მიჩვევა პროთეზთან

..

მიჩვევა პროთეზთან – (სტომატ.) რთული ფსიქოლოგიური და ნერვულ-რეფლექსური პროცესი. პროთეზის ჩასმის შემდეგ ვითარდება უცხო სხეულის გამოძევების უპირობო დამცავი რეფლექსი. ჩნდება ჭარბი ნერწყვის გამოყოფა, გულისრევა. დროთა განმავლობაში უპირობო რეფლექსი ქრება ახალი პირობითი რეფლექსების გაჩენით. პროთეზის საპასუხო რეაქცია ფერხდება და ქრება. ამას საფუძვლად უდევს ქერქისმიერი შეფერხება, რაც გამოიხატება აგზნებადობისა და გამტარებლობის დათრგუნვაში, დაქვეითებაში. ადაპტაციის შემდეგი ეტაპია ენის, ტუჩების ახალი მიზანმიმართული მოძრაობების ჩამოყალიბება ბგერების წარმოქმნის დროს. ვითარდება მიჩვევა პირის ღრუს ახალ მოცულობასა და მოხაზულობასთან. შემდეგ იწყება საღეჭი კუნთების მიჩვევა ახალ ალვეოლათშორის სიმაღლესა და ახალ ოკლუზიურ ურთიერთკავშირთან. მომატებული ალვეოლთაშორისი სიმაღლისა და ქვედა ყბის გადაადგილების დროს იცვლება მანძილი საღეჭი კუნთების მიმაგრების ადგილებს შორის. ეს იწვევს მათი ტონუსის მომატებას (მიოსტატიკური რეფლექსი), რომელიც გარკვეული დროის შემდეგ წესრიგდება. გამომუშავდება ქვედა ყბის გამიზნული ფუნქციური მოძრაობები, რაც საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის მოძრაობებს ნორმაში აბრუნებს. ექიმი ავადმყოფს ეხმარება ფსიქოთერაპიულად და ბაზისის კიდეების და ოკლუზიური ურთიერთობების კორექციით. ფიზიოლოგიურის გარდა, ხდება ფსიქოლოგიური ადაპტაცია – (სტომატ.) პროთეზისადმი ზიზღისა და სირცხვილის გრძნობის მოხსნა. ქვეითდება ამასთან დაკავშირებული გაღიზიანებადობა, იხსნება დაბრკოლება ურთიერთობის სფეროში. პაციენტი აღარ ფიქრობს პროთეზზე. ეს  ავადმყოფების უმრავლესობაში მოტივაციისა და ნებისყოფის გავლენით ხდება. ზოგიერთ პაციენტში კი ვითარდება ფსიქიკური დეზადაპტაციისთვის დამახასიათებელი სიმპტომთა კომპლექსი და ავადმყოფი აღარ იყენებს პროთეზს. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>

Share this...Share on Facebook
Facebook