მწოლიარე ავადმყოფის ჰიგიენა

ამ  გვერდიდან შეგიძლიათ  გამოიწეროთ ავადმყოფის მოვლის საშუალებები  ,,ამაზონიდან”. იხ. ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები

ადამიანის დაბანის მიზანი მხოლოდ კანის გასუფთავება არ არის. დაბანა ხელს უწყობს ადამიანის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას, გამოცოცხლებას, გახალისებას, დაძაბულობის მოხსნას, ძილის მოგვრას. მნიშვნელოვანია ჰიგიენური პროცედურების სისტემატურობა და სწორად ჩატარება. განვასხვაოთ დაბანის ორი ფორმა: ა) დაბანა ავადმყოფისა, რომელსაც ამ პროცესში თვითონ შეუძლია აქტიურად მონაწილეობა. თუ მისი საერთო მდგომარეობა საშუალებას გვაძლევს, უნდა დავეხმაროთ გააქტიურებაში; ბ) აბსოლუტურად სხვაზე დამოკიდებული ავადმყოფის დაბანა.


მძიმე ავადმყოფებისთვის დაბანას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ადამიანური თანაგრძნობის გამოხატვაცაა. ამ დროს ავადმყოფს განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვეპყროთ. მწოლიარე ავადმყოფი დაბანის წინ უნდა გავაფრთხილოთ და მივცეთ დრო თავისი თავის შემზადებისათვის. საჭიროა წინასწარ მოვამზადოთ შემდეგი მასალა: 2 თასი თბილი წყლისათვის, 2 ქისა, 1 დიდი და 2 პატარა პირსახოცი, დასაბანი და კანის მოსავლელი საშუალებები, სუფთა საცვლები და თეთრეული.

დასაბანი წყალი ავადმყოფისათვის სასიამოვნო ტემპერატურის უნდა იყოს. ქისა კარგად უნდა გაიწუროს. ავადმყოფი უნდა იწვეს ზურგზე, ზედა ტანი ოდნავ წამოწეული, ტანზე უნდა ეფაროს, რომ არ გაცივდეს და საბნის ქვეშ თავს დაცულად და მყუდროდ გრძნობდეს. დაბანის დროს კი საჭიროების მიხედვით უნდა გაშიშვლდეს სხეულის სათანადო არეები. დაბანა იწყება სახიდან, როგორც სხეულის ყველაზე ცნობიერი არიდან. სახის შემდეგ ვბანთ მკლავებს, იღლიას ვბანთ სხვა ქისით და კარგად ვამშრალებთ, შემდეგ გადავდივართ გულ-მკერდზე. მისი დაბანა ხდება, მხრიდან დაწყებული გულმკერდის გარშემო ნეკნების მიმართულებით. მუცელს ვბანთ წრიული მოძრაობით. შემდეგ ავადმყოფს ვაბრუნებთ გვერდზე და ვბანთ ზურგს ხერხემლის გასწვრივ წრიული მოძრაობებით.

♦ ნაწოლების პრევენციის საშუალებები ,,ამაზონზე” decubitus ulcer prevention >>  


ვამშრალებთ, ვაწვენთ ზურგზე და ვბანთ ფეხებს, ბოლოს _ ინტიმურ ადგილებს, სხვა ქისისა და ჯამის გამოყენებით. დაბანის შემდეგ კანი კარგად უნდა გავამშრალოთ, რადგან კანის ნაოჭებში დარჩენილი სისველე მისი გაღიზიანებისა და დაზიანების მიზეზი შეიძლება გახდეს. ფრჩხილების მოსაწესრიგებლად საწოლის ბოლოს დავდგათ თასი თბილი წყლით, მოვახრევინოთ ფეხები და გავუკეთოთ აბაზანა საწოლში. პირის ღრუს, ფრჩხილებისა და თმის მოვლა ბანაობის ბოლო ეტაპია.

ხელების, ფეხებისა და სახის ცალ-ცალკე დაბანა დაუძლურებულ პაციენტებში იწვევს მთლიანი დაბანის მსგავს თერაპიულ ეფექტს. მოვლილი სხეული არის ავადმყოფისადმი ყურადღების გამოხატულება, მოუვლელობა კი შესაბამისად მისადმი გულგრილობის ნიშანი.

ზეწრის გამოსაცვლელად ავადმყოფი უნდა დავაწვინოთ გვერდზე, შეძლებისდაგვარად საწოლის კიდესთან ახლოს (მაქსიმალურად დაცული გადმოვარდნისაგან). გამოსაცვლელი ზეწარი შეძლებისდაგვარად შევუცუროთ სხეულის ქვეშ და თან მივაყოლოთ წინასწარ საწოლის მთელ სიგრძეზე გასწორებული სუფთა ზეწარი. გადავაბრუნოთ მეორე მხარეს. სანამ გადავაბრუნებდეთ კარგად უნდა დავუთვალიეროთ ზურგი! გამოვაცალოთ ძველი ზეწარი და ახალი ნაკეცების გარეშე გავასწოროთ.

რაც შეეხება მწოლიარე ავადმყოფის ტანსაცმელს, სასურველია დამზადებული იყოს ბამბის ან სხვა ბუნებრივი ქსოვილისაგან, თავისუფალი, მსუბუქი, რათა არ გამოიწვიოს სხეულის ჩახურება. არ უნდა იყოს გადატვირთული ღილებით ან სხვა შესაკრავებით, რომლებიც ზეწოლის შედეგად გამოიწვევს კანის დაზიანებასა და ნაწოლებს. ავადმყოფებს შეუკავებლობის პრობლემით უმჯობესია ეცვათ მოკლე მაისური, სიმშრალის უკეთ შესანარჩუნებლად. თუ ავადმყოფი ჰიგიენურ საფენებს ხმარობს (მაგალითად პამპერსს), უნდა დავიცვათ სწორად ჩაცმის ტექნიკა და საფენები რეგულარულად გამოვუცვალოთ:

საფენის გამოსაცვლელად ნაკლებად მობილური ავადმყოფი გვერდზე უნდა გადავაბრუნოთ, საფენის უფრო ფართე ნაწილი მოვარგოთ საჯდომს, მაქსიმალურად (ლეიბზე ხელით დაწოლით) შევუცუროთ სხეულის ქვეშ და ავადმყოფი გადმოვაბრუნოთ ზურგზე, კარგად გავასწოროთ წინა მხარეც და დავაფიქსიროთ შესაკრავების საშუალებით.

აღებულია: http://www.genesis.org.ge/brochure26/brochure26.htm; გადასვლა >>ავადმყოფის სახლში მოვლა