მავნე ჩვევები

პირველი მავნე ჩვევები

ბავშვების სხვადასხვა მავნე ჩვევებია: თითის ან მატყუარას წოვა, კბილების კრაჭუნი ძილში, სხვადასხვა საგნების ღრღნა.
ეს ჩვევები არაესთეტურია, უსიამოვნოა უფროსებისთვის, მაგრამ მათი ყველაზე დიდი საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ხელს უშლიან კბილებისა და ყბების სწორ ზრდასა და განვითარებას. რატომ ჩნდება მავნე ჩვევები და როგორ მოვიცილოთ ისინი? 


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

ყველა მავნე ჩვევა თავისებური კომპენსაციაა – ისინი ამცირებენ შფოთვის შეგრძნებას. ყველაზე ხშირად მავნე ჩვევები აღინიშნება იმ ბავშვებში, რომლებიც განიცდიან მშობლებთან ურთიერთობის დეფიციტს, არ ჰყოფნით მოფერება. როდესაც გვერდით არ არის დედა, რომელიც ბავშვს დაამშვიდებს და ჩაეხუტება, ბავშვი გამოსავალს პოულობს სიტუაციიდან: იწყებს თითის წოვას ან ტუჩის მოკვნეტას, ფანქრის ღრღნას ან ძილში კბილების კრაჭუნს. ეს ჩვევები ათავისუფლებენ შიშებისგან, ყურადღება გადააქვთ და თვითდამშვიდების ერთგვარი საშუალება ხდება ბავშვისათვის.
თითოეული მავნე ჩვევის საფუძველი ყოველთვის უნდა ვეძებოთ ფსიქოლოგიაში, ბავშვსა და მშობლებს შორის მტკიცე ემოციური კავშირების არარსებობაში. ეს უნდა გვახსოვდეს.
მაგრამ, ხშირად მშობლები ნაადრევად ატეხენ განგაშს. რადგან მრავალი მავნე ჩვევა ხშირად დაკავშირებულია ბავშვების ასაკთან და მათი განვითარების განუყოფელი ნაწილია, არ უნდა გადავამეტოთ მათი მნიშვნელობა.

N1 მავნე ჩვევა – თითის წოვა 

მრავალი მშობელი უჩივის იმას, რომ მათი ბავშვები თითს წოვენ ძილის ან სიფხიზლის დროს. ეს ყველაზე გავრცელებული მავნე ჩვევაა მთელს მსოფლიოში. თუმცა, მასში საშინელი არაფერია, თუ ბავშვი 4 წლამდე ასაკისაა. ეს პატარებისთვის ნორმაც კი არის, რადგან ისინი თითს წოვენ ჯერ კიდევ დაბადებამდე. ეს სამყაროს შეცნობის ერთ-ერთი მეთოდია.
მაგრამ, თუ ბავშვი თითის წოვას აგრძელებს 4 წლის შემდეგაც, ეს უკვე ბავშვის მომატებული მოუსვენრობის, ნერვოზულობის ბრალია. ამავდროულად, თითის წოვამ შეიძლება გამოიწვიოს კბილების წინ გადახრა, მათი არასწორი ზრდა. ამიტომ, ეს რომ არ მოხდეს, საჭიროა დროული შველა. არსებობს მრავალი სასარგებლო რჩევა. მაგალითად, შეიძლება თითის შეხვევა ბინტით, ცოტა მდოგვის წასმა თითზე ან სპეციალური ხელთათმანის გამოყენება.
მთავარია არ უყვიროთ, არ დატუქსოთ ბავშვი და არ ეცადოთ მისთვის ამ ჩვევის უხეშად დაშლას. უმჯობესია, ლამაზად მოუთხროთ თუ რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს თითის წოვამ: გამრუდებული, წინ გადმოხრილი კბილები, სხვა თითებისგან გამორჩეული თხელი თითი და ა.შ.

