ზოგადი გაუტკივარება

..

ზოგადი გაუტკივარება – (სტომატ.) ფარმაკოლოგიური საშუალებებით ან ფიზიკური, ფსიქიკური ან სხვა ფაქტორებით გამოწვეული შექცევადი შეფერხების მდგომარეობა ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. ნარკოზის ჩვენებებია: ალერგია და მომატებული მგრძნობელობა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მიმართ; ადგილობრივი გაუტკივარების უეფექტობა ან შეუძლებლობა (ნაწიბურიანი ქსოვილები, ჩირქოვანი ანთების კერები და ა.შ.); ავადმყოფის ლაბილური ფსიქიკა (გაურკვეველი შიში ჩარევის წინ, სტომატოლოგიური სავარძლის და ინსტრუმენტების შიში); ავადმყოფის არასრულფასოვანი ფსიქიკა (ოლიგოფრენია, გადატანილი მენინგიტის შედეგები და ა.შ.); ოპერაციული ჩარევის მაღალი ტრავმატიზმი; ოპერაციული ჩარევა ნარკოზის უკუჩვენებებია: პარენქიმული ორგანოების მწვავე დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა დეკომპენსაციის სტადიაში, მიოკარდიუმის ინფარქტი და პოსტინფარქტული პერიოდი 6 თვემდე, პოსტინფარქტული სინდრომი, გამოხატული ანემია, ბრონქული ასთმის მძიმე ფორმა, ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობა, თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები (ფეოქრომოციტომა და სხვ.), გლუკოკორტიკოიდების ხანგრძლივი მიღება, ზედა სასუნთქი გზების მწვავე ანთებითი დაავადებები, პნევმონია, გამოხატული თირეოტოქსიკოზი, არაკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტი, ეპილეფსიის ხშირი შეტევები, სავსე კუჭი.  ნარკოზი არის ინჰალაციური და არაინჰალაციური. ინჰალაციურის დროს თხევადი ან აიროვანი ზოგადი საანესთეზიო საშუალებები (დიეთილის ეთერი, ფტოროტანი, ტრიქლორეთილენი, პენტრანი, ქლოროფორმი) ან ნარკოტიკული აირები (აზოტის ქვეჟანგი, ციკლოპროპანი) შეყავთ ფილტვებში. ხორციელდება ცხვირ-პირის ან ცხვირის ნიღბით (ნიღბით ნარკოზი), ნაზოფარინგეული მილით (ნაზოფარინგეული), ენდოტრაქეული მილით, როდესაც ზედა სასუნთქი გზების გვერდის ავლით სანარკოზე ნარევი უშუალოდ ტრაქეასა და ბრონქებში ხვდება (ენდოტრაქეული ანუ ინტუბაციური ნარკოზი). ინჰალაციური ნარკოზის უპირატესობაა კარგი მართვა.  არაინჰალაციური ნარკოზის დროს ზოგადი საანესთეზიო საშუალება შეყავთ ვენაში, სწორ ნაწლავში. იყენებენ ჰექსენალს, თიოპენტალ-ნატრიუმს, პროპანიდიდს (სომბრევინი, ეპონტოლი), ბაიტინალს, ვიადრილს, ნატრიუმის ოქსიბუტირატს, კეტამინს და სხვ. შეიძლება ჩატარდეს ერთი (მონონარკოზი, ერთკომპონენტიანი) ან ორი და მეტი საანესთეზიო საშუალებით (მრავალკომპონენტიანი) და სხვა სამკურნალო ნივთიერებებთან ერთად (კომბინირებული, შერეული ნარკოზი).

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>

Share this...Share on Facebook
Facebook