24 საათიანი ეკგ ჰოლტერის მონიტორინგი

ავტორი: დოქტორი დავით მალიძე. საავტორო უფლებები დაცულია.

24 საათიანი ეკგ, ჰოლტერის მონიტორინგი, არითმია, სტენოკარდია, გულის რითმის ვარიაბელობა

ჰოლტერის მონიტორირება კვლევის მეთოდია, რომელიც სპეციალური მოწყობილობის ჰოლტერის მონიტორის მეშვეობით, გულის რითმის უწყვეტ ჩაწერას ახორციელებს. გამოკვლევა, ჩვეულებრივ, 24 საათს გრძელდება. კვლევის ამ მეთოდს ამბულატორიულ ელექტროკარდიოგრამასაც უწოდებენ. გულის რიტმის ჩაწერა გულმკერდზე დამაგრებული ელექტროდების საშუალებით ხორციელდება. ელექტროდები პატარა პლასტიკური ფირფიტებია, რომლებიც მავთულების საშუალებით დაკავშირებულია მონიტორთან. ამ ტესტის ჩატარება დაეხმარება ექიმს შეაფასოს თქვენი გულის მუშაობა, როგორც ჩვეული ფიზიკური დატვირთვის, ასევე ღამით და მოსვენებულ მდგომარეობაში.


საქართველოდან ბევრი მიმართავს უცხოურ კლინიკებს, დიაგნოზის გადასამოწმებლად, კონსულტირებისა და თუ აუცილებელია – სამკურნალოდაც. განსაკუთრებით ხშირია დიაგნოზის გადამოწმება. უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


რატომ ტარდება ეს ტესტი?

არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც შეიძლება თქვენმა დაგჭირდეთ 24 საათიანი ეკგ ჰოლტერის მონიტორინგის კვლევა. ესენია:
1. არარეგულარული და ფარული  გულის არითმიების გამოვლენა, რომელიც ვლინდება დროის გარკვეულ პერიოდში ან განსაზღვრული საქმიანობის შესრულებისას.

ა) პაროქსიზმული ტაქიკარდიის გამოვლენა –ეს არის მოსვენებულ მდგომარეობაში გულის ცემის უეცარი აჩქარება  140–200 შეკუმშვამდე წუთში;
ბ) მოციმციმე არითმიის ეპიზოდების გამოვლენა;
გ) ექსტრასისტოლიის გამოვლენა;
დ) ვოლფ–პარკინსონ–უაიტის ანუ WPW სინდრომის გამოვლენა
ე) სიცოცხლისთვის საშიში ბრადიკარდიის ან გულის გამტარებელი სისტემის ბლოკადის გამოვლენა
ვ) ანტიარითმული თერაპიის ეფექტურობის შეფასების მიზნით
ზ) გულის რიტმის შეფასება გულში კარდიოსტიმულატორის ჩაყენების შემდეგ

2. მიოკარდიუმის სისხლმომარაგების დარღვევის (იშემიის) გამოვლენა, ფიზიკური დატვირთვის, მოსვენების და ძილის დროს

ა) ვარიანტული სტენოკარდიის ანუ კორონარული სისხლძარღვების სპაზმით გამოწვეული სტენოკარდიის გამოვლენა
ბ) გულმკერდში ტკივილის, სუნთქვის გაძნელების, გულისფრიალის, თავბრუხვევის, გონების დაბინდვის. გულის წასვლის მიზეზის დასადგენად

3. გულის რითმის ვარიაბელობის გამოკვლევა ვეგეტატიური ნერვული სისტემის დარღვევების შესაფასებლად. სწორედ ამ მონაცემით სარგებლობენ პაციენტის სიცოცხლისუნარიანობის განსასაზღვრელად, გულის უკმარისობის, შაქრიანი დიაბეტის და განსაკუთრებით მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდეგ.

მრავალი გამოკვლევით დადგენილია, რომ რაც რაც უფრო ნაკლებია გულის რითმის ვარიაბელობა, ანუ რაც უფრო მონოტონურია მაჯის ცემა, მით უფრო მეტია გულის უეცარი სიკვდილის რისკი და სიკვდილიანობა პაციენტებში. ჯერ კიდევ ჩინელები ამბობდნენ მე-3 საუკუნეში – “თუ ავადმყოფის პულსი ჰგავს წვიმის დროს სახლის სახურავიდან იატაკზე დაცემული წვეთების რითმულ მონოტონურობას – მის უკან სიკვდილია ჩასაფრებული”

როგორ უნდა მოემზადოთ ამ ტესტის ჩასატარებლად?

