ბავშვის ტემპერამენტი – მელანქოლიკური ტიპი

ბავშვის ტემპერამენტი – მელანქოლიკური ტიპი

საერთო დახასიათება: ბავშვი მელანქოლიკები ძალიან მგრძნობიარეები არიან, ამიტომ განსაკუთრებით საჭიროებენ ოჯახის წევრების მხარდაჭერასა და ყურადღებას. იოლად ნაწყენდებიან, სიახლის მიმართ ფრთხილობენ, მხოლოდ უახლოეს ადამიანებს ენდობიან, საკუთარ თავში ნაკლებ თავდაჯერებულები არიან და გადაწყვეტილებებსაც რთულად იღებენ.

უცხო გარემოში აღმოჩენილი მელანქოლიკი ბავშვი ადვილად იბნევა, იკარგება და იჩაგრება, საკუთარი თავის დაცვას ვერ ახერხებს, მცირედ უსიამოვნებასაც შეუძლია მდგომარეობიდან გამოიყვანოს, გაანერვიულოს. უჭირს საკუთარი აზრის დაცვა, რადგან კამათი არ შეუძლია, ამიტომ მასზე ძლიერი პიროვნებები იოლად იმორჩილებენ. სირთულის პირისპირ აღმოჩენილი მელანქოლიკები მალე იღლებიან, იბნევიან და ფარ-ხმალსაც ყრიან.

ამ დახასიათების მიუხედავად, ნუ იფიქრებთ, რომ მელანქოლიკები შეუმდგარი ადამიანები არიან. პირიქით, მათ ძალიან ძლიერი მხარეებიც გააჩნიათ. განსაკუთრებით წარმატებულები არიან ხელოვნებაში, ასევე იმ პროფესიებში, რომლებიც სიზუსტეს, დაკვირვებას, სიმშვიდესა და გაწონასწორებას მოითხოვს.

მელანქოლიკის შინაგანი სამყარო ძალიან მდიდარი, ღრმა და ემოციურია. თავდაუჯერებლობა კი მუდმივი ძიებისკენ უბიძგებს, რასაც, როგორც წესი, საუკეთესო შედეგამდე მიჰყავს. ბავშვობაში ზოგჯერ დიდივით აზროვნებს, ლოგიკურია, თანმიმდევრობითი, დასკვნების გამოტანა არ უჭირს, ახსნას ყველაფერს უძებნის.

გარშემომყოფებისთვის გულჩათხრობილია, მაგრამ ოჯახის ერთ წევრს ირჩევს და მასთან ბოლომდე გულახდილია, ამიტომ მელანქოლიკის მიერ არჩეული მესაიდუმლე განსაკუთრებით უნდა გაფრთხილდეს, რომ ნდობა არ დაკარგოს. ასეთ შემთხვევაში, მელანქოლიკი უფრო მეტად ჩაიკეტება და, შესაძლოა, ფსიქიკური ტრავმაც მიიღოს.

როგორც წესი, მელანქოლიკები წყნარად და ხმადაბლა საუბრობენ, რითიც თანამესაუბრის მთელ ყურადღებას იპყრობენ. მას სხვანაირად არ შეუძლია, რადგან სხვისგანაც ისე მოითხოვს სრულყოფილებას, როგორც საკუთარი თავისგან.

ყოველდღიური პრობლემები: მცირედი შენიშვნაც შეიძლება ძალიან მტკივნეულად აღიქვას; ერთი ქულით ნაკლები ნიშანი თავს ცუდ მოსწავლედ აგრძნობინებს; თქვენ მიერ შერჩეული ტანსაცმლით მთელი სეზონი ივლის და მხოლოდ ბოლოს იტყვის, რომ ეს სამოსი საშინლად არ მოსწონს, რითიც თქვენც ძალიან ცუდად გაგრძნობინებთ თავს.

