პულპა (ლათ. pulpis dentis)

..

პულპა (ლათ. pulpis dentis) – (სტომატ.) რბილი ფაშარი ქსოვილი, რომელიც ავსებს კბილის ღრუს (ლათ. cavitas dentis). შედგება დიდი რაოდენობით სისხლძარღვებისა და ლიმფური ძარღვების, ნერვების შემცველი ფაშარი შემაერთებელი ქსოვილისგან. პულპის პერიფერიაზე მდებარეობს ოდონტობლასტების რამდენიმე შრე, რომელთა მორჩებიც აღწევენ დენტინის მილაკებით დენტინის მთელ სისქეში და ახორციელებენ ტროფიკულ ფუნქციას. ოდონტობლასტების მორჩების შემადგენლობაში შედის ნერვული წარმონაქმნები, რომლებიც ატარებენ ტკივილის შეგრძნებას დენტინზე მექანიკური, ფიზიკური და ქიმიური ზემოქმედების დროს. პულპის სისხლის მიმოქცევა და ინერვაცია ხორციელდება ყბების შესაბამისი არტერიებისა და ნერვების კბილის არტერიული და ნერვული ტოტებით. სისხლძარღვოვან-ნერვული წნული კბილის ღრუში ფესვის არხის ხვრელიდან აღწევს და იშლება არტერიებისა და ნერვების უფრო წვრილ ტოტებად. პულპა ხელს უწყობს რეგენერაციული პროცესების სტიმულაციას, რომლებიც ვლინდება ჩანაცვლებითი დენტინის წარმოქმნით კარიესული პროცესის დროს. გარდა ამისა, პულპა ბიოლოგიური ბარიერია, ხელს უშის მიკროორგანიზმების შეღწევას კარიესული ღრუდან ფესვის არხის გავლით კბილის გარეთ პერიოდონტში. პულპის ნერვული წარმონაქმნები არეგულირებენ კბილის კვებას, კბილის მიერ სხვადასხვა გამღიზიანებლების, მათ შორის ტკივილის აღქმას. ვიწრო აპიკალური ხვრელი და ჭარბი სისხლძარღვები და ნერვები ხელს უწყობენ ანთებითი შეშუპების სწრაფად გაზრდას და ნერვულ წარმონაქმნებზე ზეწოლას მწვავე პულპიტის დროს, რის გამოც ვითარდება ძლიერი ტკივილი. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>