კრიპტიტი

მწვავე პარაპროქტიტი კრიპტიტი –  მორგანის კრიპტის მწვავე ან ქრონიკული ანთება  (მორგანის კრიპტა – ანატომიური ჩაღრმავება სწორი ნაწლავის ტერმინალურ სეგმენტში).
მორგანის კრიპტების ზედა ნაწილი დაკავშირებულია სწორ ნაწლავთან, ქვევიდან კი ისინი დაფარულია ნახევარმთვარისებრი  სარქველებით.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

ანალური ჯირკვლების სადინრები იხსნებიან მორგანის კრიპტების ფსკერის ზედაპირზე. კრიპტების არასრული დრენირების შემთხვევაში, რაც შეიძლება გამოიწვიოს ჯირკვლების სადინარების დახშობამ, ან მექანიკურმა ტრავმამ, შეიძლება განვითარდეს მორგანის კრიპტების ანთება.
კრიპტების სიღრმე ინდივიდუალურია. ანთებითი პროცესის განვითარებისკენ უფრო მეტად მიდრეკილია ღრმა კრიპტები. ამას გარდა, განავლოვანი მასების დაგროვება და მიკრობული ინფექცია შეიძლება გახდეს კრიპტიტის განვითარების მიზეზი.
ქრონიკულ შეკრულობასა და დიარეას მივყავართ კრიპტების მექანიკურ დაზიანებასთან განავლოვანი მასებით, რაც ხელს უწყობს პათოგენური მიკრობული ფლორის სტაგნაციას ლოკალურად. მწვავე კრიპტიტი ადვილად გადადის ქრონუკულში, რადგან ხდება კრიპტების არასრული დრენირება, განმეორებითი ინფიცირება და ხშირი ტრავმირება.
ხანგრძლივად მიმდინარე კრიპტიტი ქმნის ისეთი გართულებების საფრთხეს, როგორიცაა პროქტიტი და პარაპროქტიტი, ნახეთქი ანალურ მიდამოში, სწორი ნაწლავის კიბო.


კრიპტიტის მიზეზები

კრიპტები თავისუფლად უკავშირდება სწორი ნაწლავის სანათურს, და ამიტომ მათში განავლოვანი მასები ხვდება არც თუ ისე იშვიათად. როგორც წესი, კრიპტების დაცლა ხდება მთლიანად, ხოლო ანალური ჯირკვლების სეკრეტი ხელს უშლის ინფექციის შეჭრას ღრმა შრეებში.
კრიპტის ტრავმირებისას განავლის მყარი კომპონენტებით (ქატო, უხეში თმა, კანი, ძვლის ნაწილები და სხვა), განავლოვანი წარმონაქმნის მოხვედრისას  კრიპტაში, ან მისი კედლების შეშუპებისას გახანგრძლივებული დიარეის დროს, ასევე ანალური ჯირკვლების სადინრების დახშობისას ვითარდება ანთებითი პროცესი კრიპტაში. განავლოვანი მასების დაგროვება კრიპტაში და ანალური ჯირკვლების სეკრეტის დამცავი თვისებების დაქვეითება ხელს უწყობს პათოგენური მიკროორგანიზმების გამრავლებას.
ასე, რომ კრიპტიტის განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს დეფეკაციის აქტის ნებისმიერი ტიპის დარღვევა, ან სწორი ნაწლავის ლორწოვანის მინიმალური ტრავმული დაზიანება. ანალური ჯირკვლების სადინრების დახშობა ხელს უწყობს ბაქტერიის მოხვედრას ღრმა შრეებში და პარაპროქტიტის განვითარებას.


 სიმპტომები, მიმდინარეობა

კრიპტიტი ვლინდება უკანა გასავლის ტკივილით (პროქტალგია), განსაკუთრებით დეფეკაციის დროს. ტკივილი შეიძლება იყოს სხვადასხვა ხასიათისა და ინტენსივობის, ყრუ მსუბუქი ტკივილიდან მწვავე, მწველ, განმგვირავ ტკივილამდე, რომელსაც ახასითებს ირადიაცია. ზოგჯერ აღინიშნება წვა, სიმძიმის შეგრძნება სწორ ნაწლავში, უცხო სხეულის არსებობის შეგრძნება.
არც თუ ისე იშვიათად, ავადმყოფები ამჩნევენ სისხლის ზოლებს განავალში. ჩირქის გამოყოფას უკანა ტანიდან თან სდევს ინტენსიური პერიანალური ქავილი. ტემპერატურის მომატება დამახასიათებელი არ არის.
აბსცესის ჩამოყალიბების შემთხვევაში ტკივილი ხდება პულსური ხასიათის, მფეთქავი. რამდენადაც ტკივილი დაკავშირებულია დეფეკაციასთან, ავადმყოფები ხშირად ცდილობენ შეაკავონ კუჭის მოქმედება, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს და არც ისე იშვიათად, ვითარდება ანალური სფინქტერის სპაზმი.
ეტიოლოგიური ფაქტორის აღმოფხვრისა და კრიპტის დრენაჟის აღდგენის შემთხვევაში, ჩვეულებრივ, ხდება კლინიკური სიმპტომების ალაგება და დამშვიდება, ხოლო მწვავე ანთების შემთხვევაში – გამოჯანმრთელება. ხანგრძლივად მიმდინარე ანთებითი პროცესი შეიძლება გავრცელდეს სხვა კრიპტებზე, სწორი ნაწლავის კედლის ამომფენ ლორწოვანზე, ასევე მსხვილი ნაწლავის ზემოთ მდებარე ნაწილების ზედაპირულ და ღრმა შრეებში.
ქრონიკული კრიპტიტი მიმდინარეობს ტალღისებურად, ერთმანეთს ენაცვლება რემისიისა და გამწვავების პერიოდები. ეს უკანასკნელი პროვოცირებულია სხვადასხვა გამღიზიანებლებით, ნაწლავის კედლის დაზიანებით, ორგანიზმის დამცავი თვისებების ზოგადი შესუსტებით.


