ღრძილების დაავადებები ბავშვებში

ღრძილების ძირითადი დაავადებები ბავშვებში: მათი გადაჭრის გზები

ღრძილის ქსოვილების ძირითადი თავისებურებაა ის, რომ ისინი არიან ბავშვის ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის ინდიკატორები. სწორედ ამიტომ, მშობლებმა დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ ბავშვის პირის ღრუს მდგომარეობას.  >>>

ღრძილი არის პირის ღრუს ლორწოვანი გარსი, რომელიც ფარავს ზედა და ქვედა ყბებს. კბილების ყელთან მიმდებარე ღრძილს ეწოდება ყელის ნაწილი, ხოლო დანარჩენს – ალვეოლური ნაწილი. ღრძილის კიდე – ყელის ღრძილის ნაწილი – წარმოქმნის კბილთაშორის დვრილებს. ღრძილის კიდესა და კბილს შორის არსებობს ღრძილის ჯიბე. ეს სივრცე პატარებში საერთოდ შეუმჩნეველია. ასაკის მატებასთან ერთად, ჯიბე ღრმავდება და დაახლოებით 1-1,5 მმ-ს შეადგენს. ღრძილები ძალიან მგრძნობიარენი არიან და ადვილად ზიანდება. თუმცა, ღრძილებს აქვს ქსოვილების რეგენერაციის მაღალი უნარი, ამიტომ ყველა დაზიანება საკმაოდ მალე ხორცდება. რათა ღრძილის ანთებითი პროცესები არ გადავიდეს ქრონიკულ ფორმაში, რეკომენდებულია რეგულარული დიაგნოსტიკური შემოწმებები. ბავშვთა სტომატოლოგი აფასებს პირის ღრუს მდგომარეობას და სხვადასხვა პათოლოგიების განვითარების რისკს, რომელთა შორისაც შეიძლება იყოს გინგივიტი, სტომატიტი და სხვ.

ღრძილების ძირითადი დაავადებები 

გინგივიტი არის ღრძილის ყელის ნაწილის და კბილთაშორისი დვრილების ანთებითი პროცესი. დაავადება შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში. ბავშვებში გინგივიტის დამახასიათებელი ნიშნებია ღრძილების გაწითლება და სისხლდენადობა. თუ დროულად არ მივმართავთ სტომატოლოგს და არ აღმოვუჩენთ ბავშვს კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას, ანთება ადრე თუ გვიან გავრცელდება ძვლოვან ქსოვილზე. ამ შემთხვევაში ვითარდება პაროდონტიტი, რომელიც აზიანებს კბილის მაფიქსირებელ იოგებს. საბედნიეროდ, ბავშვებში გინგივიტის ასეთი შორსწასული ფორმები ძალიან იშვიათად გვხვდება.

ღრძილებში ანთებითი პროცესის მიზეზები შეიძლება იყოს კბილების მჭიდროდ დგომა, თანკბილვის ანომალიები, C ვიტამინის უკმარისობა, ჰორმონული დარღვევები, პირის ღრუს დისბაქტერიოზი და ა.შ. ხშირად გინგივიტი ჩნდება ზოგიერთი სამკურნალო საშუალების მიღების შემდეგ – ბავშვის ორგანიზმი ძალიან მგრძნობიარეა ქიმიური ნაერთებისადმი. ზოგჯერ დაავადების მიზეზია ქსეროსტომია ანუ ნერწყვის ნაკლებობა. ღრძილების ანთების განვითარების წინაპირობაა ასევე კარიესული ღრუები კბილების გვერდით ზედაპირებზე, სისხლმბადი ორგანოების დაავადებები, დვრილების ტრავმა და სხვ.

ბავშვებში მწვავე გინგივიტი შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა ინფექციური დაავადებების დროს. ამ შემთხვევაში პირის ღრუს სანაციისთვის ინიშნება ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები. მოზარდებში საკმაოდ ხშირია ქრონიკული კატარული გინგივიტი. დაავადება იწვევს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის გაწითლებას და შეშუპებას. დაავადების განვითარების ასაცილებლად, რეკომენდებულია ანტისეპტიკური გელების გამოყენება. ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის სტიმულატორის სახით ნიშნავენ პოლივიტამინურ პრეპარატებს. ექიმმა ასევე შეიძლება გირჩიოთ პირის ღრუში გვირილას, ჭინჭრის, ცაცხვის, მუხის ქერქის სავლებები – სამკურნალო ბალახების ექსტრაქტებს აქვთ ანთების საწინააღმდეგო და სისხლდენის შემაჩერებელი მოქმედება.

გინგივიტების დროს განსაკუთრებითი ყურადღება უნდა მიექცეს პირის ღრუს ჰიგიენას. რეკომენდებულია ბუნებრივი ანტისეპტიკური საშუალებების (ალთე, კრაზანა, პიტნა) შემცველი კბილის პასტები და რბილი ჯაგარის მქონე კბილის ჯაგრისები.

ჰორმონული ცვლილებების ფონზე მოზარდებში შეიძლება განვითარდეს ქრონიკული ჰიპერტროფიული გინგივიტი. ამ შემთხვევაში ღრძილის ქსოვილი შეშუპებულია, ზომაში გაზრდილია კბილთაშორისი დვრილები. დვრილებსა და კბილებს შორის წარმოიქმნება ჯიბეები, რომლებშიც გროვდება საკვების ნარჩენები, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ანთებას. საბოლოოდ ყალიბდება ე.წ. ჰიპერტროფიული ანუ ყმაწვილთა გინგივიტი, რომელიც საჭიროებს კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას. დაავადების მკურნალობა მიმდინარეობს სტომატოლოგის დაკვირვების ქვეშ.

პირის ღრუს დაავადებების პროფილაქტიკა ბავშვებში    

ღრძილების ნებისმიერი დაავადება პირის ღრუს ნორმალური მიკროფლორის დარღვევის შედეგია. სწორედ ამიტომ, ანთებითი დაავადებების თავიდან აცილებაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პროფილაქტიკურ ღონისძიებებს. დაავადების აცილების წესები საკმაოდ მარტივია:

  • დილით და საღამოს კბილების გაწმენდის გარდა, შეიძლება ფტორის შემცველი ტაბლეტების მიღება. ძირითადად, მკურნალობა მთელი წელი გრძელდება ზაფხულის სამი თვის გარდა. იგი ინიშნება 3-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში.
  • ძალიან ეფექტურია კალციუმის შემცველი ტაბლეტები, რომლებსაც ნიშნავს ექიმი გამოკვლევის შემდეგ. პრეპარატები, ძირითადად, შეიცავენ მინდვრის შვიტას ექსტრაქტს, რომელიც ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას.
  • გაზაფხულსა და შემოდგომაზე პოლივიტამინური პრეპარატები ასტიმულირებენ იმუნიტეტს.
  • აუცილებელია სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტები გამოკვლევისთვის.

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

______________________________________

გადასვლა >>> ,,სტომატოლოგია”

გადასვლა >>> ,,ბავშვი”

..