მარტო სახლში

მარტო სახლში

გყავთ ძიძა, დედა გეხმარებათ ან ბაღი გვიანობამდე მუშაობს – ეს დიდი კომფორტია, რადგან ბავშვისგან თავისუფალ დროს უამრავ საქმეს მოასწრებთ, მაგრამ მაინც არის მომენტი, როდესაც არც დამტოვებელი გყავთ და ვერც თან წაიყვანთ, ამიტომ ბავშვის შინ მარტო დატოვების საკითხზე ზრუნვა ადრე არასდროს არ არის.
აქ ცხადია, საუბარია ისეთი ასაკის ბავშვზე, რომელსაც კომუნიკაციაც შეუძლია, დამოუკიდებლად საკვების მიღებაც და საჭიროების შემთხვევაში ტელეფონზე დარეკვაც.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

ვიდრე ბავშვს მარტო დატოვებთ, თავდაპირველად გაარკვიეთ, არის თუ არა ამისთვის მზად.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ 3-4 წლის პატარას ოთახში მარტო დარჩენის არ უნდა ეშინოდეს, ამიტომ ამ ასაკიდანვე შეაჩვიეთ უთქვენობას.
უთხარით, რომ მალე მოხვალთ, ოთახიდან რამდენიმე წუთით გადით და უთვალთვალეთ, რათა დარწმუნდეთ, თამაშს აგრძელებს თუ შეშინებული თვალებით დაგეძებთ.
თუ ბავშვის რეაქცია მშვიდია, მაშინ მომდევნო დღესაც ასე მოიქეცით.
საბოლოოდ ბავშვი დარწმუნდება, რომ რამდენჯერად გახვედით, იმდენჯერ კვლავ მასთან მიბრუნდით, ესე იგი საშიშია არაფერია.

შემდეგი ეტაპი სახლიდან გასვლაა

ბავშვს მულტფილმი ჩაურთეთ ან საყვარელი სათამაშოს აწყობა სთხოვეთ, დაუბარეთ, რომ მაღაზიაში უნდა ჩახვიდეთ და შინიდან 10-15 წუთით გადით.
ძალიან შორს ნუ წახვალთ, რათა პანიკის შემთხვევაში მალევე მიბრუნდეთ. შინ დაბრუნებისას ბავშვთან მიდით და უთხარით, რომ მოხვედით, მოთმინებისთვის კი შეაქეთ.
ბავშვის შინ მარტო დატოვება მარტო ფსიქოლოგიური საკითხი არ გახლავთ – მისი უსაფრთხოება არა ნაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია, ამიტომ ყველა ოთახისა და მათში არსებული ნივთების შესახებ საგულდაგულოდ გაესაუბრეთ.
აუხსენით, რომ გაზის ქურას არა მხოლოდ მისი, არამედ დედიკოს დაზიანებაც შეუძლია, უთხარით, რომ თუ მაცივარს გამოაღებს, სამსახურიდან მობრუნებული მამიკო მშიერი დარჩება და ა. შ. (როგორც წესი, პატარებისთვის მშობელი უფრო მნიშვნელოვანი ფიგურაა, ვიდრე საკუთარი თავი).
კარგი იქნება, თუ ბავშვს ზუსტად ეცოდინება, რომელი ნივთებისთვის ხელის ხლება არ შეიძლება – დაე, იცოდეს, რისთვის გამოიყენება უთო და რომ მისი სათამაშოდ გამოყენება შეუძლებელია.
ინფორმაციის მიწოდება კი იმისთვის არის აუცილებელი, რომ ბავშვმა საკუთარი ძალებით არ მოისურვოს უთოს დანიშნულების გაგება.
არ დაგავიწყდეთ, რომ პატარები ძალიან ინტერესიანები არიან, ამ ინტერესის დასაკმაყოფილებისას კი საკუთარი თავის დაზიანება შეუძლიათ.
ელექტრო ნივთებთან დაკავშირებით შეგიძლიათ უთხრათ, რომ ეს ნივთები მხოლოდ უფროსების ხელში იღვიძებს, ბავშვის ხელის მოკიდებისთანავე კი სამუდამოდ გაფუჭდება, რაც მამიკოს ან დედიკოს გაანაწყენებს.
უთხარით, რომ ფენს (ან ნებისმიერ სხვა ნივთს) მამიკოსთან ლაპარაკი შეუძლია და თუ ხელს მოკიდებს, ამის შესახებ მამა აუცილებლად გაიგებს.
ეს არ არის დაშინება – ამ ყველაფრის მიწოდება ბავშვისთვის ზღაპრის დონეზე შეიძლება, ზღაპრებისა კი პატარებს ყველაზე მეტად სჯერათ.
უდიდესი ყურადღება დაუთმეთ კარის კლიტეების საკითხს.
საპირფარეშოს კარი ადვილად უნდა იღებოდეს, რათა ბავშვი შიგნით არ ჩაიკეტოს, რაც ყველაზე მეტად შეაშინებს.
ასევე მნიშვნელოვანია მთავარი კარის საკეტი, რომელიც შიგნიდანაც უნდა იღებოდეს (სხვა და სხვა გაუთვალისწინებლი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად), მაგრამ ბავშვმა კარი მხოლოდ კონკრეტულ ადამიანებს (მშობლებს, უახლოეს მეზობელს) უნდა გაუღოს.
ამიტომ ცოტა წავარჯიშება მოგიწევთ: გარეთ გადით და იქიდან სთხოვეთ ბავშვს კარის გაღება, რათა ის თქვენს ოდნავ შეცვლილ ხმას მიეჩვიოს.
კიდევ ერთი დეტალი: იმისთვის, რომ ბავშვს სახლის შესწავლის სურვილი არ გაუჩნდეს, შინიდან წასვლისას აუცილებლად დაუტოვეთ სამეცადინო ან გასართობი, რომელიც ხანგრძლივი დროით დააკავებს.
შინ მობრუნებულმა კი მის მიერ გაწეული შრომის შედეგი შეაფასეთ.

აღებულია: http://skolebi.com/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D_%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/news/1381142836.. გადასვლა>>> ,,ბავშვი”