გარდატეხის ასაკი

გარდატეხის ასაკი

ერთია, როდესაც შინ პატარა ბავშვი გვყავს, რომელიც ჩვენგან მაქსიმალურ ყურადღებას, გამუდმებულ მზრუნველობასა და ფიქრს მოითხოვს, მაგრამ მეორეა, როდესაც ეს ბავშვი იზრდება, მოზარდად ყალიბდება და სულ უფრო მეტ საზრუნავს გვიმატებს.
ყველა დროის მოზარდს საკუთარი პრობლემები და სირთულეები აქვს.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

ასეა თანამედროვე მოზარდის ცხოვრებაშიც – ტელეეკრანიდან, ინტერნეტიდან, ქუჩიდან, სკოლიდან შესრუტული ინფორმაცია მის გონებაში სხვა და სხვა გვარად ილექება და ზოგჯერ ნეგატიურ შედეგამდეც მივყავართ.
სწორედ ამიტომ, ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ ჩვენი შვილების ამ მეტად საპასუხისმგებლო პერიოდში განსაკუთრებით ყურადღებით ვიყოთ, რათა აუცილებლობის შემთხვევაში სათანადო რეაგირება შევძლოთ.
იმის მიხვედრა, რომ ბავშვი მოზარდად იქცა, ადვილია: შედარებით გულჩათხრობილია, ხშირად ღიზიანდება, აგრესიულია, უმიზეზოდ ტირის, საკუთარ ოთახში იკეტება და ასე შემდეგ.
ასეთ დროს მისდამი დიდი ყურადღება გმართებთ, რათა ზედმეტად არ გააღიზიანოთ, არ შეაწუხოთ კითხვებით, მით უმეტეს, აგრესიაზე აგრესიით არ უპასუხოთ.
უნდა გახსოვდეთ, რომ მოზარდიც პიროვნებაა, რომელიც უფროსების სამყაროში საკუთარი ადგილის დამკვიდრებას იწყებს.

ამბოხი

ამბოხი ნებისმიერი მოზარდისთვის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. აქვთ სურვილი ყველაფერზე საკუთარი აზრი იქონიონ და ის დაუფარავად გამოთქვან.
უჩნდებათ ნონკონფორმიზმის დაუშრეტელი სურვილი, არ მოსწონთ საზოგადოების წყობა, წესები, არ მოსწონთ სხვების ჩაცმულობა, მუსიკალური გემოვნება, ამერიკული ფილმები, სახლში არსებული ავეჯი, არაფრით გამორჩეული მშობლები, მუდამ დამრიგებლური ტონის მქონე მასწავლებლები და ასე შემდეგ.
ასეთ დროს მშობელმა საღად უნდა შეაფასოს ვითარება. ბოლოს და ბოლოს განსხვავებულად მოაზროვნე და საკუთარი პოზიციების დამცველი ახალგაზრდა საკმაოდ სასიამოვნო მოსაუბრეც შეიძლება იყოს, მისგანაც შეიძლება რამის სწავლა. მშობლის მხრიდან მხარდაჭერა მოზარდს თვითდაჯერებას განუმტკიცებს, რაც ძალიან კარგია.

არასტაბილურობა და არაორგანიზებულობა

გარდატეხის ასაკის კიდევ ერთი დამახასიათებელია არასტაბილურობა და არაორგანიზებულობა. მოზარდი საკუთარ ოთახს აღარ ალაგებს, არ უფრთხილდება ნივთებს, ზოგჯერ პირად ჰიგიენასაც ივიწყებს. ხშირად იცვლის პრიორიტეტებს.
მაგალითად თუ თვის დასაწყისში ცეკვის წრეზე მოისურვებს შესვლას, თვის ბოლოს ხატვის შესწავლა უნდება. არასტაბილური ხდება პირად ფრონტზეც.
შეიძლება ყოველ კვირას ახალი შეყვარებული გაიჩინოს და სხვა. სპეციალისტები ამ მდგომარეობას დროებითად აფასებენ და გვამშვიდებენ, რომ ის ზედმეტი ჩარევის გარეშეც გაივლის.
თუ ატყობთ, რომ მოზარდს რაღაცის გაკეთების ფიზიკური ან გონებრივი შესაძლებლობა აქვს, ნუ შეზღუდავთ და ნუ აიძულებთ, მხოლოდ მისი ასაკისთვის შესაფერისი საქმიანობით დაკავდეს. მსგავსი წინააღმდეგობა მასში სიახლისკენ სწრაფვის სურვილს ჩაკლავს, რაც, შეიძლება, შეუქცევად პროცესად იქცეს.

სიმორცხვე და გაუბედავობა

გარდატეხის ასაკის პრობლემათა შორისაა სიმორცხვე და გაუბედავობა, რასაც საკუთარ თავში თავდაჯერების სიმცირე იწვევს.
ასეთ ასაკში ადამიანს ფანტაზიის განსაკუთრებული შემოტევა აქვს, რასაც განხორციელებაც სჭირდება, ამიტომ ნუ შეზღუდავთ, თუ ის უჩუმრად მოთხობებს წერს, ხატავს, მღერის ან სამოყვარულო ფილმებს იღებს.
სირცხვილის მიზეზი ხდება გარეგნობაც, რაც გარდატეხის ასაკში განსაკუთრებით მწვავე პრობლემაა.
სახე მუწუკებით იფარება, რამდენადმე დეფორმირდება, სხეული ახალ ფორმებს იძენს – ან ძალიან მალე მაღლდება ან, პირიქით, კლასში ყველაზე დაბალია, მალე იმატებს წონაში, გოგონებს ეზრდებათ მკერდი.
ასეთ დროს მის გარეგნობაზე ყურადღების გამახვილება არაფრით შეიძლება;
არაფერი მოქმედებს მოზარდ გოგონებზე იმაზე მეტად, ვიდრე მათ წამოზრდილ მკერდზე საუბარი (დედები, ბებიები ხშირად ამ საკითხს საკმაოდ ხმამაღლა, უტაქტოდ განიხილავენ).
ფიზიკური გარდატეხის პერიოდი მალე გაივლის, მუწუკებსაც ეშველება, ასე რომ არ ღირს მათ გამო შვილის განაწყენება, პირიქით, საკუთარი მაგალითით დაუმტკიცეთ, რომ ეს ცვლილებები ყველას გადაუტანია და რომ დიდების ლიგაში გადასასვლელად ამ \”გამოცდის\” ჩაბარება აუცილებელი პირობაა.
საქართველოში მშობლიური სახლის დატოვება დიდობაშიც იშვიათი შემთხვევაა, თუმცა მოზარდებს სახლიდან გაქცევა ძალიან უნდებათ.
ასეთ დროს, მათთვის ყველაზე დიდი მტერი მშობელია, რომელიც ვერ უგებს, მის დამოუკიდებლობას პატივს არ სცემს.
სახლიდან წასვლის მიზეზად შეიძლება ამავე დამოუკიდებლობის დამტკიცების სურვილიც იყოს, ამიტომ მოზარდის მშობელი გამუდმებით საქმის კურსში უნდა იყოს, აკონტროლოს შვილის ყოველი წამი და ნაბიჯი, მაგრამ არამც და არამც მისი შეწუხების, მისი მყუდროებისა და პირადი სივრცის დარღვევის ხარჯზე.
მისი პატივისცემა თქვენი უმთავრესი მისიაა, პატივისცემას კი აუცილებლად მოჰყვება ადეკვატური პასუხი. გადასვლა>>> ბავშვი

აღებულია: http://skolebi.com/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D_%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/news/1382094061