მშობლების შეცდომა: გარეგნულად მშვიდ მელანქოლიკში ძნელად ამჩნევენ მის შინაგან მღელვარებას; მშვიდი ბუნების გამო ჰქონიათ, რომ ზარმაცი და ყველაფრის მიმართ გულგრილი შვილი ჰყავთ, რის გამოც ეჩხუბებიან, რაც სრულიად დაუშვებელია. ჩხუბი მელანქოლიკის არასრულფასოვნებს კომპლექსს მხოლოდ აღრმავებს.

რეკომენდაციები: მელანქოლიკს კოლექტიურ საქმეში ჩართვა უჭირს, მაგრამ თუ პირველი წინაღობა გადალახა, მაშინ სხვების მსგავსად მუშაობს ან ერთობა. ბაღში ან სკოლაში თამაშისას დაეხმარეთ თავი კოლექტივის წევრად იგრძნოს. ასწავლეთ როგორ გაიცნოს თანატოლი, რა თემაზე დაელაპარაკოს. აუხსენით, რომ შეცდომას ყველა უშვებს, მათ შორის, გუნდის ყველაზე წარმატებული წევრიც.

მელანქოლიკს გამუდმებით ესაჭიროება ახლობლების მხარდაჭერა. ნუ დაინანებთ შექებას, წახალისებას, პოზიტივი მის შეცდომებშიც ეძიეთ. თუ შედეგს ვერ მიაღწევს, იმის გამო მაინც შეაქეთ, რომ პროცესი შედგა, რომ ასეთ რთულ საქმეს შეეჭიდა და ა.შ. დააჯერეთ, რომ მისი გჯერათ და ზუსტად იცით, რომ მის მცდელობას მალე მოჰყვება შედეგი. მოუთხრეთ საკუთარი მაგალითი (თუნდაც გამოგონილი), თუ როგორ არ გამოგდიოდათ რაღაც, მაგრამ შრომის შედეგად სასურველ შედეგს მაინც მიაღწიეთ. გაახსენეთ წინა წარმატებები, რათა თავდაჯერება უფრო გაუმყარდეს.

ასწავლეთ, რომ შეცდომები მომავალი წარმატებისთვის აუცილებელია. მასთან ერთად განიხილეთ დაშვებული შეცდომები და უკეთესი ვარიანტის მოძებნაში დაეხმარეთ. წარუმატებლობის შემდეგ ეცადეთ, ისეთ დავალება მისცეთ, რომელსაც მარტივად შეასრულებს, რაც თავდაჯერებას აუმაღლებს.

მელანქოლიკი ბავშვები ხშირად მიიჩნევენ თავს \”თეთრ ყვავად\”, რის გამოც თავს ცუდად გრძნობენ, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში ყოფნის განსაკუთრებული მოთხოვნილება არ აქვთ. ამის გამო, უჭირთ ახალ სკოლაში გადასვლა, სასკოლო ღონისძიებებში მონაწილეობა. სწორედ ამ დროს სჭირდება ყველაზე დიდი მხარდაჭერა და სითბო. კარგი იქნება, თუ ახალ კლასელებს შინ მოიპატიჟებთ და ერთი საათით მაინც მისცემთ სკოლის გარეთ ურთერთობის საშუალებას. ეს მათ უფრო დააახლოვებს, მელანქოლიკ ბავშვს კი ურთიერთობისთვის გახსნის.

ერთი სიტყვთ, თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად იგრძნობს თავს ადამიანების წრეში. და თუ სასურველ შედეგს მიაღწევთ და კომპლექსებს მაქსიმალურად მოუხსნით, მაშინ გამორიცხული არ არის, მელანქოლიკი ბავშვი კოლექტივის გონებრივ ლიდერადაც იქცეს და ასე დაიმსახუროს გარშემომყოფთა პატივისცემა და სიყვარული.

აღებულია: http://skolebi.com/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D_%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/news/1385122011

იხ.ასევე:

_______________________________________

გადასვლა>>> ,,ბავშვი”