ფრონტლიფტინგი

ფრონტლიფტინგი 

ფრონტლიფტინგი — წარბებისა და შუბლის დაჭიმვის პლასტიკური ოპერაცია, ჩვეულებრივ 35-60 წლის ასაკის ქალები და მამაკაცები იკეთებენ. ფრონტლიფტინგის შემდეგ პაციენტი 5-10 წლით ახალგაზრდად გამოიყურება: ნაოჭები ქრება, წარბები აიწევს, სახე გადასწორდება და მომხიბვლელი ხდება>>>


ფრონტლიფტინგი — წარბებისა და შუბლის დაჭიმვის პლასტიკური ოპერაცია.

ფრონტლიფტინგს მიმართავენ პაციენტები, რომლებსაც აქვთ ისეთი ნაკლი როგორიცაა:

  • შეუხედავი ფორმისა და კონფიგურაციის წარბები;
  • ღრმა წარბთაშუა ნაოჭები;
  • ჩამოწეული წარბები, რის გამოც ზედა ქუთუთოებზე  გროვდება ზედმეტი კანი;
  • მძიმე გამოხედვა;
  • წარბების დაწევის გამო, ზედა ქუთუთოს გარეთა კუთხის დაწევა;
  • გაბრაზებული, მოწყენილი, დაღლილი შეხედულობა;
  • შუბლზე მკვეთრად გამოხატული განივი ნაოჭები;
  • ნაოჭები ცხვირთან;
  • საფეთქლების, შუბლისა და თვალის კუთხის კანის მოდუნება;
  • ცხვირის წვერის, წარბების დაწევა;
  • სახის ზედა ნაწილის კანის სრული ჩამოწელვა.

ფრონტლიფტინგს ჩვეულებრივ 35-60 წლის ასაკის ქალები და მამაკაცები იკეთებენ. მაგრამ ოპერაციის გაკეთება შეიძლება, თუ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები გაცილებით ახალგაზრდა პაციენტებსაც უვლინდებათ. შუბლისა და წარბების დაჭიმვა ითვლება საკმაოდ ეფექტურ ოპერაციად, რომელსაც გამოხატული და ხანგრძლივი შედეგები მოჰყვება, თუ მას კვალიფიცირებული ქირურგები ატარებენ და პაციენტები ყველა მათ რეკომენდაციას ასრულებენ. ფრონტლიფტინგის შემდეგ პაციენტი იდეალში 5-10 წლით ახალგაზრდად გამოიყურება: ნაოჭები ქრება, წარბები აიწევს, სახე გადასწორდება და მომხიბვლელი ხდება.

ოპერაციისთვის მომზადება

ფრონტლიფტინგის წინ ექიმი წინასწარ გამოიკვლევს სახის კუნთებს, კანს, ქალას ძვლებს. ამ ეტაპზე პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ადრე ჩატარებული ოპერაციებისა და ქრონიკული დაავადებების შესახებ. მოცემული ინფორმაცია დაეხმარება ექიმს როგორც ოპერაციის დროს განვითარებული, ასევე ოპერაციის შემდგომი გართულებების თავიდან აცილებაში. ფრონტლიფტინგი ზოგადი ნარკოზის ქვეშ ტარდება. ოპერაციის დროს თავის თმიან ნაწილს ეხებიან, მაგრამ თმებს არ ჭრიან, უბრალოდ კრავენ, რომ ოპერაციის ჩატარებაში არ შეეშალოთ ხელი.

