ერთობლივი ძილი

ერთობლივი ძილი

დედისა და პატარას ერთობლივი ძილი საკმაოდ ხშირია პრაქტიკაში და  განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სიცოცხლის პირველ თვეებში, როდესაც ახალშობილისათვის ესოდენ მნიშვნელოვანია დედასთან ტაქტილური კონტაქტი, მშობლის ზრუნვა და ალერსი.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

ერთობლივი ძილის დადებითი მხარეები

  • ერთობლივი ძილი პატარას საშუალებას აძლევს თავი იგრძნოს დაცულად
  • ღამით ძუძუთი კვება უფრო მოსახერხებელია
  • ხდება დედისა და ბავშვის ძილის სინქრონიზაცია, რის გამოც დედას უადვილდება პატარას მოვლა და არ აქვს გამოძინების პრობლემა
  • გაადვილებულია ბავშვის ჩაძინების პროცესი
  • ეხმარება პატარას ღამით უკეთ გამოძინებაში
  • განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დედებისათვის, რომლებიც დღის განმავლობაში მოშორებულები არიან პატარას – მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დედას ასეთ შემთხვევაში გარკვეული „დამამშვიდებელი“ ჰორმონები გამომუშავდება, რაც მას ეხმარება გადატვირთული დღის შემდეგ გამოძინებაში
  • ერთობლივი ძილის შემთხვევაში პატარები უკეთ იმატებენ წონაში, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისათვის, რომელთაც წონის მატების პრობლემა აქვთ

ერთობლივი ძილის უარყოფითი მხარეები

დღეისათვის არ არსებობს დასაბუთებული უკუჩვენება ერთობლივი ძილისათვის. არსებობს მოსაზრება, რომ ერთობლივი ძილი ზრდის ახალშობილთა უეცარი სიკვდილიანობის რისკს, თუმცა ამის თაობაზეც განსხვავებული მონაცემებია და ჩატარებული კვლევების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტაციაა შესაძლებელი. უნდა აღინიშნოს, რომ ახალშობილთა უეცარი სიკვდილიანობის რისკის მატებასთან ასოცირებულია ასევე სხვა ნეგატიური ფაქტორები, რომლებიც უმეტეს  შემთხვევაში ერთობლივი ძილის შემთხვევაში ზეგავლენას ახდენს პატარაზე. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა დედის მწეველობას და ალკოჰოლური სასმელის მიღებას.

როგორ გავხადოთ ერთობლივი ძილი უსაფრთხო

აუცილებელია ერთობლივი ძილის დროს უსაფრთხოების ზომების დაცვა, რაც მდგომარეობს შემდეგში:

  • საწოლის ზედაპირი უნდა იყოს სწორი და საკმარისად მკვრივი
  • ნუ დაადებინებთ პატარას თავს ბალიშზე
  • ნუ დააფარებთ ზედმეტად სქელ, მძიმე და დიდ გადასაფარებელს
  • დაიცავით პატარა გადახურებისაგან
  • ნუ დატოვებთ თქვენს საწოლში მარტოს
  • დაიცავით ბავშვი იატაკზე გადმოვარდნისაგან

უარი თქვით ერთობლივ ძილზე, თუ

  • თქვენ ან თქვენი მეუღლე ეწევით
  • მიღებული გაქვთ ალკოჰოლური სასმელი ან რაიმე ტიპის მედიკამენტი, რაც გავლენას მოახდენს თქვენს მეხსიერებაზე, ფსიქიკაზე
  • ძალზედ გადაღლილი ხართ ან გაქვთ ძილის დარღვევები, როგორიცაა მაგალითად ძილის აპნოე
  • თქვენი პატარა დღენაკლულია

როგორ გადავაჩვიოთ პატარა ერთობლივ ძილს

ყველაზე მარტივია ბავშვის გადაწვენა საკუთარ საწოლში, როდესაც  დასრულებულია ძუძუთი კვება. 1.5-2 წლამდე ასაკის ბავშვები უნდა გადავაჩვიოთ განშორებას თანდათანობით: მივაჩვიოთ დამოუკიდებლად ჩააძინებას, დღის განმავლობაში ან  ღამით გარკევული პერიოდით დავაწვინოთ საკუთარ საწოლში. შედარებით უფროსი ასაკის ბავშვებთან შეგვიძლია „ვაწარმოოთ მოლაპარაკება“, შევეცადოთ გავაღვიძოთ მათში დამოუკიდებლობის გრძნობა, სურვილი იმისა, რომ ქონდეს საკუთარი ლამაზი საწოლი, ისევე როგორც ყველა „დიდ“ ადამიანს.
მთავარია, გახსოვდეთ: არავითარი ძალადობა! იყავით მომთმენი, თუმცა თანმიმდევრული, სინამდვილეში ბავშვი არასოდეს არ ეწინააღმდეგება მშობლის მყარ და დარწმუნებით ნათქვამ გადაწყვეტილებას. გადასვლა>>> ,,ბავშვი”


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.