გართულებები

იმ შემთხვევაში, როცა კრიპტაში არსებული ჩირქი დამოუკიდებლად არ იხსნება ნაწლავის სანათურში, ანთებითი პროცესი ვრცელდება მიმდებარე ქსოვილებზე (გარშემომყოფი კრიპტები, სწორი ნაწლავის სანათური, მიმდებარე ცხიმოვანი ქსოვილი). რისი რეზულტატიც არის პროქტიტი, პარაპროქტიტი, სწორი ნაწლავის ფისტულები.
თუ აბსცესი გაიხსნა კრიპტაში, მაგრამ არ მოხდა მისი საკმარისად დრენირება, ან კრიპტიტის გამომწვევი ფაქტორები არ არის ლიკვიდირებული (გართულებული დეფეკაციის გაგრძელება, ნაწლავის ლორწოვანის განმეორებითი დაზიანება, კრიპტის არასაკმარისი დრენაჟი), კრიპტიტი იღებს ქრონიკულ ხასიათს.
ქრონიკული კრიპტიტი სწორი ნაწლავის კედლის ნაწიბუროვანი დეფორმაციის განვითარების გამო ხელს უწყობს არასრული ფისტულის ჩამოყალიბებას, ასევე კრიპტის ფსკერის მიდამოში უხეში ნაწიბუროვანი ქსოვილის განვითარებას (პექტენოზი). თუ პექტენოზი ვრცელდება ანალური არხის მფარავი ქსოვილიების მეოთხედზე მეტ ნაწილზე, ამ შემთხვევაში, მცირდება არხის კედლების ელასტიურობა, ქვეითდება სწორი ნაწლავის დრეკადობა. ეს ხელს უწყობს ნაწლავების დაცლის გაუარესებას.

დიაგნოსტიკა

გამოკითხვის, ჩივილების გამოვლენის, ანამნეზის შეგროვებისა და ფიზიკალური გამოკვლევის გარდა (მათ შორის, შორისისა და პერიანალური ზონის ინსპექცია და პალპაცია), კრიპტიტის დიაგნოსტიკის მეთოდებს მიეკუთვნება უკანა გასავლის თითით გამოკვლევა, რომლის დროსაც ხდება კრიპტების საპროექიო არის გასინჯვა ლოკალურ მტკივნეულობაზე, შეშუპებასა და დაჩირქებაზე. ანოსკოპია და რექტოსიგმოიდოსკოპია ანალური არხის საფუძვლიანი დათვალიერების საშუალებას იძლევა. მოწმდება სწორი ნაწლავის დაბოლოება, ლორწოვანი გარსის მდგომარეობა, ხდება ანთებითი კრიპტის ვიზუალიზაცია (შეშუპება, ლორწოვანის ჰიპერემია, ფიბრინული ნადები, ზეწოლის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ჩირქის გამოსვლა).
რიგ შემთხვევებში (იშვიათად) ანოსკოპიისას შეიძლება შემჩნეულ იქნას ანალური ჯირკვლის სადინარის პირი, რომელიც ჰიპერემიული ლორწოვანის ფონზე ნათელ ალისფერ წერტილად ჩანს. რექტოსკოპია სწორი ნაწლავისა და სიგმოიდური კოლინჯის ლორწოვანი გარსის შეფასების საშუალებას იძლევა, რათა გამოირიცხოს შესაძლო პათოლოგიები.
ავთვისებიანი წარმონაქმის გამოსარიცხად ხდება ნაწლავის კედლის საეჭვო ადგილიდან ბიოფსიის აღება. საჭიროების შემთხვევაში, მონაცემების დაზუსტება ხდება ულტრასონოგრაფიითა (რექტალური მიმღების საშუალებით) და პროქტოგრაფიით. ფისტულების ფორმირებისას საჭიროა მათი გამოკვლევა ფისტულოგრაფიით.


