ევროპის ახალი 2013 რეკომენდაციები შაქრიანი დიაბეტის მენეჯმენტის შესახებ კარდიოვასკულური დაავადებების პროფილაქტიკისთვის (მიმოხილვა)

შაქრიანი დიაბეტი, პრედიაბეტი და კარდიოვასკულური დაავადებები

შაქრიანი დიაბეტი, პრედიაბეტი, ESC 2013, კარდიოვასკულური დაავადებები

ევროპის კარდიოლოგთა კონგრესზე  2013 წელს  ამსტერდამში წარდგენილი იყო ევროპის კარდიოლოგთა საბჭოს და ევროპის დიაბეტის ასოციაციის (ESC და EASD–ს) ახალი რეკომენდაციები დიაბეტზე, პრე–დიაბეტზე და გულ–სისხლძარღვთა დაავადებებზე.>>>
შაქრიანი დიაბეტი (შდ) ჯანდაცვის ერთერთი მთავარი პრობლემაა. ევროპული პოპულაციისთვის დაავადების რისკი შეადგენს 30–40% სიცოცხლის განმავლობაში. დადგენილი იქნა რომ 2011 წლისთვის მსოფლიოში ირიცხებოდა 360 მილიონი ადამიანი, რომლებიც დაავადებული იყო შდ–ით. 2030 წლისთვის ეს ციფრი გაიზრდება 550 მილიონამდე, ამასთან ნახევარზე მეტს არ ეცოდინება თავისი დაავადების არსებობის შესახებ. გარდა ამისა დაახლოებით ასეთივე რაოდენობის ადამიანს აქვს პრე–დიაბეტური დაავადება, ისეთი როგორიცაა უზმოზე მომატებული გლუკოზის რაოდენობა, გესტაციური დიაბეტი და ეუგლიკემიური ინსულინური რეზისტენტობა. მოცემული მდგომარეობების განსაზღვრება და განხილვა დაწვრილებით არის მოცემული გამოცემულ რეკომენდაციებში–დოკუმენტში რომელიც მოიცავს 196 გვერდს.
ქვემოთ მოცემულია დოკუმენტის ძირითადი თეზისები.
რეკომენდაციებში აქცენტი გაკეთებულია შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტების მართვაზე, რომლებსაც თანდართული აქვთ გულ–სისხლძარღვთა დაავადებები (გულ–სისხლძარღვთა დაავადებების რისკი). აღწერილია დიაბეტის დიაგნოსტიკური კრიტერიუმი, სადაც აქცენტი გაკეთებულია შემდეგ ტესტებზე: უზმოზე გლუკოზის რაოდენობა >7.0 მმოლ/ლ (126 მგ/დლ) ან გლიკემიის დონე გლუკოზით დატვირთვიდან 2 საათის შემდეგ >11.2 მმოლ/ლ 200 მგ/დლ), ასევე გლიკოზირებული ჰემოგლობინის დონე(>6,5 %) , თუმცა არსებობს კითხვები ამ მონაცემის მგრძნობელობის შესახებ. მიუხედავად ამისა, შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი დამყარებული უნდა იყოს გლიკოზირებულ ჰემოგლობინზე და სისხლში გლუკოზის დონეზე უზმოზე, ხოლო საეჭვო შემთხვევებში გლუკოზის ტოლერანტობის ტესტზე
დოკუმენტში გაშუქებულია დიაბეტის 4 ტიპის განსაზღვრება და ეტიოლოგია (შდ 1 ტიპი, შდ 2 ტიპი, გესტაციური დიაბეტი, დიაბეტის სხვა სპეციფიური ტიპები). პციენტებს გულ–სისხლძარღვთა დაავადებებით და უზმოზე გლუკოზის და გლიკოზირებული ჰემოგლობინის საეჭვო დონით–უნიშნავენ გლუკოზის ტოლერანტობის ტესტს. 
ასეთი პაციენტებისთვის აუცილებელია რისკის სტრატიფიკაცია. გულ–სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკის ESC რეკომენდაციების მიხედვით, შაქრიანი დიაბეტით და თუნდაც ერთი დამატებითი რისკის ფაქტორით ან სამიზნე ორგანოს დაზიანების მქონე ყველა პაციენტი ხვდება ძალიან მაღალი დამატებით რისკის ჯგუფში. დიაბეტით დაავადებული ყველა სხვა პაციენტი ისედაც იმყოფება მაღალი რისკის ჯგუფში, ამიტომ ჰიპერგლიკემიის სკრინინგი უნდა ჩაუტარდეს ყველა მაღალის რისკი მქონე პაციენტებს სტრატიფიკაციის მიზნით. 
განხილულია ის მექანიზმები, რომლითაც ჰიპერგლიკემია და ინსულინრეზისტენტობა ხელს უწყობს ათეროსკლეროზის, თრომბოზის და ენდოთელური დისფუნქციის განვითარებას
რეკომენდაციების დიდი ნაწილი დეტალურად განიხილავს შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტების ცხოვრების სტილის მოდიფიკაციის მნიშვნელობას. გაშუქებულია თამბაქოს მოხმარებისგან თავის შეკავების და რეგულარული ფიზიკური დატვირთვების აუცილებლობა. დიეტის მხრივ: ცხიმების საერთო რაოდენობა რაციონში უნდა შეადგენდეს <35%–ს, გაჯერებული ცხიმები <10%, მონოგაუჯერებელი ცხიმები –საერთო კალორიულობის 10% ზე მეტს. მკაცრი დაბალნახშირწყლოვანი დიეტა რეკომენდირებული არ არის.
გლუკოზის დონის კონტროლი საჭიროა განხორციელდეს, დიაბეტის ხანგრძლივობის, თანმხლები დაავადების არსებობის და ასაკის მიხედვით. გლიკოზირებული ჰემოგლობინი <7%, რეკომენდირებულია მიკრო და მაკროსისხლძარღვოვანი გართულებების შემცირების მიზნით. შდ1 ტიპის პაციენტებისთვის რეკომენდირებულია ინსულინის ბაზისური ბოლუსით შეყვანის რეჟიმი, როდესაც შდ 2 ტიპის პაციენტებისთის –პირველი რიგის პრეპარატს წარმოადგენს –მეტფორმინი. დეტალურად არის განხილული სხვა ჰიპოგლიკემური საშუალებების გამოყენების საკითხები. 

