშანი _ მუხლის სახსარში მოხრისას და მენჯ_ბარძაყის სახსარში განზიდვისას
  •  ბარძაყის თავი ხმაურით ჩადის ტაბუხის ფოსოში (ეს სიმპტომი გვხვდება 1_დან 3 თვემდე ასაკში).

მოგვიანებით, სიარულის დროს, ბავშვი კოჭლობს: ორმხრივი ამოვარდნილობისას დადის იხვისებურად, ცალმხრივი ამოვარდნი- ლობისას იხრება ამოვარდნილი კიდურისაკენ.

როგორ შევუწყოთ ხელი ბარძაყის სახსრის განვითარებას?

  • ახალშობილი უნდა იზრდებოდეს თავისუფლად, მენჯ-ბარძაყის სახსარში მოხრილი და განზიდული ქვედა კიდურებით. ამ მიზნით, საჭიროა მშობელმა ჩაუფინოს ბავშვს ფართოდ დაკეცილი ბამბის რბილი ქსოვილი ან ე.წ. პამპერსი. ამის შედეგად, მსუბუქი ფორმის დისპლაზიის დროს, ბავშვთა უმრავლესობა თავისით იკურნება;
  • დაუშვებელია ახალშობილის აკვანში გაზრდა, სადაც ქვედა კიდურები მჭიდროდ არის მოზიდული და შემოჭერილი აქვს არტახები; საეჭვო ნიშნების აღმოჩენისას აუცილებელია ექიმ-ორთოპედის კონსულტაცია.
  • არასასურველია 1 წლამდე ბავშვის ფეხზე დაყენება და სიარული.

თუ ბავშვს ზემოთ ჩამოთვლილ საეჭვო ნიშნებს ამჩნევთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმ-ორთოპედს.

რა არის ტერფმრუდობა?

თანდაყოლილი ტერფმრუდობა შედარებით იშვიათი დაავადებაა. მისი დიაგნოსტიკა ადვილია, ვინაიდან დეფორმაცია თვალსაჩინოა. მკურნალობა სამშობიარო სახლიდანვე უნდა დაიწყოს ბავშვთა ორთოპედის მიერ რბილი შეხვევებითა და მასაჟით. თუ საჭირო გახდა, მკურნალობა გრძელდება თაბაშირის ეტაპური ნახვევით სრულ განკურნებამდე.

რა არის ბრტყელტერფიანობა?

ეს არის ტერფის დეფორმაცია, რომლის დროსაც არ არის გამოკვეთილი ტერფის თაღი. ბრტყელტერფიანობის დროს მყესები მოდუნებულია, სხეულის სიმძიმით გამოწვეული დატვირთვა არათანაბრად ნაწილდება ტერფზე და ხანგრძლივი სიარულის დროს იწვევს ბავშვის ადვილად დაღლასა და წვივის ტკივილს.

ბრტყელტერფიანობა აღენიშნება მოზარდთა 15% -ს.

რა ნიშნები ახასიათებს ბრტყელტერფიანობას ?

  •  ტერფზე არ არის გამოხატული თაღი და დეფორმაცია თვალსაჩინოა;
  •  სიარულისა და სირბილის დროს ბავშვი ადვილად იღლება;
  •  ხანგრძლივად სიარულისას ბავშვი აღნიშნავს ტკივილს ქვედა კიდურებში;
  •  აღინიშნება ფეხსაცმლის ფორმის დეფორმაცია;

რა ზომებს მივმართოთ ბრტყელტერფიანობის გამოსასწორებლად?

  •  ტერფის მყესების გასამაგრებლად საჭიროა ტერფის სისტემატური ვარჯიში: სიარული ფეხის წვერებზე, ფეხის ტერფის შუა მიდამოს მრგვალ ჯოხზე მრავალჯერ გადატარება;
  •  წვივის შიგნითა ჯგუფის კუნთების მასაჟი;
  •  კარგ შედეგს იძლევა ტყავის, მაღალყელიანი და 1_1,5 სმ სიმაღლის ქუსლიანი ფეხსაცმელი, რომელშიც ჩაფენილი იქნება ტერფის თაღის ამწევი, ე.წ. სუპინატორი;
  •  ბრტყელტერფიანობის გამოსწორებას ხელს უწყობს ცურვაც.

რა არის სქოლიოზი? 

მოზარდებში ძვლოვანი სისტემის დეფორმაციებიდან ყველაზე ხშირად სქოლიოზი გვხვდება. სქოლიოზი არის ხერხემლის სვეტის გამრუდება _ გვერდზე გადახრა. შემთხვევათა 80%-ში სქოლიოზის გამომწვევი მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება.

რა უწყობს ხელს სქოლიოზის განვითარებას?

  •  ხერხემლის სვეტის თანდაყოლილი ანომალიები;
  •  ნერვული, კუნთოვანი, ძვალ-სახსართა სისტემისა და სხვა დაავადებები;
  •  ხშირია ბავშვებში, რომელთა მშობლებსა და წინაპრებს აღენიშნებოდათ ხერხემლის დეფორმაცია;
  •  ხერხემლის ხანგრძლივი არათანაბარი დატვირთვა, არასწორი ჯდომა, მძიმე ტვირთის ტარება;
  •  ძლიერი ტკივილის გამო ხერხემლის ხანგრძლივი იძულებითი მდებარეობა;
  •  ერთ-ერთი ქვედა კიდურის სიმოკლე.

რა არის სქოლიოზის პირველი სიმპტომები?

  • სწორად დგომისას აღინიშნება სხეულის ცალკეულ ნაწილთა ასიმეტრია:
  •  ცალი მხარი მაღლა დგას მეორესთან შედარებით;
  •  ბეჭის ძვლები ასიმეტრიულია;
  •  მენჯი დაქანებულია;
  •  წელის წარმოსახვითი სამკუთხედები არათანაბარი ზომისაა.

როგორ ავიცილოთ სქოლიოზი?

  •  უნდა მოიხსნას ტკივილი, რამაც გამოიწვია ხერხემლის იძულებითი მდებარეობა;
  •  ერთ-ერთი ქვედა კიდურის სიმოკლე კომპენსირებული უნდა იქნეს ფეხსაცმლის ქუსლის ამაღლებით;
  •  ბავშვი უნდა იწვეს მყარ, სწორ ზედაპირიან საწოლზე
  •  სკოლაში ბავშვი უნდა ატარებდეს ზურგჩანთას;
  •  მერხის სიმაღლე უნდა შეესაბამებოდეს ასაკსა და ფიზიკურ განვითარებას, წერა-კითხვის დროს იჯდეს გამართული და მეცადინე-ობდეს განათებულ ოთახში ; ბავშვი სისტემატიურად უნდა აკეთებდეს დილის გამამხნევებელ ვარჯიშს, რაც ხელს უწყობს სწორი ტანდეგობის ჩამოყალიბებას;
  •  კარგ შედეგს იძლევა ცურვა;
  • სწრაფი ზრდის პერიოდში (7 – დან 14 წლამდე) აუცილებელია ექიმ-ორთოპედის მეთვალყურეობა, პერიოდულად, ექიმის შეხედულებისამებრ, საჭიროა პროფილაქტიკური გასინჯვა.

თუ მშობელი აღნიშნული სახის დეფორმაციებს შეამჩნევს ბავშვს, აუცილებელად უნდა მიმართოს ექიმ-ორთოპედს. ადრეულ სტადიაში დაწყებული მკურნალობა ხელს უწყობს დეფორმაციის პროგრესირების შეჩერებას.

აღებულია: http://www.genesis.org.ge/brochure1/brochure1.htm; >> ბავშვი


..