ბოთლისმიერი კარიესი

ბოთლისმიერი კარიესი და მისი მკურნალობა

ჩვილი ბავშვების კბილების გავრცელებული დაავადებაა ე.წ. “ბოთლისმიერი კარიესი”. მისთვის დამახასიათებელია ბავშვის წინა 4-6 კბილის გამუქება და დაზიანება კარიესული პროცესით. თუ ბოთლისმიერი  კარიესი დროულად არ იქნა ნამკურნალები, შეიძლება განვითარდეს დაზიანებული კბილების პულპიტი და პაროდონტიტი. >>>

დაავადების მიზეზებია:

ბავშვის კვება ტკბილეულით საღამოს და ღამით;

ბავშვის პირის ღრუს არადამაკმაყოფილებელი მოვლა;

ბავშვი არ გადის სისტემატურ კონტროლს სტომატოლოგთან.

ტკბილეულში შემავალი ნახშირწყლები რჩება ბავშვის კბილებზე და იწვევენ კარიესის განვითარებას. თუ ბავშვი მათ გადამეტებული რაოდენობით მოიხმარს, ბოთლისმიერი კარიესისა და პირის ღრუს სხვა დაავადებების აცილება შეუძლებელია. მშობლებმა აუცილებლად უნდა შეადგინონ ბავშვის კვების სწორი რეჟიმი, სათანადოდ მოუარონ ბავშვის კბილებს და ასწავლონ ეს წესები თავად ბავშვს. გარდა ამისა, არ უნდა დაივიწყონ ბავშვთა სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტები. სტომატოლოგს უნდა მიმართოთ ბავშვის სიცოცხლის პირველივე წელს. ექიმმა მშობლებს აუცილებლად უნდა ასწავლოს, როგორ მოუარონ სწორად ბავშვის კბილებს.

კარიესის პროფილაქტიკისთვის არ ამოავლოთ საწოვარა სიროფში ან თაფლში. არ გალოკოთ საწოვარა ბავშვის კვების წინ – ამ მოქმედებით ბავშვს გადასცემთ თქვენს ბაქტერიებს, რომლებსაც ბავშვის ორგანიზმი შეიძლება ვერ გაუმკლავდეს. ჭამის შემდეგ აუცილებლად გამოუსუფთავეთ პირის ღრუ მარლის ტამპონით.

ვერცხლი კბილებზე

ბოთლისმიერი კარიესით დაზიანებული კბილები ძალიან სწრაფად ფუჭდება. მათი მკურნალობის ყველაზე გავრცელებული მეთოდია კბილების მოვერცხვლა. ვერცხლს აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება, რის შედეგადაც კბილების კარიესით დაზიანება სტაბილიზდება. მაგრამ პროცედურის შემდეგ სარძევე კბილები შავდება და ამ ფერის რჩება, ვიდრე არ შეიცვლება მუდმივი კბილებით. ასეთი კბილები, რა თქმა უნდა, ესთეტიკური არ არის. ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ ამის გამო ბავშვს შეიძლება კომპლექსი ჩამოუყალიბდეს, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის ხასიათსა და ადამიანებთან ურთიერთობაზე უფრო მოზრდილ ასაკში.

კბილების მოვერცხვლის პროცედურა ყოველთვის სასარგებლო მეთოდი არ არის. სტომატოლოგები ასეთ პროცედურას მიმართავენ მხოლოდ ზედაპირული კარიესის დროს. თუ კარიესულმი პროცესმა კბილში ღრმად შეაღწია, მაშინ კბილების მოვერცხვლა უსარგებლო აღმოჩნდება, კბილები მაინც დაიშლება.

 რემინერალიზაცია

მოვერცხვლის ალტერნატივა არის რემინერალიზაციური მკურნალობა. ამ შემთხვევაში სტომატოლოგი ასე იქცევა: ჯერ აცილებს კბილის ნადებს, შემდეგ კი კბილებს ამუშავებს სპეციალურად მომზადებული, მინერალური ნივთიერებების შემცველი ხსნარებით (კალციუმის, ფოსფორის, ფტორის ელექტროფორეზი). ასეთი პროცედურის შემდეგ დაზიანებული მინანქარი აღდგება. თუ კარიესი უფრო ღრმაა, მიმართავენ კლასიკურ დაბჟენას. სარძევე კბილები იმსახურებენ ისეთივე ყურადღებას, როგორც მუდმივები.

უკვე მერამდენედ გაფრთხილებთ ყველა მშობელს, რომ სარძევე კბილებიც საჭიროებენ სტომატოლოგიურ მკურნალობას! არ იფიქროთ, რომ სარძევე კბილები შეიცვლება მუდმივი კბილებით და ყველაფერი კარგად იქნება. ეს შეცდომაა! თუ არ უმკურნალებთ სარძევე კბილებს, მუდმივ კბილებს დაზიანების რისკის ქვეშ აყენებთ. რეგულარულად ჩაუტარეთ ბავშვს პროფილაქტიკური დათვალიერება სტომატოლოგთან – ადრეულ ასაკში ბავშვი სტომატოლოგთან უნდა მიიყვანოთ 3 თვეში ერთხელ.

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

______________________________________

გადასვლა >>> ,,სტომატოლოგია”

გადასვლა >>> ,,ბავშვი”

..