სამგანზომილებიანი კინოსეანსი

სამგანზომილებიანი კინოსეანსი

ბოლო წლებში თანამედროვე კინემატოგრაფი პრაქტიკულად მთლიანად სამგანზომილებიან ფორმატში გადავიდა. საბავშვო ფილმები და ანიმაციებიც კი 3D გამოდის, რომელთა ნახვაც სპეციალური სათვალის გარეშე წარმოუდგენელია. სხვა საკითხია, რამდენად რეკომენდებულია ბავშვისთვის სამგანზომილებიანი გამოსახულების ყურება.

სპეციალისტები დიდი ხანია შეთანხმდნენ, რომ სამგანზომილებიანი გამოსახულება ყველა ასაკის ადამიანისთვის საზიანოა, მით უფრო პატარებისთვის, მაგრამ ვერც იმ ფაქტს გავექცევით, რომ კინოხელოვნება ყველას უყვარს, შესაბამისად, 3D ფილმებს ყოველთვის ეყოლება მაყურებელი.

იმავე სპეციალისტების რჩევით, უმჯობესი იქნება, თუ 5 წლამდე ასაკის ბავშვს 3D ფილმზე არ წავიყვანთ, რათა თავიდან ავიცილოთ ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში მყოფი მხედველობის ორგანოს პათოლოგიის განვითარება. 5 წლის ასაკის ზემოთ კი ამის გაკეთებას რაც შეიძლება იშვიათად გვირჩევენ, მაგალითად, წელიწადში ორ-სამჯერ.
კინოთეატრებში მხოლოდ სტანდარტული ზომის სათვალე აქვთ (იშვიათი გამონაკლისების გარდა ასეა პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში), რაც ბავშვს ერთგვარ დისკომფორტს უქმნის. გარდა ამისა, მრავალჯერადი სათვალე ჰიგიენის თვალსაზრისით ეჭვსაც იწვევს. თუ ძალიან ხართ მონდომებული, თქვენი შვილი ხშირად ატაროთ კინოში, მაშინ ჯობს, მისთვის ინდივიდუალური სათვალე შეიძინოთ. ინტერნეტმაღაზიები საკმაოდ ფართო ასორტიმენტს გვთავაზობს: სხვა და სხვა ფერის, მასალის, ხარისხისა და ზომის სათვალეს. მათი ფასი 3 დოლარიდან იწყება და 40 დოლარამდე ადის.

***
მთავარი მაინც ბავშვის მიერ სამგანზომილებიანი გამოსახულების მიმღეობაა, ამიტომ პირველ წაყვანაზე კარგად დააკვირდით მის რეაქციებსა და სეანსის შემდგომ მდგომარეობას. თუ ფილმის ყურებისას ხშირად იხსნის სათვალეს და თვალებს იფშვნეტს, თუ დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ ჩივის, რომ თავბრუ ეხვევა, თვალები სტკივა ან სხვა სიმპტომები აქვს, ეს ნიშნავს, რომ 3D-ს ცუდად იტანს და ექსპერიმენტის ხელმეორედ გამეორება ნამდვილად არ ღირს.

სამგანზომილებიან გამოსახულებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აღიქვამ, თუ ორივე თვალით გამართულად ხედავ, რადგან სათვალის ლინზები გამოსახულების სხვა და სხვა ნაწილს ირეკლავს, ხოლო მათი გაერთიანების ფუნქციას ჩვენს ტვინს უტოვებს. ამრიგად, თუ ბავშვს მხედველობის პრობლემა აქვს, მისი 3D-ს ფილმზე წაყვანა კატეგორიულად აკრძალეთ.

მეორე საკითხია ნანახით მიღებული ემოცია – სამგანზომილებიანი გამოსახულება საკმაოდ შთამბეჭდავია, მაგრამ შეიძლება საშიშიც იყოს. ამიტომ ბავშვს კარგად აუხსენით, რომ ეკრანზე ნანახი სინამდვილეში არ ხდება, რომ ეს უბრალოდ სხვანაირი კინოა, ხოლო თუ მაინც შეეშინდება, დაუყოვნებლივ დატოვეთ დარბაზი, რათა კინოთეატრში წასვლის სურვილი საბოლოოდ არ მოუკლათ.

აღებულია: http://skolebi.com/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D_%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/news/1378906415

____________________________________

გადასვლა>>> ,,ბავშვი”