ანესთეზიოლოგია ორსულებისთვის

ანესთეზიოლოგია ორსულებისთვის

ორსულობის დროს განვითარებული ნებისმიერი, თუნდაც გარეგნულად უმნიშვნელო დაავადება ძლიერ შეშფოთებას იწვევს ქალში, თუნდაც იმიტომ, რომ მრავალ შემთხვევაში მკურნალობისთვის საჭიროა გაუტკივარება. თუ როგორ იმოქმედებს იგი მომავალი ბავშვის ჯანმრთელობაზე, ბოლო მომენტამდე კითხვის ნიშნის ქვეშაა.

განსაკუთრებით ხშირად ეს საკითხი ვითარდება სტომატოლოგის კაბინეტში, რადგან სტომატოლოგიური დაავადებები ხშირად ჩნდება ან მწვავდება სწორედ ორსულობის პერიოდში, ხოლო ჯანმრთელი ბავშვის დაბადების ერთ-ერთი პირობაა დედის კბილების სრული სანაცია.
ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს მართლაც შეუძლიათ გარკვეული ზიანი მიაყენონ ნაყოფს, რადგან მრავალი მათგანი არღვევს ნივთიერებათა ცვლას მომავალი დედის (და შესაბამისად, ბავშვის) ორგანიზმში, ამუხრუჭებს უჯრედების ზრდისა და დაყოფის პროცესებს. ყოველივე ამან შეიძლება გამოიწვიოს რაიმე პათოლოგიის განვითარება ბავშვის ორგანიზმში და მისი სიკვდილიც კი. ეს განსაკუთრებით ეხება ორსულობის პერიოდს მე-2-დან მე-8 კვირამდე, რადგან ამ დროს ვითარდება ბავშვის ყველა ორგანო, ასევე პერიოდს 28-ე კვირიდან ბავშვის დაბადებამდე, რადგან ამ დროს მკურნალობა შეიძლება გართულებებით მიმდინარეობდეს.
რა თქმა უნდა, ბუნებამ ბევრი რამ გაითვალისწინა და პლაცენტამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მავნე ზემოქმედება, მაგრამ ორგანიზმის ამ შესაძლებლობებსაც ზღვარი აქვს. ხოლო თუ ნივთიერებათა ცვლა დედისა და ნაყოფის ორგანიზმებს შორის დარღვეულია, შეყვანილი საშუალებები ორგანიზმში შეიძლება საკმაოდ ხანგრძლივად დარჩეს და მაშინ დაზიანება გარდაუვალია.
აღნიშნული სიტუაციიდან გამოსავალია ორსულის მკურნალობის გადატანა 14-დან 28 კვირამდე პერიოდში, რომელიც უფრო უსაფრთხოა ბავშვის ჯანმრთელობისთვის. მკურნალობა რაც შეიძლება ხანმოკლე უნდა იყოს, რომ სამკურნალო საშუალებების ზემოქმედება მინიმალური იყოს. გაუტკივარების მეთოდებისა და საშუალებების არჩევისას გასათვალისწინებელია ორსულის ორგანიზმის თავისებურებები.

ექიმის მთავარი მიზანი, რომელიც ანესთეზიას იყენებს, არის ბავშვის დაცვა მავნე ზემოქმედებებისგან, პლაცენტისთვის დახმარება, საშვილოსნოს ტონუსის დაქვეითება და ბოლოს, ორსულობის შენარჩუნება. დაავადებისა და მკურნალობის არჩეული გეგმის მიხედვით, ორსულობის პერიოდში სტომატოლოგიური დაავადებების მკურნალობის დროს შეიძლება როგორც ადგილობრივი, ასევე ზოგადი ნარკოზის გამოყენება. ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატის სწორად შერჩევა.
ადგილობრივი ანესთეზიისთვის გამოიყენება ლიდოკაინი, რომელიც კი აღწევს ბავშვის ორგანიზმში ორსულობის ადრეულ ვადაზე, მაგრამ ძალიან სწრაფად ნადგურდება იქ. მისი გამოყენების დროს ქალი იგრძნობს მხოლოდ შეხებას და არა ტკივილს. ლიდოკაინმა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს მხოლოდ უსაფრთხო დოზის გადაჭარბების დროს, რაც ძირითადად, არ ხდება.

ინტრავენური ნარკოზისთვის, ძირითადად, გამოიყენება:

1. ნატრიუმის თიოპენტალი და ჰექსენალი – ძილის შესანარჩუნებლად მკურნალობის პერიოდში;
2. ნატრიუმის ოქსიბუტირატი, რომელიც არ მოქმედებს ბავშვის ჯანმრთელობაზე და გამოიყენება მედიკამენტური ძილისთვის იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ქალს აქვს გესტოზი, ეპილეფსია ან მომატებული არტერიული წნევა;
3. ბენზოდიაზეპინები – არ არის სასურველი მათი გამოყენება ორსულობის ბოლოს, რადგან ბავშვის ორგანიზმს არ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ამ პრეპარატებს;
4. დიპრივანი – საშუალება ხანმოკლე ნარკოზისთვის, შეიძლება ყველა პაციენტში გამოყენება, გარდა იმ პაციენტებისა, რომლებსაც აქვთ ალერგია სოიოს ან კვერცხის ცილაზე;
5. პრომედოლი და მორფინის ჰიდროქლორიდი, რომლებიც პრაქტიკულად გამორიცხავენ ნაყოფის განვითარების პათოლოგიებს;
6. ფენტანილი – ძლიერი ნარკოტიკული საშუალება, მცირე დოზებით უსაფრთხოა ბავშვის ორგანიზმისთვის;
7. კეტამინი, როდესაც ორსულ პაციენტს არ აღენიშნება ჰიპერტონია, ეპილეფსია, მომატებული ქალასშიდა წნევა და ორსულთა გესტოზი. გამოიყენება მხოლოდ მცირე დოზებით, რადგან იგი იწვევს საშვილოსნოს ტონუსის მომატებას.

თუმცა, მთავარი რეკომენდაცია მდგომარეობს იმაში, რომ ყველა შესაძლო მეთოდით ავიცილოთ რაიმე სერიოზული მკურნალობის აუცილებლობა. ქალმა, რომელიც აპირებს დაორსულებას, წინასწარ უნდა იზრუნოს თავის ჯანმრთელობაზე და ამგვარად გამორიცხოს სამკურნალო პრეპარატების მავნე ზემოქმედება თავის მომავალ ბავშვზე.  წყარო: www.eka-mama.ru

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

______________________________________

გადასვლა >>1. სტომატოლოგია;  2. ორსულობა და მშობიარობა, მეანობა

.