ჰერპესი ჩვეულებრივი (მარტივი)

..

ჰერპესი ჩვეულებრივი ( მარტივი ) – (სტომატ.) ადამიანის ყველაზე გავრცელებული ვირუსული დაავადებაა. იწვევს მარტივი ჰერპესის ვირუსი, რომელიც აღინიშნება მოზრდილთა 75-90%-ში. ინფექციის წყაროა ავადმყოფები და ვირუსმტარებლები. პირველადი ინფიცირება, ძირითადად, ხდება სიცოცხლის 6 თვის შემდეგ, რადგან ამ დრომდე მრავალი ახალშობილის სისხლში არის დედის იმუნური სისტემიდან მიღებული ანტისხეულები. სიცოცხლის პირველ თვეებში დაავადება ძალიან იშვიათია და იწვევს კანის, ლორწოვანი გარსების, ღვიძლის, თავის ტვინის, თვალებისა და სხვა ორგანოების მძიმე გენერალიზებულ დაზიანებას. მარტივი ჰერპესით, ძირითადად, ავადდებიან 6 თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვები. 3 წლის შემდეგ პირველადი ინფიცირება იშვიათია, მაგრამ პირველადად მოზრდილებიც ავადდებიან. პირველადი ინფიცირება ხშირად სუბკლინიკურად ან უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მარტივი ჰერპესის ვირუსი ორგანიზმში მოხვედრისას რჩება მთელი ცხოვრების მანძილზე. კლინიკურად ჰერპესული ინფექცია პირის ღრუში გამოვლინდება 2 ფორმით: პირველადი ჰერპესული ინფექციით – (სტომატ.) მწვავე ჰერპესული სტომატიტით (პირველადი ჰერპესი) და ქრონიკული მორეციდივე ჰერპესით (მორეციდივე ჰერპესული სტომატიტი). (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>