ახალშობილის პირის ღრუს მოვლა

ახალშობილის პირის ღრუს მოვლა

ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე მისი დაბადებიდანვე უნდა ვიზრუნოთ. ახალშობილსაც კი ესაჭიროება პირის ღრუს კარგი ჰიგიენა, რომელიც უნდა უზრუნველყონ მზრუნველმა მშობლებმა. >>>

დროულად – ანუ კბილების ამოჭრამდე 

ახალშობილს არ აქვს კბილები, მაგრამ მის პირში უკვე იწყებენ გამრავლებას მიკრობები. ძირითადად ამ მიკრობებს ბავშვს გადასცემენ მშობლებმი, როდესაც ისინი კოცნიან ბავშვს, სინჯავენ საკვებს ბავშვის კოვზიდან, გალოკავენ საწოვარას – აი რა გზებით ხვდებიან მიკრობები ახალშობილის პირის ღრუში.

პირის ღრუს მიკროფლორას, ძირითადად, საპროფიტები შეადგენენ. ისინი ახალშობილის პირში ხვდებიან პირველივე ჩასუნთქვასთანავე ან სამშობიარო გზების გავლის დროს. საპროფიტები პირობით პათოგენურ მიკროფლორას მიეკუთვნებიან. პათოგენურ ფორმაში მათ გადასვლას ხელს უწყობს პირის ღრუში შექმნილი არასასურველი პირობები, რომელთა შექმნაც ძალიან ადვილია.

ბაქტერიები იკვებებიან ახალშობილის პირის ღრუში მოხვედრილი საკვების ნარჩენებით.  ამიტომ,  საკვების მიღებიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ მშობლებმა პირის ღრუ უნდა გაუსუფთავონ ბავშვს. ეს შეიძლება გავაკეთოთ თბილ, გადადუღებულ წყალში დასველებული ბინტით ან ბამბის ტამპონით. თუმცა, ამ მიზნებისთვის უკვე სპეციალურად არის შექმნილი სილიკონის სათითე რბილი შვერილებით.

არსებობს პირის ღრუს გაწმენდის კიდევ ერთი მეთოდი – Spiffies-ის დენტალური ხელსახოცები, რომლებიც აშშ-ში გამოიგონა პრაქტიკოსმა პედიატრმა სტომატოლოგმა, დოქტორმა რეი ვაგნერმა. ხელსახოცები გაჟღენთილია ქსილიტის შემცველი ხსნარით. ეს ხსნარი, რჩება რა პირის ღრუში, ამცირებს კარიესის განვითარების რისკს. ხელსახოცების პაკეტი ჰერმეტულად არის დახურული, ამიტომ მასში გარედან ბაქტერიები ვერ ხვდებიან. ამ ხელსახოცით ბავშვის პირის გამოწმენდა ადვილია – მას დავიხვევთ თითზე და ბავშვის ღრძილებიდან და კბილებიდან მოვაცილებთ საკვების ნარჩენებს.

კბილის ჯაგრისი პატარასთვის 

პირველი კბილების ამოჭრის ჩვეული პერიოდია 6-8 თვის ასაკი. ამ მომენტიდან აუცილებელია ყოველი ახალი კბილის ზედაპირის მექანიკური წმენდა. კბილების წმენდა საჭიროა დღეში ორჯერ – ისევე, როგორც მოზრდილებში. მაგრამ, პატარასთვის ჯაგრისი რასაკვირველია სათანადო უნდა შეირჩეს – ძალიან რბილი ჯაგარით და პატარა თავით, ზომით არა უმეტეს 2-2,5 კბილისა.

ბავშვებს, როგორც წესი, კბილების წმენდა არ მოსწონთ და უნდა ვეცადოთ, ისე ავაწყოთ ეს პროცესი, რომ ბავშვი ძალიან არ შეწუხდეს. კარგია თუ ამას მივცემთ თამაშის სახეს.

კბილის პასტა 

კბილის პასტის გამოყენება შეიძლება დავიწყოთ 1 წლის ასაკიდან. რასაკვირველია უნდა შევარჩიოთ სპეციალური საბავშვო კბილის პასტა.

საბავშვო კბილის პასტა, ძირითადად, მოსწონთ პატარებს იმიტომ, რომ მას აქვს მარწყვის ან საღეჭი რეზინის გემო. შესაძლოა, სწორედ ამის გამო, ბავშვები ხშირად ყლაპავენ პასტას, ხოლო ორგანიზმში ჭარბი ფტორის დაგროვება მავნებელია. ამიტომ, საბავშვო პასტის დამზადებისას ითვალისწინებენ ამ მომენტს და იგი ფტორს მხოლოდ  მცირე რაოდენობით შეიცავს.

კარიესისგან დაცვის გარდა, საბავშვო კბილის პასტები, ასევე, ღრძილებზეც დადებითად მოქმედებენ და ამცირებენ უსიამოვნო შეგრძნებებს ახალი კბილების ამოჭრის დროს.

სტომატოლოგის გაცნობა 

9 თვის ასაკში ბავშვი აუცილებლად უნდა მიიყვანოთ ბავშვთა სტომატოლოგთან, რათა ექიმმა შეამოწმოს ხომ არ აქვს პატარას ლორწოვანი გარსის დაავადებები (კანდიდოზი, სტომატიტი), ასევე გააკონტროლოს კბილების ამოჭრისა და ზრდის პროცესი, მოგცეთ რეკომენდაციები პატარას პირის ღრუს სწორი ჰიგიენის შესახებ.

12 თვის ასაკში კვლავ აუცილებელია სტომატოლოგთან ვიზიტი, რათა ბავშვს დროულად გამოუვლინოთ შესაძლო სტომატოლოგიური დაავადებები, მათ შორის სარძევე კბილების ადრეული კარიესი, რომელიც ვითარდება არასწორი კვების ან ბავშვების ზოგიერთი მავნე ჩვევის გამო.

ჰიგიენის დაცვის პარალელურად, აუცილებელია ბავშვის სწორი კვება. ბავშვს არ უნდა მივცეთ ბევრი ტკბილეული – ის აზიანებს არა მარტო მოზრდილების, არამედ ბავშვების კბილებსაც.

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

______________________________________

გადასვლა >>> ,,სტომატოლოგია”

გადასვლა >>> ,,ბავშვი”

..