ჩაიცვით წინშესაკრავიანი თავისუფალი ზედატანი, რაც დაიცავს ელექტროდებს აძრობისაგან. არავითარი სხვა წინასწარი მომზადება არ არის საჭირო. ტესტის ჩატარების წინ თქვენ, ჩვეულებრივ, შეგიძლიათ მიიღოთ საკვები და სითხე. დანიშნული მედიკამენტების მიღების რეჟიმი შეათანხმეთ ექიმთან.

როგორ ტარდება ტესტი?

დარეგისტირების შემდეგ, თქვენ გეცნობებათ კვლევის ჩატარების თარიღი და დრო…
უშუალოდ გამოკვლევის წინ, პირველ რიგში, უნდა გაიწმინდოს თქვენი გულმ­კერდი და საჭიროების შემთხვევაში, გაიპარსოს. კანის გაწმენდა აუცილებელია ხარისხიანი ჩანაწერის მისაღებად.
ელექტროდები მიმაგრებულია პორტატულ ჰოლტერის მონი­ტორთან სპეციალური მავთულების საშუალებით. მონიტორი ჩადებუ­ლია ჩანთაში, რომელიც ღვედის საშუალებით მაგრდება წელზე, მხარზე ან კისერზე.
ჰოლტერის მონიტორინგი უნდა წარმოებდეს თქვენი ჩვეული ყოველდღიური აქტივობის ფონზე. დამატებით, თქვენ მოგეთხოვებათ პაციენტის დღიურის წარმოება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰოლტერის მონიტორი არ დასველდეს, რისთვისაც აპარატის მოხსნამდე არ მიიღოთ შხაპი, ან აბაზანა. ასევე, არ უნდა მოიძროთ ელექტროდები და არ მოიხსნათ მავთულები, რადგან ეს გავლენას იქონიებს ჩანაწერის ხარისხზე.

პაციენტის დღიური

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰოლტერის მონიტორირების დროს პაციენტმა სწორად აწარმოოს დღიური, ამისათვის საჭიროა ჩამოწეროთ ისეთი აქტივობები, როგორებიცაა:

· სეირნობა
· კიბეებზე ასვლა
· ფიზიკური ვარჯიში
· სხვა ფიზიკური აქტივობა ასევე უნდა მიეთითოს:
· საკვებისა და სასმელის მიღების პერიოდები
· მედიკამენტების მიღების დროს და დასახელება
· ემოციური დატვირთვა

მნიშვნელოვანია, რომ აღმოცენების დროს მითითებით, დღიურში ჩაიწეროს ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა:
ტკივილი გულმკერდში, სხვა ნებისმიერი ტკივილი, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, თავბრუხვევა, გონების დაბინდვა, ან გონების დაკარგვა, გულის ფრიალი, დაღლილობა, გულისრევის შეგრძნება.

ჰოლტერის მონიტორს გააჩნია „მოვლენათა“ ღილაკი, რომელსაც ხელი უნდა დააჭიროთ ზემოჩამოთვლილი სიმპტომების აღმოცენებისას (ამ დროს მოხდება ჩაწერილი მონაკვეთის მონიშვნა). ექთანმა უნდა გაჩვენოთ ეს ღილაკი. რას უნდა მოვერიდოთ ზოგიერთი საგანი, ან გარემო (მაგნიტი, მეტალის დეტექტორები, ელექტრული ველი) გარკვეულ გავლენას ახდენს ჰოლტერის მონიტორზე.

ჰოლტერის მონიტორინგის ტესტის დასრულება

დანიშნულ დროს დაბრუნდით ჰოლტერის მონიტორინგის კაბინეტში, სადაც მოგხსნიან ელექტროდებსა და მონიტორს.

საბოლოო შედეგი

კარდიოლოგს კომპიუტერში შეჰყავს ჰოლტერის მონიტორინგის ჩანაწერი, რომელიც გადის პროგრამულ დამუშავებას. ექიმი აანალიზებს პაციენტის დღიურის ჩანაწერს და ახდენს მიღებული შედეგების ინტერპრეტირებას. ჰოლტერის მონოტორირების პასუხი ეძლევა უშუალოდ პაციენტს, ან ეგზავნება მკურნალ ექიმს. ამ პასუხის მიხედვით, თქვენ შეიძლება დაგენიშნოთ დამატებითი ტესტი, ან მკურნალობა.

ავტორი: დოქტორი დავით მალიძე. საავტორო უფლებები დაცულია.