სტომატოლოგთან კონსულტაცია ორსულობის დაგეგმვის დროს

სტომატოლოგთან კონსულტაცია ორსულობის დაგეგმვის დროს

კბილების დაკარგვა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საშიშროებაა ორსულთათვის. ანდაზა „თითოეულ ბავშვს დედის ერთი კბილი მიაქვს”, დღემდე აშინებს მომავალ დედებს. არის ეს სიმართლე? არის, თუ ქალი არ ზრუნავს თავისი კბილების ჯანმრთელობაზე. თუ მომავალი დედა გეგმავს ორსულობას, ყურადღებით ეკიდება თავის ჯანმრთელობას, მათ შორის სტომატოლოგიურს, მას ვერანაირი ხალხური „სიბრძნე” ვერ შეაშინებს. >>>>

რატომ უნდა მიმართოს ქალმა აუცილებლად სტომატოლოგს უკვე ორსულობის დაგეგმვის ეტაპზე, იმ შემთხვევაშიც კი თუ მას არაფერი არ აწუხებს?

 საქმე იმაშია, რომ ბავშვის მოლოდინი ქალის ორგანიზმს აიძულებს სხვანაირად იმუშავოს. ჰორმონული გადაწყობა ასუსტებს იმუნურ სისტემას, ანუ შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა დაავადებები. გარდა ამისა, ნაყოფი დედისგან იღებს მისი განვითარებისთვის აუცილებელ ნივთიერებებს, მაგალითად, კალციუმს. სწორედ ამ ფაქტით არის განპირობებული კარიესისა და გინგივიტის აქტიური განვითარება ორსულობის პერიოდში. მაგრამ, როგორც ცნობილია, ნებისმიერი პრობლემის აღკვეთა უფრო ადვილია, ვიდრე მოგვარება. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი სტომატოლოგთან ვიზიტი ჯერ კიდევ ორსულობის დაგეგმვის ეტაპზე.

სტომატოლოგი დაათვალიერებს პირის ღრუს, ჩაატარებს მკურნალობას, გამოავლენს პოტენციურ საშიშროებებს, რომლებმაც შეიძლება თავი იჩინონ ორსულობის დროს. იგი შეიმუშავებს პროფილაქტიკური ღონისძიებების სისტემას, რომელთა საშუალებითაც შეინარჩუნებთ კბილების ჯანმრთელობას.

პროფილაქტიკა 

კბილის მინანქრის გასამაგრებლად სტომატოლოგმა შეიძლება დანიშნოს ფტორირება. ამ მიზნით იყენებენ ფტორის შემცველ ლაქს, რომელსაც წაუსვამენ უშუალოდ კბილების ზედაპირზე. ტოქსიკოზის მქონე ორსულებში ფტორირების ჩატარება არ შეიძლება.

ორსულთა მკურნალობის თავისებურებები 

პირველი ტრიმესტრი 

ამ პერიოდში მომავალი დედა მაქსიმალურად ფრთხილი უნდა იყოს ყველაფერში, რაც მის ჯანმრთელობას ეხება. ექიმები ცდილობენ არ ჩაერიონ ორგანიზმის მუშაობაში და მკურნალობა, მათ შორის სტომატოლოგიურიც, მინიმუმამდე დაიყვანონ. თუ ორსულმა გადაწყვიტა მიმართოს სტომატოლოგს ორსულობის მცირე ვადაზე, უნდა აცნობოს მას ორსულობის შესახებ. ეს მონაცემები აუცილებელია მკურნალობის სწორი სტრატეგიის განსაზღვრისთვის.

მეორე ტრიმესტრი 

ყველაზე სასურველი პერიოდია საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის. ძირითადად, სტომატოლოგები მომავალი დედების კბილების პრობლემების მოგვარებას სწორედ ამ დრომდე გადადებენ.

მესამე ტრიმესტრი 

ამ პერიოდში იწყება ნაყოფის ჩონჩხის ინტენსიური მინერალიზაცია. შედეგად, ორსულს შეიძლება აღენიშნოს პირის ღრუს სიმშრალე, ღრძილების შეშუპება და სისხლმდენობა, იზრდება კბილებისა და პაროდონტის დაავადებების განვითარების რისკი.

თანამედროვე სტომატოლოგიის ყველა მიღწევის მიუხედავად, არის ზოგიერთი პროცედურა, რომელთა ჩატარებაც არ შეიძლება ორსულობის დროს. მაგალითად, არც ერთი ექიმი არ გაუთეთრებს კბილებს ორსულ პაციენტს. საქმე იმაშია, რომ მათეთრებელი პრეპარატების მოქმედება ორსული ქალის ორგანიზმზე შესწავლილი არ არის. ამ სფეროში გამოკვლევები არ ჩატარებულა და არც ჩატარდება. ორსულობის დროს, ასევე არ შეიძლება იმპლანტაცია. იმპლანტატები უნდა ჩადგეს ან ორსულობამდე ან მშობიარობის შემდეგ.

რენტგენის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის ორსულობის მე-20 კვირამდე. ორსულის რენტგენოლოგიური გამოკვლევა, ძირითადად, ხორციელდება რადიოვიზიოგრაფით, დამცავი წინსაფრის გამოყენებით, რომელიც დასხივებისგან იცავს მას.

ორსულობის ცხრა თვის განმავლობაში რეკომენდებულია სტომატოლოგთან მინიმუმ სამი ვიზიტი.

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

______________________________________

გადასვლა >>> ,,სტომატოლოგია”;  გადასვლა >>> ,,ორსულობა და მშობიარობა, მეანობა

.