N2 მავნე ჩვევა – საწოვარას წოვა

ეს ჩვევა ჩნდება წოვის მომატებული აქტიურობისა და არასაკმარისი ძუძუთი კვების შედეგად, თუმცა ძალიან გახანგრძლივებულმა ძუძუთი კვებამაც შეიძლება ხელი შეუწყოს მავნე ჩვევის განვითარებას.
ფსიქოლოგიური ფაქტორები იგივეა, რაც თითის წოვის შემთხვევაში: ბავშვი გრძნობს დაუცველობას, მოუსვენრობას და სიმშვიდეს ჰპოვებს წოვის თანდაყოლილ რეფლექსში.
რატომ არის საშიში კბილებისთვის საწოვარას წოვა? რისკი შემდეგია: ქვედა ყბის გადაადგილება კბილთა ქვედა რკალის წინა ნაწილის გასქელებით, ღია თანკბილვა ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად.
ამ ჩვევისგან გათავისუფლება უფრო ადვილია, ვიდრე თითის წოვისგან. საკმარისია საწოვარა დამალოთ და აუხსნათ ბავშვს, რომ იგი უკვე დიდი ბიჭია (გოგოა), ხოლო დიდებმა არ უნდა ითამაშონ საწოვარათი. ხშირად, საკმარისია, რომ ერთ-ერთი მშობელი ბავშვს გვერდით ჩამოუჯდეს საწოლზე, გაესაუბროს მას ძილის წინ, რომ ბავშვი დამშვიდდეს და დაიძინოს.
თუ მოლაპარაკებები არ ჭრის და ბავშვი გადაერთვება თითის წოვაზე, მიმართეთ სტომატოლოგს. იგი გირჩევთ სპეციალური მოწყობილობის ტარებას, რომელიც ხელს უშლის ბავშვს თითის ან საწოვარას წოვაში და გადააჩვევს მას ამ მავნე ჩვევას.

N3 მავნე ჩვევა – კალამის/ფანქრის დაღრღნა

კალამის ღრღნა, ძირითადად, აღინიშნება იმ ბავშვებში, რომლებიც არ არიან თავის თავში დარწმუნებულნი. მაგალითად, სკოლაში, გაკვეთილზე ბავშვს ეშინია არასწორი პასუხის გაცემა და იწყებს კალამის ღრღნას.
არის სხვა მიზეზიც: ზოგიერთი ბავშვი ღრღნის ხელთ არსებულ საგნებს, როდესაც მოწყენილია ან რაღაცით აგზნებული.
ამ ჩვევამ შეიძლება გამოიწვიოს ზედა საჭრელების დაშორება, ქვედა საჭრელების შემჭიდროვება, ქვედა ყბის გადაადგილება.

N4 მავნე ჩვევა – კბილების კრაჭუნი ძილში 

ეს ჩამოთვლილი მავნე ჩვევებიდან ყველაზე რთულია. მას ბრუქსიზმი ეწოდება. რა იფარება შუაღამისას კბილების კრაჭუნის საზარელი ხმის უკან? ზუსტი პასუხი არ არსებობს. სავარაუდოდ, ნერვოზულობა და მომატებული მოუსვენრობა.
არსებობს ბრუქსიზმის საწინააღმდეგო რამდენიმე მეთოდი. შეიძლება ბავშვს ვეთამაშოთ ძილის წინ, ვაჭამოთ ცოტა მაგარი საკვები, ზოგადად ვესაუბროთ, ანუ გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ყბის კუნთები დაიღალოს და ღამით ბავშვს არ გაუჩნდეს კბილების კრაჭუნის სურვილი.
არსებობს ამ საკითხის სტომატოლოგიური გადაჭრაც – სპეციალური კაპები, რომლებსაც ბავშვი იკეთებს ძილის წინ.
რა ზოგადი რჩევები შეიძლება კიდევ მოგცეთ ბავშვების მავნე ჩვევებთან საბრძოლველად? მთავარია მოთმინება. მავნე ჩვევები, ძირითადად, ასაკთან ერთად თავისთავად გაივლის. არ არის საჭირო ზედმეტი ნერვიულობა, თქვენი და ბავშვის ყურადღების გამახვილება პრობლემაზე. შესაძლოა, იგი მალე სხვა რამით დაკავდეს და თქვენი ნერვიულობა თავისით მოგვარდება.

უფრო მეტი ყურადღება და მოფერება. უფრო მეტი დრო დაუთმეთ პატარას და არა მის მავნე ჩვევას. ებრძოლეთ მავნე ჩვევას და არა ბავშვს.

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს. გადასვლა >>> ,,სტომატოლოგია”; გადასვლა >>> ,,ბავშვი”


..