დიდი მნიშვნელობა ენიჭება არტერიული წნევის მკაცრ კონტროლს. შდ პაციენტების სამიზნე ციფრები უნდა იყოს <140/85 მმვცხწ. ეს ციფრები შეესაბამება 2013 წლის ESC/ESH –ის ჰიპერტენზიის გაიდლაინის რეკომენდაციებს. პრინციპში არტერიული წნევის დასაქვეითებლად შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ნებისმიერი პრეპარატი, რომელიც ადექვატურად აქვეითებს არტერიულ წნევას, მაგრამ არტერიული დაავადების მკურნალობისთვის შდ პაციენტებში, განსაკუთრებით პროტეინურია/მიკროალბუმინურია –ს არსებობის შემთხვევაში, რეკომენდირებულია აგფ–ინჰიბიტორები ( ან ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორები, აუტანლობის შემთხვევაში). პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მეტაბოლური სინდრომი, ნეგატიური მეტაბოლური ეფექტების მქონე პრეპარატები, განსაკუთრებით დიურეტიკისა და ბეტა–ბლოკატორის კომბინაცია არ უნდა იყოს გამოყენებული პირველი რიგის თერაპიაში, 
დისლიპემიდია–შდ პაციენტების ერთ–ერთი მთავარი რისკ ფაქტორია, ამის გამო მკურნალობა უნდა იყოს აგრესიული, სამიზნე დონე უნდა იყოს – დსლპ <1.8 მმოლ/ლ (<70 მგ/დლ), ან უნდა შევეცადოთ რომ ძალიან მაღალი რისკის პაციენტებში დსლპ–ს დონე შევამციროთ 50 % –ით. ასპირინის გამოყენება პირველადი პროფილაქტიკის მიზნით, შდ პაციენტებში დაბალი გულ–სისხლძარღვთა დაავადებათა რისკით–არ არის რეკომენდირებული, თუმცა მისი გამოყენება შეიძლება ძალიან მაღალი რისკის მქონე პაციენტებში  ან ინდივიდუალურად. მეორადი პროფილაქტიკის მიზნით, პაციენტებმა უნდა მიიღონ ანტითრომბოციტული თერაპია. პაციენტები შდ და გულის უკმარისობით, უნდა იღებდნენ გულის უკმარისობის ბოლო რეკომენდაციებზე დაყრდნობილ მკურნალობას. ასეთ პაციენტებში არჩევის პრეპარატად რჩება მეტფორმინი, როდესაც თიაზოლიდინდიონები (როზიგლიტაზონი (ავანდია) , პიოგლიტაზონი (აქტოსი)) და სხვა) –უკუნაჩვენებია ასეთი პაციენტებისთვის.შაქრიანი დიაბეტი–ინსულტის განვითარების ერთ–ერთი მთავარი რისკ ფაქტორია მოციმციმე არითმიით დაავადებულ პაციენტებში, ამის გამო ასეთი პაციენტები უნდა იღებდნენ ანტიკოაგულაციურ თერაპიას.

Topics: Cardiovascular Disease Prevention – Risk Assessment and Management

Date: 03 Sep 2013 

ავტორი :დოქტორი დავით მალიძე. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გადასაბეჭდად მიმართეთ