ლეიკოპლაკია (leucoplakia)

..

ლეიკოპლაკია (leucoplakia) – (სტომატ.) ლორწოვანი გარსების ქრონიკული დაავადება. აღინიშნება ეპითელიუმის მომატებული გარქოვანება და ლორწოვანი გარსის ანთება. ძირითადად, მდებარეობს ტუჩის წითელ არშიაზე და პირის ღრუს ლორწოვანზე. იშვიათად, ზიანდება საყლაპავის, სასქესო ორგანოების, სწორი ნაწლავისა და სხვ. ლორწოვანი გარსები. ძალიან იშვიათად გვხვდება ბავშვებში. დაავადება, ძირითადად, ვითარდება საშუალო და უფროსი ასაკის პირებში, უპირატესად მამაკაცებში, მათში მავნე ჩვევების, უპირველეს ყოვლისა, მწეველობის მაღალი სიხშირის გამო. ლეიკოპლაკია ფაკულტატური პრეკიბოა. ეტიოლოგია: მთავარ როლს ადგილობრივი გამღიზიანებლები ასრულებენ. ეპითელიუმის გარქოვანება ვითარდება, როგორც ლორწოვანი გარსის დამცველობითი რეაქცია. ზოგადი დაავადებები და კონსტიტუცია ფონს ქმნის ლეიკოპლაკიის განვითარებისთვის. ყველაზე ხშირი მიზეზია მწეველობა, მისი განვითარების სიხშირე მოწეული თამბაქოს რაოდენობის პირდაპირპროპორციულია. მოქმედებს სითბო, ფისების, ამიაკისა და ფენოლების ნაერთები თამბაქოს კვამლში. სხვა გარეგანი გამღიზიანებლებიდან მნიშვნელოვანია ძალიან ცხელი ან მწარე საკვების, მაგარი ალკოჰოლური სასმელების მიღება, თამბაქოს ღეჭვა, ცუდი მეტეოროლოგიური პირობები (სიცივე, ქარი, ძლიერი ინსოლაცია). ხანგრძლივად არსებული სუსტი მექანიკური ტრავმები ხელს უწყობს ლეიკოპლაკიის განვითარებას. პირის ღრუში ხშირია კბილებისა და პროთეზების კიდეებით ტრავმები არასწორი თანკბილვის, არასრულყოფილი პროთეზების გამო. ლეიკოპლაკია შეიძლება განვითარდეს ქვედა ყბის ღრძილზე, ზედა მესამე მოლარის შეხების ადგილზე, ქვედა მესამე მოლარის არარსებობის დროს, ქვედა ტუჩზე – (სტომატ.) დაბალი თანკბილვისა და ზედა საჭრელებით ტრავმის დროს. ზოგჯერ ამალგამას ბჟენები ლორწოვან გარსთან შეხების ადგილებში იწვევენ გარქოვანებას და ანთებას. ამალგამას ბჟენების ცემენტის ბჟენებით შეცვლისას პათოლოგიური კერა სწრაფად ქრება (2 დღიდან რამდენიმე კვირაში). გალვანური დენები სხვადასხვა ლითონისგან დამზადებული პროთეზებისა და ბჟენების არსებობის დროს ხელს უწყობს ლეიკოპლაკიის განვითარებას. რომელიმე გამღიზიანებლის მნიშვნელობას ადასტურებს მისი მოცილების შემდეგ ლეიკოპლაკიის გაქრობა. ის შეიძლება განვითარდეს, როგორც პროფესიული დაავადება. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>

Share this...Share on Facebook
Facebook