სარძევე კბილები

სარძევე კბილები

როგორც ცნობილია, ბავშვის კბილების ჯანმრთელობაზე და ლამაზ ღიმილზე ზრუნვა რაც შეიძლება ადრე, ორსულობის პირველივე თვეებიდან უნდა დაიწყოთ. სარძევე კბილები საფუძველს უყრიან ყბების, ძვლებისა და კუნთების სწორ განვითარებას. ისინი სივრცეს „ამზადებენ” მუდმივი კბილებისთვის, ხოლო სარძევე კბილების განვითარება და მათი შემდგომი შეცვლა მუდმივი კბილებით, ბავშვის ზოგადი ფიზიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპია.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

საწყისი ეტაპი 

რადგან ბავშვის კბილების ჩანასახები ვითარდება დაბადებამდე, დაახლოებით ორსულობის მეოთხე თვეზე, მომავალმა დედამ ჩასახვის პირველივე თვიდან საკმარისი რაოდენობით უნდა მიიღოს კალციუმის შემცველი პროდუქტები – ორსულ ქალს ესაჭიროება 1,5 გ-მდე კალციუმი დღეში. ბავშვის კბილები საჭიროებენ ხაჭოს, რძეს, ხილ-ბოსტნეულს, თევზსა და ზღვის პროდუქტებს, ასევე D ვიტამინსა და ფოსფორისა და ფტორის შემცველ პროდუქტებს. ბავშვის კბილების ჯანმრთელობა დამოკიდებულია იმაზეც, თუ როგორ მიმდინარეობს ორსულობა ქალში – სხვადასხვა დარღვევამ, როგორიც არის ადრეული და გვიანი ტოქსიკოზი, შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სარძევე კბილების ჩამოყალიბებაზე და გახდეს კარიესის განვითარების მიზეზი.

ძუძუთი კვების მნიშვნელობა და ვადები 

ყბა-კბილთა სისტემის სწორი განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ძუძუთი კვებას, რადგან წოვითი მოძრაობები საწოვარას წოვისა და ძუძუთი კვების დროს ძალიან განსხვავებულია. ხელოვნური კვების დროს ბავშვს არ სჭირდება ძალისხმევა და კუნთების დაჭიმვა, რძე ადვილად გადადის საწოვარადან ბავშვის პირში. ძუძუთი კვების დროს კი ბავშვი იძულებულია ენერგიულად წოვოს, რაც აყალიბებს სწორ ყლაპვით რეფლექსებს და ხელს უწყობს ყბების ძვლების სწორ ზრდას და კბილების ამოჭრას.

ბავშვში პირველი ქვედა საჭრელები ჩნდება დაახლოებით 6 თვის ასაკში. მათ ამოჭრას ხშირად წინ უძღვის ნერწყვის გაძლიერებული გამოყოფა. იგი ბავშვს აწუხებს პირველი კბილის ამოჭრამდე დიდი ხნით ადრე. ამ პერიოდში ბავშვს ასევე ხშირად აღენიშნება კანზე გამონაყარი, ფაღარათი და ნერვიულობა, რასაც გაგებით უნდა მოვეკიდოთ. მდგომარეობის შემსუბუქებაში მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ რეზინის ან პლასტმასის სათამაშოები, რომლებსაც ბავშვი კბენს და ამით იხსნის ქავილსა და ღრძილების ტკივილს. ასევე კარგად შველის სპეციალური კბილის რგოლები ცივი შიგთავსით.

პირველი ზედა საჭრელები ამოდის დაახლოებით 7-10 თვის ასაკში, მეორე გვერდითი ზედა და ქვედა საჭრელები – 10-12 თვის ასაკში. პირველი ზედა საღეჭი კბილები ამოდის 12-18 თვის ასაკში, ხოლო პირველი ქვედა საღეჭი კბილები – 13-19 თვის ასაკში. ზედა და ქვედა ეშვები ამოიჭრება ბოლოს – 16-22 თვის ასაკში. გასათვალისწინებელია, რომ ეს ვადები პირობითია და მათზე ორიენტირება არ შეიძლება. თუ ბავშვი ჯანმრთელია, არ უნდა ინერვიულოთ კბილების ნაადრევად ამოსვლის ან უმნიშვნელოდ დაგვიანების შემთხვევაში.

ღეჭვა მნიშვნელოვანი პროცესია 

ბავშვში პირველი კბილის ამოსვლიდანვე იწყება მნიშვნელოვანი პერიოდი – ღეჭვა. კბილების ამოჭრის შემდეგ ბავშვი დაიწყებს ერთგვარ „ვარჯიშს” და წოვის რეფლექსს თანდათან შეცვლის ღრღნისა და კბენის მოთხოვნილება. მოხარშული სტაფილოს, ვაშლის, კიტრის ან გამხმარი პურის ნაჭერი მშვენიერი „სავარჯიშოა” ღეჭვის პროცესის დასამუშავებლად. ასეთი ვარჯიშები აუმჯობესებენ ღრძილების სისხლით მომარაგებას, მშვენივრად ავარჯიშებენ ამოსულ კბილებს და საფუძველს უმზადებენ ამოსაჭრელად გამზადებულ კბილებს. უნდა გვახსოვდეს, რომ სწორად წარმართული ღეჭვის პროცესი კბილების ამოსვლის პირველივე დღიდან, საჭმლის ნორმალური მონელებისა და მომავალში სწორად საუბრისა და საუბრის დროს გამართული არტიკულაციის (ბგერათა წარმოთქმის) საწინდარია. გადასვლა > 1. სტომატოლოგია 2. ბავშვი

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.