დიფერენციალური დიაგნოსტიკა

მწვევე კრიპტიტის, აგრეთვე გამწვავებული ქრონიკული კრიპტიტის დიფერენციაცია უნდა მოხდეს პარაპროქტიტისაგან (ძირითადად, კუნთთაშორისი ფორმისაგან). განსხვავების აღმოჩენა ხდება უკანა ტანიდან თითით გასინჯვისას. კრიპტიტისას გასინჯვისას ირკვევა, რომ კრიპტების ლოკალიზაციის ზონაში ინფილტრირებულია ღრმად მდებარე ქსოვილები.
არასრული ფისტულის დროს, ჩვეულებრივ, ხდება ჩირქის წვეთების გამოყოფა ანუსიდან, როცა ხდება ანალური არხის კედლის ერთიანობის დარღვევა.


მკურნალობა

გაურთულებელი კრიპტიტი ექვემდებარება კონსერვატულ მკურნალობას პროქტოლოგის მიერ. იმისათვის, რომ მოხდეს განავლოვანი მასების გამაღიზიანებელი მოქმედების შესუსტება ნაწლავის ლორწოვანზე, ავადმყოფის კვების რაციონიდან იღებენ ცხარე, მარიალიან, მჟავე კერძებსა და ალკოჰოლს.
დეფეკაციის ნორმალური რითმისა და ხასიათის შესანარჩუნებლად რეკომენდებულია მოცულობითი არაცხიმოვანი საკვები, კარგად მოხარშული ან ორთქლზე დამზადებული, სითხის საკმარისი რაოდენობა, მოხარშული ბოსტნეული (ყაზბობის პროფილაქტიკის მიზნით), ფაფები.
ყაბზობის დროს არ არის რეკომენდირებული საფაღარათო საშუალებების მიღება, უმჯობესია ნაწლავების ოყნის საშუალებით დაცლა. საფაღარათო საშუალებებმა შეიძლება ზედმეტად დაარბილონ განავალი, ხელი შეუწყონ ხშირ დეფეკაციას, დამატებით გაღიზიანებას და სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის შეშუპებას.
კრიპტიტით დაავადებულებმა რეკომენდებულია მოახდინონ ანუსის მიდამოს ფრთხილი ჰიგიენური დამუშავება და მოვლა: დეფეკაციის შემდეგ უნდა მოხდეს დაბანა თბილი წყლით, ყოველდღიურად 10-15 წუთი თბილი (37-38 გრადუსი) აბაზანები, კალიუმის პერმანგანატის (მარგანცოვკის) სუსტი ხსნარით. 7-10 დღის განმავლობაში ენიშნებათ მიკროკლიზმები ძილის წინ.
მკურნალობის თერაპიული მეთოდების არაეფექტურობის, ან პროცესის გართულების შემთხვევაში მიმართავენ ქირურგიულ მკურნალობას.


პროგნოზი

მწვავე კრიპტიტი ყველაზე ხშირად წყდება აბსცესის გახსნით კრიპტაში და ანთების ნიშნების ჩაქრობით სრულ გამოჯანმრთელებამდე. ანთებითი პროცესის რეციდივის შემთხვევაში ხდება დაავადების ქრონიზაცია.
ასეთ შემთხვევაში აუცილებელია დროული, საფუძვლიანი და სათანადო მკურნალობა, რამდენადაც კრიპტის ქრონიკული ანთებისას ხდება პროცესის გავრცელება  ირგვლივ მდებარე ქსოვილებზე.


კრიპტიტი FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 კრიპტიტი – მორგანის კრიპტის მწვავე ან ქრონიკული ანთება
📍 მორგანის კრიპტა – ანატომიური ჩაღრმავება სწორი ნაწლავის ტერმინალურ სეგმენტში
🌀 კრიპტები თავისუფლად უკავშირდება სწორი ნაწლავის სანათურს, და ამიტომ მათში განავლოვანი მასები ხვდება არც თუ ისე იშვიათად.
🦠 როგორც წესი, კრიპტების დაცლა ხდება მთლიანად, ხოლო ანალური ჯირკვლების სეკრეტი ხელს უშლის ინფექციის შეჭრას ღრმა შრეებში
🟡 კრიპტის ტრავმირებისას განავლის მყარი კომპონენტებით (ქატო, უხეში თმა, კანი, ძვლის ნაწილები და სხვა), განავლოვანი წარმონაქმნის მოხვედრისას კრიპტაში, ან მისი კედლების შეშუპებისას გახანგრძლივებული დიარეის დროს, ასევე ანალური ჯირკვლების სადინრების დახშობისას ვითარდება ანთებითი პროცესი კრიპტაში
💊 გაურთულებელი კრიპტიტი ექვემდებარება კონსერვატულ მკურნალობას პროქტოლოგის მიერ
👉 შეიტყვეთ მეტი სტატიიდან – https://bit.ly/3IHiBff  
#კრიპტიტი #კრიპტიტისსიმპტომები #კრიპტიტისნიშნები #კრიპტიტისგართულებები #მწვავეკრიპტიტი #ქრონიკულიკრიპტიტი #კრიპტიტისდიაგნოსტიკა #კრიპტიტისმკურნალობა #რაარისკრიპტიტი #როგორვუმკურნალოთკრიპტიტს #დიარეა #ხელება #შემცივნება #შებერილობა #მუცლისტკივილი #სისხლიანიგანავალი #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


გადასვლა >> პროქტოლოგია (კოლოპროქტოლოგია)

..