ნეიტრალური ზონა

..

ნეიტრალური ზონა – (სტომატ.) ზედა ყბაზე ლორწოვანი გარსის გადახრის ზონა (გარდამავალი ნაოჭი), სადაც შეიძლება სარქვლის წარმოქმნა. ხასიათდება ლორწოვანი გარსის შედარებით მცირე მოძრაობით და კარგი დამყოლობით. ტერმინით „ნეიტრალური ზონა" სპეციალურ ლიტერატურაში აღინიშნება პროთეზის პერიფერიული საზღვრების მდებარეობა უკბილო ყბაზე, რაც სწორი არ არის. სიტყვა „ნეიტრალური" (neutralis) წარმოდგება ლათინური სიტყვისგან neuter, რაც ნიშნავს „არც ის, არც სხვა". შედეგად, ტერმინით „ნეიტრალური ზონა" უნდა აღინიშნოს ისეთი წარმონაქმნი, რომელსაც არ აქვს ფუნქციური მნიშვნელობა ანუ პასიურია. უკბილო ყბაზე პროთეზის ფიქსაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნეიტრალურ ზონაში მდებარე ქსოვილები პასიური კი არ არის, არამედ მჭიდროდ ებჯინება პროთეზის პერიფერიულ კიდეებს და წარმოქმნის სარქველს, ანუ ნეიტრალური ზონის ქსოვილები უნდა განიხილოს, როგორც მორფოლოგიური და ფუნქციური წარმონაქმნი, რადგან ისინი აქტიურად მოქმედებენ. ამიტომ, სარქვლის წარმოქმნაში მონაწილე ქსოვილებს ზუსტად ახასიათებს ტერმინი „სარქვლოვანი ზონა" (ვ.ი. კურლიანდსკი). ზედა ყბის ნეიტრალური ზონა ვესტიბულური მხრიდან გაივლის გარდამავალ ნაოჭზე, სასის მხრიდან მდებარეობს მაგარი სასის რბილ სასაში გადასვლის ადგილზე. ორთოპედიულ სტომატოლოგიაში ამ უბანს ეწოდება A ხაზი. ეს დასახელება მომდინარეობს იქიდან, რომ „ა" ბგერის წარმოთქმისას რბილი სასა წამოიწევა და გამოკვეთს მაგარ სასაში მის გადასვლის ადგილს. A ხაზი კარგად განისაზღვრება ცხვირე ხელის მოჭერისა და ღია პირით ცხვირში ჰაერის ჩაბერვისას. ამ დროს რბილი სასა წინ გადაიხრება, წარმოქმნის მოხრილობას მაგარ სასაში გადასვლის ადგილზე. ქვედა ყბის ნეიტრალური ზონა იყოფა ვესტიბულურ, მოლარების უკანა, ენისკენა და ალვეოლის უკანა ნაწილებად. ნეიტრალური ზონის ვესტიბულური ნაწილი ემთხვევა გარდამავალ ნაოჭს. მოლარების უკანა (regio retromolaris) ნაწილი მდებარეობს სიბრძნის კბილების უკან. ენისკენა საზღვარი გადის ყბა-ენისქვეშა ხაზზე (linea mylohyoidea), ალვეოლის უკანა ნაწილის საზღვარია (regio retroalveolaris) ქვედა ყბის შიგნითა კუთხის ზედაპირი.    (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>