ფრონტლიფტინგის სახეები

  1. ღია ფრონტლიფტინგი — შუბლისა და წარბების დაჭიმვის პლასტიკური ოპერაცია, რომლის დროსაც ქსოვილებში უშუალოდ ბიკორონარული განაკვეთიდან ხვდებიან. განაკვეთი კეთდება თმის ზრდის ხაზის უკან, შუბლის გასწვრივ. ამ განაკვეთიდან იღებებენ ზედმეტ ცხიმოვან ქსოვილს, გადანაწილდება შუბლის ქსოვილები, დაიჭიმება, შეიცვლება თვალბუდის ზედა და შუბლის მიდამოს კუნთები, მოიჭრება კანი და ა.შ.
  2. ენდოსკოპიური ფრონტლიფტინგი — შუბლისა და წარბების დაჭიმვის პლასტიკური ოპერაცია, რომლის დროსაც საოპერაციო სივრცეში 2-3 მცირე ( 1,5 სმ) განაკვეთიდან ხვდებიან. მოცემული განაკვეთებიდან შიგნით შეჰყავთ შესაბამისი ზომის ხელსაწყოები და ვიდეოკამერა, რომელიც ოპერაციის პროცესზე თვალყურის დევნის საშუალებას იძლევა. ასეთი განაკვეთებიდან აშრევებენ შუბლის კანს და აფიქსირებენ საჭირო მდგომარეობაში. აშრევებენ ზონას, სადაც ნაკლები სისხლძარღვებია, ამიტომ ენდოსკოპიური ფრონტლიფტინგისას სისხლდენა მინიმალურია. კანი არ იჭრება, არამედ გადანაწილდება და შემდეგ ნაკერებით ფიქსირდება საჭირო მდგომარეობაში.

ენდოსკოპიური ფრონტლიფტინგი — გაცილებით თანამედროვე და მოთხოვნადი ოპერაციაა, ვიდრე ღია ფრონტლიფტინგი. ენდოსკოპიური ფრონტლიფტინგის უპირატესობებს შეიძლება მივაკუთვნოთ:

  • სისხლძარღვების, თმის ძირისა და ნერვული დაბოლოებების ნაკლები ტრავმატიზაცია;
  • ნაკლებია ოპერაციის ხანგრძლივობა;
  • ნაკლებად გამოხატული ნაწიბურები ნაკერებისგან;
  • ნაკლებად მტკივნეული და ხანმოკლე ოპერაციის შემდგომი პერიოდი;
  • გართულებების მინიმალური რისკი, მცირე განაკვეთების გამო.

ხოლო ღია ფრონტლიფტინგი, ნაჩვენებია 50 წელს ზევით ასაკის პაციენტებისთვის, რადგანაც ენდოსკოპიურ ფრონტლიფტინგმა შესაძლოა სასურველი შედეგი არ გამოიღოს, იმიტომ რომ ამ ოპერაციის დროს კანი კი არ მოიჭრება, არამედ გადანაწილდება. მაგრამ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ოპერაციის მეთოდიკას თვითონ ქირურგი ირჩევს.

ფრონტლიფტინგის შესაძლო გართულებები

  1. ოპერაციის შემდგომი ნაწიბურები ( ჩვეულებრივ წლის განმავლობაში ქრება).
  2. ჰემატომები, შუბლის დაბუჟება, დასიებული სახე, ტკივილი ( როგორც წესი, ორი კვირის განმავლობაში გაივლის).
  3. სახის ზედა ნაწილის მიმიკის შეცვლა.
  4. თმის საფარის უკან გადაწევა ან თვალებთან მიახლოვება.

ფრონტლიფტინგის უკუჩვენებები:

  • დარღვეული სისხლის შედედება;
  • ელასტიურობა დაკარგული კანი;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • ქრონიკული დაავადების გამწვავება;
  • მაღალი არტერიული წნევა;
  • ფარისებრი ჯირკვალის დაავადებები;
  • ძლიერ დაზიანებული შუბლის მიდამოს კანი;
  • გულ-სისხლძარღვთა, ფსიქიკური, ონკოლოგიური დაავადებები.

რეაბილიტაცია

ღია ფრონტლიფტინგის შემდეგ რეაბილიტაციის პერიოდი დაახლოებით 2-3 კვირა გრძელდება, ენდოსკოპიური ფრონტლიფტინგის შემდეგ — ერთი კვირა. ნაკერებს ერთი კვირის შემდეგ ხსნიან. რამდენიმე თვის შემდეგ, პაციენტის კანის ქსოვილის ფუნქციები სრულად ნორმალიზდება. ოპერაციის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში უკეთესია თამბაქოს მოწევისგან, ალკოჰოლისგან, ცხელი წყლის პროცედურებისა და მძიმე ფიზიკური დატვირთვისგან თავის შეკავება.

_________________________________________________

გადასვლა >>> ,,პლასტიკური ქირურგია

Share this...Share on Facebook
Facebook