საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარი (articulatio temporo-mandibularae)

..

საფეთქელ – ქვედა ყბის სახსარი (articulatio temporo-mandibularae) – (სტომატ.) შედგება საფეთქლის ძვლებზე მდებარე სასახსრე ფოსოებისა (fossa mandibularis) და ქვედა ყბის სასახსრე თავებისგან. თითოეულ შესახსრებას აქვს სახსარშიდა ხრტილი-დისკო, სასახსრე ჩანთა, იოგოვანი აპარატი. საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ელემენტების ფორმა ინდივიდუალურია. ზრდასრული ადამიანის სასახსრე ფოსოები ელიფსისებრია, წინიდან შემოფარგლულია სასახსრე ბორცვების უკანა ზედაპირებით, უკნიდან planum tympanicum-ით (მათ გამოყოფს გარეთა სასმენი მილიდან), ზემოდან თხელი ძვლოვანი შრით (მათ ტვინის ღრუდან გამოყოფს). სასახსრე ფოსო სასახსრე თავზე 2-3-ჯერ დიდია, რაც განაპირობებს სასახსრე თავის (caput mandibniae) დიდ ექსკურსიას. სასახსრე ჩანთა იყოფა ხრტილით ამოფენილ წინა ინტრაკაფსულურ და fissura Glaseri-ს უკან მდებარე უკანა ინტრაკაფსულურ ნაწილად. სასახსრე ჩანთის წინა ნაწილია სასახსრე ბორცვი tuberculum articularae – (სტომატ.) ყვრიმალის მორჩის ძვლოვანი ტოტი. ბორცვზე მოძრაობს სასახსრე თავი. ზრდასრულ ადამიანში სასახსრე ზედაპირი დახრილია ქვევით და წინ, დაახლოებით 350კუთხით. სასახსრე ბორცვის ფორმა მნიშვნელოვნად მერყეობს. არსებობს 3 ფორმის: ბრტყელი, საშუალო და დახრილი. სასახსრე თავები განივად მდებარე ელიფსისებრი მორგვებია. მათი გრძელი კონვერგირებადი ღერძები იკვეთებიან კეფის ხვრელის წინა კიდესთან ბლაგვი, ცვალებადი კუთხით, რომელიც საშუალოდ 150-1600-ია. თავების წინა ზედა ზედაპირი, რომელიც სასახსრე ნაწილია, დაფარულია ხრტილით. მიუხედავად იმისა, რომ სასახსრე თავი სახსრის კაფსულის შიგნით მდებარეობს, მხოლოდ ის ესახსრება სასახსრე ბორცვს – (სტომატ.) სასახსრე ფოსოს წინა კედელს. ამიტომ, ღეჭვითი დატვირთვა სასახსრე ფოსოს თაღის თხელ ფირფიტას, რომელიც სახსარს ტვინის ღრუდან გამოყოფს, არ გადაეცემა. სახსარშიდა დისკო (discus articularis) ორმხრივ ჩაზნექილი ხრტილია. აგებულია უხეშბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილით, რომლის ბოჭკოების კონებიც ერთმანეთშია გადახლართული სხვადასხვა მიმართულებით. დისკო უკან უფრო სქელია, კიდეებთან შეზრდილია სასახსრე ჩანთასთან და სასახსრე ღრუს ორ: ზედა-წინა და ქვედა-უკანა ნაწილად ჰყოფს. ქვედა ზედაპირით დისკო სასახსრე თავს ეხება და მასთან ერთად გადაადგილდება,  ზეწოლისას იმეორებს მიმდებარე ზედაპირის ფორმას. დისკოს გასქელებული უკანა კიდე ავსებს სასახსრე ფოსოს ჩაღრმავებას სასახსრე თავის უკან. დისკოს შიგნითა ზედაპირზე მიმაგრებულია m. pterigoideus externus-ის ზედა კონის მყესოვანი ბოჭკოები, რომელიც შეკუმშვისას გადააადგილებს დისკოს. სასახსრე დისკო რბილი სარჩულია და ახდენს შემხებ მყარ სასახსრე ზედაპირებზე მოქმედი ღეჭვითი ძალის ამორტიზაციას. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>

Share this...Share on Facebook
Facebook