ჯაგრისი კბილის

..

ჯაგრისი კბილის – (სტომატ.) ე.წ. კბილთაშორისი (ინტერპროქსიმალური) ჯაგრისები. ცილინდრული ან კონუსური ფორმის ჰიგიენური საშუალება ფართო კბილთაშორისი შუალედების, მოუხსნელი ორთოდონტული რკალების (კერძოდ, ბრეკეტების) ქვეშ სივრცეების, ხიდისებრი პროთეზების გამოსარეცხი ნაწილების ქვეშ უბნების და ჩანერგილ იმპლანტატებსა და პროთეზებს შორის სივრცეების, ასევე კბილების გაშიშვლებული ბიფურკაციებისა და ტრიფურკაციების  გასაწმენდად. აღწერილი სიტუაციების დროს ჯაგრისი პირის ღრუს ჰიგიენის აუცილებელი საშუალებაა. ის მზადდება თხელი მავთულის ფუძეზე ფიქსირებული ნეილონის ჯაგარისგან. განსხვავდება ჯაგარის ზომით (ჯაგარის, მავთულის დიამეტრით, ჯაგარის სიგრძით) და სიხისტით. სამუშაო ნაწილის ზომის მიხედვით მარკირება ხორციელდება ან მისი დიამეტრის მითითებით, ან სპეციალური აღნიშვნით (მაგ., fine (თხელი), X-fine (ძალიან თხელი), თხელ-, საშუალო – და მსხვილკონუსური). ტრაპეციული ჯაგრისისთვის დიამეტრი მიეთითება ფუძესთან და სამუშაო ნაწილის კიდესთან: მაგ., კონუსი 3-7 მმ. სამუშაო ნაწილის დიამეტრი შეიძლება მერყეობდეს 1,7-14 მმ-მდე ან უფრო დიდ ფარგლებში. ასევე აღინიშნება ჯაგარის სიხისტე. ყველაზე რბილი ჯაგარი გამოიყენება კბილის მაგარი ქსოვილების მომატებული მგრძნობელობის მქონე პირებში და ჩანერგილი იმპლანტატების გასაწმენდად (ამით ავიცილებთ მათი ზედაპირის მიკროტრავმებს). შემუშავებულია სპეციალური ზონდები ჯაგარის საჭირო ზომის განსაზღვრისთვის. ზონდი არის გრადუირებული კონუსისმაგვარი ღერო დამჭერზე. ზონდი შეყავთ გასაწმენდ სივრცეში. შუალედში მოთავსებული ღეროს ფერის მარკირება მიუთითებს მის ზომაზე და შესაბამისად, ინტერდენტალური ჰიგიენის საგნის ზომაზე. ჯაგარი შეიძლება დამაგრდეს სპეციალურ დამჭერზე, რომელიც მის საკმარის ფიქსაციას და სწრაფ ცვლას უზრუნველყოფს, ან დამაგრდეს სპეციალურ მფარავ ფუტლარზე. ამ უკანასკნელ შემთხვევაში შესაძლებელია ჯაგარის ღეროს მოხრა მოხერხებული გაწმენდისთვის. ასევე არსებობს ელექტრული კბილის ჯაგრისების მსგავსი ავტომატური ელექტრული სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჯაგარის წინა-უკანა და ბრუნვით მოძრაობებს. ამ დროს ჯაგარის ხაოები კარგად ამასაჟებს ღრძილის პაპილარულ და მარგინულ ნაწილებს. პირის ღრუს ჰიგიენის საშუალებების აღწერილ ჯგუფს ასევე შეიძლება მივაკუთვნოთ ღრუბლისებრი რბილი „ჯაგრისები", რომლებიც იგივე მიზნით გამოიყენება. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>