როგორ მოვიქცეთ მუცლის ტკივილის დროს

როგორ მოვიქცეთ მუცლის ტკივილის დროს

მუცლის უეცარი ტკივილი ხშირად გამოწვეულია ისეთი მიზეზებით, რომელიც შეიძლება გამოსწორდეს სამედიცინო ჩარევის გარეშეც. ზოგჯერ კი, ეს მიზეზები შეიძლება სიცოცხლისთვის სახიფათო იყოს და საჭიროებდეს სასწრაფო სამედიცინო ჩარევას.

დედის მოვალეობაა, შეეცადოს განსაზღვროს ტკივილის ადგილმდებარეობა, ინტენსიობა. შეაფასოს ტკივილის თანმხლები მოვლენები (ტემპერატურა, პირღებინება, ფაღარათი ან შეკრულობა)

მოერიდეთ თვითმკურნალობას, რატა არ გაამწვიოთ ან არ წაშალოთ მწვავე ქირურგიული დაავადების სურათი.

დაუყოვნებლივ გამოიძახეთ ექიმი, თუ:

  • ძლიერი ტკივილი გრძელდება 6 საათზე მეტხანს;
  • მუცელი ხელის შეხებით დაჭიმულია;
  • ტკივილი იყო ზომიერი და უფრო გაძლიერდა;
  • პირღებინება არის ყავის ნახარშის ფერი ან განავალი კუპრისფერი;
  • იყო ტრამვა მუცლის არეში;
  • სუნთქვა ხშირია და ზერელე;
  • ბავშვის ცნობიერება შეცვლილია და სახის გამომეტყველება ძალიან შეწუხებული.

თუ მუცლის ტკივილს ახლავს ტემპერატურის მომატება, ღებინება, ფაღარათი, ექიმის მოსვლამდე:

  • ბავშვს ასვით სითხე პატარ-პატარა ულუფებით ან ჩაის კოვზით;
  • დაუწიეთ ტემპერატურა ფიზიკური მეთოდებით, მაგალითად, სხეულის გრილი წყლით დასველებით.

არ დაალევინოთ ტკივილგამაყუჩებელი, არ გაუკეთოთ ოყნა ექიმთან შეთანხმების გარეშე !

მუცლის ტკივილის ერთ-ერთი სახეა ე.წ. ნაწლავური კოლიკა, რომელიც ხშირია ბავშვებში 2 კვირიდან 4 თვემდე. კოლიკის მიზეზია ნაწლავებში ზედმეტი გაზის დაგროვება. სავარაუდოა, რომ კოლიკა უფრო ხშირად ემართება ადვილად აგზნებად ბავშვებს. კოლიკა არ არის სახიფათო და გაივლის ბავშვის ზრდასთან ერთად.

  • ნაწლავური კოლიკის თავიდან ასაცილებლად, ყოველი კვების შემდეგ ჩვილი გეჭიროთ ვერტიკალურ მდგომარეობაში, სანამ ჰაერს არ ამოაქარვებს;
  • კოლიკის დროს ძალიან კარგად მოქმედებს წელს ქვემოთ თბილი წყლის აბაზანა.

თუ ბავშვს ხშირად აღენიშნება ნაწლავური კოლიკა, მიმართეთ ექიმს. იგი შეგირჩევთ სათანადო წამალს, რომელიც ბავშვს დაეხმარება აირების გამოყოფასა და საკვების მონელების პროცესში.

მონელების პროცესის დარღვევას უკავშირდება შეკრულობით გამოწვეული მუცლის ტკივილი. ტკივილი და დისკომფორტი თან ახლავს მკვრივ განავლოვან მასებს, უფრო ხშირად კი _ ნახეთქს სწორ ნაწლავში. ასეთ შემთხვევაში განავალში, შეიძლება, შერეული იყოს ღია ალისფერი სისხლი.

აპენდიციტი იწვევს მწვავე, ძლიერ ტკივილს, რომელიც იწყება მუცლის შუაში და გადაინაცვლებს მარჯვნივ და ქვემოთ. მუცელი მტკივნეულია შეხებით, ტკივილი ხშირად უფრო ძლიერდება, როდესაც მასზე დაჭერილ ხელს უცბად ავუშვებთ. 2 წლამდე ასაკის ბავშვებში დიაგნოზის დადგენა ძნელია. ცხელება პირღებინებით, გულისრევით და უმადობით შედარებით აადვილებს დიაგნოზის დადგენას.

გამოიძახეთ ექიმი, თუ:

  • ნაწლავის მოქმედება მტკივნეულია;
  • განავალში სისხლია;
  • ნაწლავთა მოქმედება არ ყოფილა 5 დღე.

გაითვალისწინეთ!

  • ბავშვის რაციონი მდიდარი უნდა იყოს ხილით და ბოსტნეულით, აუცილებელია მიიღოს სითხე (განსაკუთრებით სუფების სახით), კარგია შავი ქლიავისა და ლეღვის ჩირის ნახარში;
  • ბროწეული, მოხარშული კარტოფილი, მოხარშული სტაფილო, ბრინჯი შემკვრელია;
  • ნუ გამოიყენებთ ოყნასა და სანთლებს ექიმთან შეთანხმების გარეშე.

მოვლითი ხასიათის ტკივილი ჭიპის ირგვლივ ახასიათებს ჭიებით ინვაზიას. მუცლის ტკივილის გარდა ამ დროს არის სხვა სიმპტომებიც _ გულისრევა, უმადობა, კბილების კრაჭუნი, გაძლიერებული ნერწყვდენა, პერიოდულად თავის ტკივილი. ამ ნიშნების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს, რომელიც მოგცემთ შესაბამის დანიშნულებას.

აღებულია: http://www.genesis.org.ge/brochure33/brochure33.htm#1

 

იხ. ასევე

ნაწლავური კოლიკა, მუცლის ტკივილის ხშირი მიზეზი

_________________________________________________________

გადასვლა >>> ,,ბავშვი”

..