ბავშვის ტემპერამენტი – ქოლერიკული ტიპი

ბავშვის ტემპერამენტი – ქოლერიკული ტიპი

საერთო დახასიათება

ფეთქებადი, თავდაჯერებული, მიზანმიმართული, მუდამ ოპტიმისტური, იმპულსიური, აქტიური. გადაწყვეტილებას წამიერად იღებს, ამიტომ მისი იდეები სპონტანური და მოულოდნელია, რაც მათ ზოგჯერ საინტერესოს ხდის.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

ქოლერიკი ძალიან მოძრავი და აქტიურია, ვერ იტანს დიდხანს ლოდინს, ახასიათებს ხასიათის ხშირი და მოულოდნელი ცვლილება.
რთულია წინასწარ განსაზღვრო, თუ როგორ მოიქცევა კონკრეტულ შემთხვევაში.

ბავშვი ქოლერიკი ძალიან მოუსვენარი, ჯიუტი, მიზანსწრაფული და უშიშარია.
გადაწყვეტილების შეცვლა უკანასკნელ წამსაც შეუძლია, უყვარს რისკი, თავგადასავლები. ერთი სიტყვით, არასდროს იცი, რას უნდა ელოდო, რადგან ამის შესახებ თავადაც არაფერი იცის.

ყოველდღიური პრობლემები

ახალი იდეით იმდენად შეპყრობილია, რომ თქვენი საერთოდ არ ესმის; დაწყებულ საქმეს დასრულების გარეშე ტოვებს ან იმდენად სწრაფად აკეთებს, რომ უკან შეცდომების გროვა რჩება; უჭირს კომპრომისზე წასვლა, რაც მცირედ აგრესიასა და ჭირვეულობას იწვევს; გადაჭარბებული დამოუკიდებლობა და თავდაჯერებულობა, რისკის სიყვარული და გაუაზრებელი ნაბიჯებისკენ მიდრეკილება ზოგჯერ უსიამოვნოდ მთავრდება; ქოლერიკი ტიპის ბავშვი ურთიერთობებისთვის გახსნილია, მაგრამ მოულოდნელად შეიძლება მთელ სამეგობროს წაეჩხუბოს; მოზარდობისას ურთიერთობებში არსებული პრობლემების გამო გამორიცხული არ არის ნერვული აშლილობა და სუიციდისკენ მიდრეკილება.

მშობლების შეცდომა

ზედმეტი სიმკაცრე, აქტივობის შეზღუდვა, საკუთარი თავის კონტროლის გადაჭარბებული მოთხოვნა, რასაც ბავშვთან კონტაქტის გაწყვეტის გამოწვევა შეუძლია.

რეკომენდაციები

ქოლერიკის მოჭარბებული ენერგიის გაკონტროლება კარგად შეუძლია კონკრეტულ საქმიანობას, გატაცებას, თუნდაც ხელსაქმეს ან სხვა მსგავს მსუბუქ ჰობის. ძალიან კარგია, თუ აქტიური სპორტით დაკავდება, რადგან ვარჯიში საკუთარი ენერგიის კონროლს ასწავლის, გარდა ამისა, ლიდერობისკენ მისწრაფება სპორტში კარგი შედეგის მიღწევის წინაპირობას შეუქმნის. ქოლერიკს სივრცე ესაჭიროება, ამიტომ ხშირად წაიყვანეთ ქალაქგარეთ, სამოგზაუროდ, ხალხმრავალ ადგილებში.
ეცადეთ, შთააგონოთ, რომ რაოდენობაზე უკეთესი მხოლოდ ხარისხი შეიძლება იყოს, ამრიგად საკუთარი მოუთმენლობის მოთოკვა მოუწევს. მისი ენერგიის კონტროლის სწავლების პროცესში აქტიურად ჩაერთეთ, ბევრი დრო გაატარეთ ერთად, საკუთარი მაგალითი ყოველთვის წინ დაახვედრეთ. ნუ გაღიზიანდებით, თუ საქმეში ბოლომდე არ მოგყვებათ, რადგან ეს ეტაპობრივი პროცესია, ამიტომ მოთმინება გმართებთ. ხშირად შეაქეთ გამოჩენილი მოთმინებისთვის, აგრძნობინეთ, რომ ამ ბრძოლაში მარტო არაა.
ასწავლეთ, კოლექტივში ურთიერთობის დალაგების მეთოდები, რადგან ადრე თუ გვიან ამის გაკეთება დამოუკიდებლად მოუწევს. ერთად გაარჩიეთ კონფლიქტის შემთხვევები, გააანალიზეთ, მოუყვანეთ საკუთარი მაგალითი და საუკეთესო გამოსავლის ვარიანტები შეარჩიეთ.
ბავშვ ქოლერიკს სათავგადასავლო და ჰეროიკული ხასიათის ნაწარმოებების კითხვა უყვარს, ამიტომ ნუ დაიზარებთ და მისი საყვარელი პერსონაჟების მოთმინების, თვითკონტროლისა და ზომიერების უნარით აღფრთოვანდით ხოლმე.
გახსოვდეთ, ტემპერამენტის გამო ნურასდროს გაკიცხავთ, რადგან ეს მხოლოდ და მხოლოდ თანდაყოლილი თვისებაა, რომელიც კონტროლს ექვემდებარება, ამის გაკეთება კი ბავშვს თქვენთან ერთად უფრო მეტად გაუიოლდება. გადასვლა>>> ,,ბავშვი”


აღებულია: http://skolebi.com/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D_%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/news/1384340949.    

იხ.ასევე: