შაქრიან დიაბეტთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური პრობლემები

შაქრიან დიაბეტთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური პრობლემები

დიაბეტის დიაგნოზი მთელი ოჯახისთვის დიდი სტრესია. იმისათვის, რომ ცხოვრების ახალ წესთან ადაპტაცია პრობლემებთან არ გახდეს დაკავშირებული, პაციენტებმა აუცილებლად უნდა მიიღონ ექიმის კონსულტაცია და საჭიროების შემთხვევაში, არ უნდა მოერიდონ ფსიქოლოგთან ვიზიტს. ბავშვებისა და მათი მშობლების გარკვევა დიაბეტის არსში, თვითკონტროლის ჩვევების ათვისება სწავლების პროცესში ამცირებს დაავადების გამოვლენით მიყენებულ ფსიქოლოგიურ ტრამვას. >>>

ახლადგამოვლენილი შაქრიანი დიაბეტის დროს თითქმის ყველა პაციენტი და მათი ახლობლები დაავადების მიმართ ერთსა იმავეს განიცდიან. განვიხილოთ ის ფსიქოლოგიური ეტაპები, რომლებსაც ისინი გადიან.

I ეტაპი – გაოგნება. ამ დროს პაციენტი და მისი ახლობელი ემსგავსებიან ადამიანს, რომელიც დილით უცხო ადგილას იღვიძებს. ის ამბობს:  „ეს მე არ მჭირს, ექიმებს შეეშალათ, მე ჯანმრთელი ვიქნები“.   იწყება მკურნალობის სხვა მეთოდების ძიება, სხვადასხვა „მკურნალებთან“ სიარული. ექიმების მიმართ განწყობა ხშირად აგრესიულია. თუ პაციენტი დიდხანს ჩერდება I ეტაპზე და არ ასრულებს სამედიცინო რეკომენდაციებს, ეს ხშირად იწვევს გართულებებს. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია დიაბეტურ სკოლაში სწავის დროული დაწყება.

II  ეტაპი – მიზეზის ძიება. რაც უფრო ნაკლებია ავადმყოფის ასაკი, მით უფრო ადვილად მიმდინარეობს მასთან ეს ეტაპი და მით უფრო მძიმედ მის მშობლებთან. ამ უკანასკნელთ უჩნდებათ დანაშაულის გრძნობა, ცდილობენ იპოვონ პრობლემის აღმოცენებაში დამნაშავე. ამ ეტაპზე ინფორმაცია შაქრიანი დიაბეტის შესახებ უფრო ობიექტურად აღიქმება.

III  ეტაპი – დაავადების გაცნობიერება.  ამ ეტაპიდან  პაციენტი და მისი ოჯახი ეგუება ცხოვრებას შდ-თან ერთად.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა პაციენტი გადის ამ ეტაპებს, დაავადებისადმი დამოკიდებულება, ადამიანის ფსიქოტიპის მიხედვით, მაინც განსხვავებულია ერთმანეთისგან.   

თუ ავადმყოფობა საშიშროებასთან ასოცირდება, ადამიანს ნაკლებად სჯერა, რომ შეძლებს დაავადებასთან შეგუებას. ეს გამოვლინდება უიმედობის შეგრძნებით, ის ვეღარ აღქვამს თავს დამოუკიდებელ პიროვნებად, უჩნდება არასრულფასოვნების კომპლექსი და სირცხვილის გრძნობა, ერღვევა ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, ეჩვენება, რომ გარშემომყოფებმა მას უღალატეს, თავს დაკარგულად გრძნობს, მომავალს იმედითა და რწმენით ვეღარ უყურებს.  ხოლო თუ პაციენტი ავადმყოფობას აღიქვამს, როგორც გამოწვევას, შეეცდება შეეგუოს სიტუაციას, შეგნებით მოეკიდოს პრობლემებს, რომლებიც წარმოიშვება ავადმყოფობასთან დაკავშირებით და შეიმუშაოს ღონისძიებები, რომლებიც დაავადების მიმდინარეობის ოპტიმიზაციას შეუწყობს ხელს. ასეთი ადამიანების რიცხვი არცთუ ისე ცოტაა. ცნობილია პაციენტები, რომელთაც უწევდათ სისხლსა და შარდში გლუკოზის დონის კონტროლი და ინსულინის დოზის კორეგირება უმძიმეს ვითარებაში, მაგ. ბრაზილიიის ტროპიკულ ტყეებში ან არაბეთის უდაბნოში და ისინი კარგ შედეგებს აღწევდნენ.

ამდენად, შდ-ით დაავადებულმა დიაბეტი უნდა მიიღოს, როგორც ფაქტი. ავადმყოფობასთან ადაპტირება შეიძლება მხოლოდ იმის ცოდნით, თუ როგორ ვითარდება იგი და რა წესების დაცვაა აუცილებელი. 

ეს ეხმარება პაციენტს რომ არ აღიქვას ავადმყოფობა, როგორც საშინელი და მძიმე სასჯელი და არ დაუშვას საკუთარი თავის სიბრალური და ხანგძლივი დეპრესია. მნიშვნელოვანია დიაგნოზის დასმის პირველივე დღეებში მისი და ოჯახის წევრების ინფორმირება დაავადების პროგნოზზე, აქცენტის გაკეთება იმაზე, რომ სისხლძარღვოვანი გართულებების პროგრესირება დაავადების კომპენსაციის ხარისხზეა დამოკიდებული და ის პაციენტები, რომლებიც ასრულებენ ყველა სამედიცინო რეკომენდაციას, როგორც წესი, დიდ ხანს ცოცხლობენ და თავს კარგად გრძნობენ.სამწუხაროდ არ არსებობს უმარტივესი რეცეპტი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა დაავადებასთან შეგუების გაადვილება, თუმცა პაციენტებსა და მათ ახლობლებს დაეხმარებათ

რამდენიმე რჩევა:

– რაც შეიძლება ადრე დაიწყეთ დიაბეტურ სკოლაში სწავლა. მხოლოდ აქ შეძლებთ არ იგრძნოთ სიმარტოვე და მიხვდეთ, რომ უამრავ ადამიანს უწევს იმავე პრობლემების დაძლევა, რომლებიც თქვენ გაწუხებთ.

– სასურველია, დიაბეტთან დაკავშირებული სასწავლო კურსი გაიაროს ოჯახის ყველა წევრმა. ეს დაგეხმარებათ ცხოვრების ნორმალური რიტმის გაგრძელებაში და კონფლიქტების თავიდან აცილებაში.

– სერიოზულად მოეკიდეთ დაავადებას და დაიცავით ყველა რეკომენდაცია.

– დაეხმარეთ ოჯახის წევრს თვითკონტროლის შესწავლაში, თუმცა მიეცით მას დამოუკიდებლობა.

– ნუ შეუქმნით შდ-ით მცხოვრებს განსაკუთრებულ პირობებს. მან ცხოვრება ძველებური ტემპით უნდა გააგრძელოს

– თუ პაციენტი დეპრესიაში ჩავარდა, შეეცადეთ დაეხმაროთ მას იმ საბოლოო მიზნის მოძებნაში, რომლის განსახორციელებლადაც აუცილებელია ჯანმთელობის შენარჩუნება.

– ნუ შეგრცხვებათ ავადმყოფობის, ეს არ არის ნაკლი!

– ოჯახმა უნდა ისწავლოს შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანთან ერთად ცხოვრება. მეტად მნიშვნელოვანია ის ურთიერთობები, რომლებიც ყალიბდება მშობლებსა და მათ დაავადებულ შვილებს შორის.

– ბავშვისადმი მშობლების დამოკიდებულების ყველაზე იშვიათი ფორმაა  გულგრილობა. ამ დროს მშობელი სრულ იგნორირებას უკეთებს თავისი შვილის ავადმყოფობას. მან ან არ იცის და ან არ ესმის, რა უნდა გააკეთოს. თუ ბავშვი იმ ასაკშია, რომ ვერ ახორციელებს დაავადების თვითკონტროლს, მაშინ ადგილი აქვს სწრაფ ინვალიდიზაციასა და ხშირ შემთხვევაში იღუპება. ასეთ სიტუაციაში ექიმისათვის ძალზე რთულია პროცესში ჩარევა და თუ მას ბოლოს და ბოლოს მაინც მიმართავენ, დახმარება უკვე შეუძლებელია. ამის საწინააღმდეგოა გადაჭარბებული მზრუნველობა. ურთიერთობის ასეთი ტიპის დროს მშობლები მკაცრად აკონტროლებენ ბავშვის ყველა ქმედებას. ხშირად დედა, რომელსაც აწუხებს დანაშაულის გრძნობა ავადმყოფი ბავშვის მიმართ, ტოვებს სამსახურს და მთელ თავის დროს შვილს უთმობს. როგორც წესი, ასეთ ოჯახში სხვა შვილებს აღარ აჩენენ. მშობლების მთელი დრო მიდის ბავშვისთვის ცხოვრების განსაკუთრებული პირობების შექმნაზე. ასეთი მშობლები საკმაოდ კარგად აკონტროლებენ შვილის შაქრიან დიაბეტს, მაგრამ ამავე დროს თრგუნავენ ბავშვის მხრიდან ნებისმიერ ინიციატივას. თუ ბავშვს სუსტი ხასიათი აქვს, ის ემორჩლება მშობლებს და დაავადების თვითკონტროლზე უარს ამბობს, ანუ შაქრიანი დიაბეტი ხდება მშობლების პრობლემა, თავად პაციენტი კი თითქოს არაფერ შუაშია. მას საკუთარი ჯანმთელობის შესანარჩნებლად უმარტივესი ღონისძიებების გატარების უნარიც კი არ შესწევს. ერთ-ერთი პაციენტი, 14 წლის გოგონა იმდენად იყო დამოკიდებული დედაზე, რომ მასწავლებლები იძულებულნი იყვნენ ჰიპოგლიკემიის კორეგირებისათვის ის სკოლიდან სახლში მიეყვანათ, თუმცა გაცილებით მარტივი იქნებოდა, გოგონას ესწავლა ყველა აუცილებელი წესი და თან ეტარებინა შაქარი.

ჰიპოგლიკემიის საკითხი მშობლებს ძლიერ აღელვებთ. ზედმეტი ნერვიულობის თავიდან აცილება შეიძლება, თუ ჰიპოგლიკემიის სიმპტომები ეცოდინებათ ბავშვის მასწავლებლებს და მეგობრებს.  ხშირად მშობლებს არ სურთ ბავშვისთვის შაქრის ან კანფეტების მიცემა. ფიქრობენ, რომ ის მათ შეჭამს ყოველთვის და არა მხოლოდ ჰიპოგლიკემიის დროს, რაც გამოიწვევს სისხლის შაქრის დონის მატებას (ჰიპერგლიკემიას). ასეთ მშობლებს ავიწყდებათ, რომ მხოლოდ აკრძალული ხილია სასურველი. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ბავშვები იშვიათად ჭამენ შაქარს „ტყუილუბრალოდ“. ბავშვი მით უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს, რაც უფრო მეტად ენდობიან მას. შვილისათვის ახალ-ახალი აკრძალვების გამოგონებას უარყოფითი განწყობის გარდა, არაფერი მოაქვს. არცერთ ბავშვს, განსაკუთრებით ბიჭებს, არ მოსწონთ მეტსახელი -„დედიკოს შვილი“.  თუ ბავშვს ძლიერი ხასიათი აქვს, ადრე თუ გვიან (ძირითადად სქესობრივი მომწიფების ან ჰუბერტატულ) თავს დაიხსნის მომაბეზრებელი ზედამხედველობისაგან. ეს განხეთქილება მეტად მტკივნეული იქნება, როგორც მშობლების, ასევე შვილისათვის. კარგია, თუ ასეთი სიტუაცია არ გამოიწვევს დაავადების მკვეთრ დეკომპენსციას.  ლიტერატურაში აღწერილია შემთხვევა, როდესაც გოგონა გაიქცა სახლიდან, რადგან მშობლები მას მარტო არსად უშვებდნენ. მშობლებთან კომფლიქტმა გამოიწვია მძიმე კეტოაციდოზი. გოგონას არ შეეძლო დაავადების თვითკონტროლი და იგი დაიღუპა.

ხშირად მშობლები შვილს თავს ახვევენ ცხოვრების გარკვეულ წესს ლოზუნგით: „მე უკეთ ვიცი, რა არის შენთვის კარგი და რა არა“.  ასეთი „ძალადობის“  გამო ბავშვები იმდენად ძლიერ ზიზღს განიცდიან თვითკონტროლისადმი, რომ წლების შემდეგ ამბობენ: „უმჯობესია ვიცოცხლო სულ 5 წელი, მაგრამ ეს ყველაფერი აღარ გავაკეთო“.

შაქრიანი დიაბეტის კომპენსაცია მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ პაციენტს საშუალებას ძლევს, იცხოვროს ნორმალურად. კარგი ჯანმრთელობა ეხმარება ადამიანს, მიაღწიოს გარკვეულ  მიზნებს. მაგრამ არ შეიძლება ჯანმრთელობის შენარჩუნება ცხოვრების აზრად და მიზნად იქცეს.  მშობლები შეიძლება მეორე უკიდურესობაში გადავარდნენ, დაავადების კონტროლზე პასუხისმგებლობის ნაწილობრივ ბავშვისთვის გადაცემის მიზნით, ისინი იწყებენ მისი „მიღწევების“ წახალისებას, ხოლო დეკომპენსაციის შემთხვევაში – სჯიან მას. ანუ რეკომენდაციების შესრულება ხდება შექების მიზეზი: „გაიკეთე ინსულინი? – ყოჩაღ, მიიღე საჩუქარი. მოიმატა სისხლის შაქარმა? – დადექი კუთხეში!“.  ასეთი მიდგომა დაუშვებელია. თუ მშობელი მუდმივად ხაზს უსვამს, რომ ბავშვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა სისხლის შაქრის დონის ნორმალიზაცია, მაშინ ბავშვიც იწყებს ამით სარგებლობას. დაავადება მისთვის ხდება საშუალება, რომლითაც ის თავის კაპრიზებს ისრულებს: „არ მიყიდეთ ველოსიპედი? – მიიღეთ კეტოაციდოზი!“.

მშობლებსა და ბავშვს შორის ურთიერთობის ყველაზე სწორი ფორმაა პარტნიორობა. ასეთი ტიპის ურთიერთობის ლოზუნგია ფრაზა: „დახმარება და არა შებრალება“ ამ დროს მშობლები ბავშვს მიმართულებას აძლევენ, თუმცა არ ართმევენ მას დამოუკიდებლობას. „მე აგიხსნი, როგორ უნდა გააკეთო, მაგრამ გააკეთებ შენ თვითონ“.  მშობლები ხშირად სვამენ კითხვას: „რა ასაკიდან შეიძლება ვანდოთ ბავშვს ინსულინის ინექციის გაკეთება?”. ითვლება, რომ 10 წლის ასაკში ბავშვი საკმაოდ დამოუკიდებელია და მისთვის შეიძლება ამ მანიპულაციის მინდობა. პირველ პერიოდში მშობლებმა უნდა გააკონტროლონ ინექციების შესრულების სისწორე.

ნებისმიერი ადამიანი ადაპტირებული უნდა იყოს იმ სამყაროსთან, რომელშიც ის ცხოვრობს.  შაქრიან დიაბეტს კარგად კომპენსირებული არ შეიძება ეწოდოს სიტუაციაში, როდესაც ბავშვს გვერდიდან არ იშორებენ 12 წლის შემდეგაც კი. ასეთ სიტუაციას შეიძლება ჰქონდეს ნეგატიური შედეგები, როგორც მშობლებისათვის, ასევე მათი შვილისათვის. გარკვეულ ასაკში ბავშვს მოუნდება გახდეს დამოუკიდებელი და ჰქონდეს თავისუფლება ისეთივე ხარისხით, როგორც მის თანატოლებს. ის შეიძლება სახლიდანაც კი გაიქცეს, რათა დაამტკიცოს, რომ უკვე გაიზარდა. თუ მას შეუძლია დიაბეტის თვითკონტროლი და იცის მოქცევის ყველა წესი დაავადებასთან დაკავშირებულ ამა თუ იმ სიტუაციაში, მაშინ არაფერი საშიში არ დაემართება.  მაგრამ თუ მთელ პასუხისმგებლობას შაქრიან დიაბეტზე იღებენ მშობლები, მაშინ შეიძლება მოხდეს გამოუსწორებელი რამ, ვინდაიდან ბავშვი ვერ შეძებს თავის მდგომარეობის კონტროლს.

და ბოლოს, გვინდა მოვიყვანოთ გერმანელი ექიმისა მიშელ ბერგერის სიტყვები:

დიაბეტი დაავადება კი არა, ცხოვრების წესია. დიაბეტით ცხოვრება იგივეა, რაც მანქანის მართვა ინტენსიური მოძრაობის პირობებშიუნდა იცოდე მოძრაობის წესები“. 

სტატიის ავტორია მარინა გორდელაძე

home

_________________________________________

გადასვლა >>>> ,,ენდოკრინოლოგია“; ,,ენდოკრინოლოგია. უფასო დისტანციური კონსულტაციები”

.