კერატოკონუსი

კერატოკონუსი

 

კერატოკონუსი — თვალის რქოვანა გარსის ქრონიკული, დეგენერაციული დაავადება. თვალშიდა წნევის ზემოქმედებით რქოვანა წინ გამოიბურცება და მისი სფერული ფორმა კონუსისებურით იცვლება, ამასთან ერთად იცვლება რქოვანას ოპტიკური თვისებები, რაც მხედველობის პროგრესირებადი გაუარესების მიზეზი ხდება>>>

 

კერატოკონუსი– რქოვანას დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია თვალის რქოვანა გარსის პროგრესირებადი გათხელება და თვალშიდა წნევის ზემოქმედებით რქოვანას წინ გამობურცვა, შედეგად მისი სფერული ფორმა კონუსისებურით იცვლება. კერატოკონუსი უპირატესად მოზრდილობის ასაკში ვლინდება, სიმპტომები ავადმყოფისთვის დიდი ხნის მანძილზე შეუმჩნეველი რჩება და 20-30 წლის ასაკში გამოიხატება.

თვალის რქოვანა გარსი თანდათან თხელდება, მისი სიმკვრივე კლებულობს, ამიტომ რქოვანას გამობურცვასთან ერთად იცვლება მისი ოპტიკური თვისებებიც. დაავადების პროგრესირებასთან ერთად ავადმყოფი უჩივის მხედველობის პროგრესირებად გაუარესებას ( გაორება, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, ჰემერალოპია), ვითარდება ასტიგმატიზმი. სათვალეებით და რბილი კონტაქტური ლინზებით მხედველობის სრული კორექცია როგორც წესი, არხერხდება.

კერატოკონუსის განვითარება შესაძლებელია როგორც ერთ ისე ორივე თვალზე, ამასთან სიმპტომების გამოვლენის ხარისხი და პროგრესირების სისწრაფე ორივე თვალზე განსხვავებულია. ზოგიერთ შემთხვევაში კერატოკონუსს მემკვიდრეობითი ხასიათი აქვს.

კერატოკონუსი- გამომწვევი მიზეზები. 

სადღეისოდკერატოკონუსიგამომწვევიზუსტიმიზეზიცნობილიარარის. ითვლება, რომ კერატოკონუსი ქრონიკული დეგენერაციული დაავადებაა.

კერატოკონუსის გამომწვევი რისკ ფაქტორებია:

  • რქოვანა გარსის აგებულების თავისებურებები;
  • გენეტიკური წინასწარგანწყობა
  • მზის ულტრაიისფერი სხივების პირდაპირი და ხანგრძლივი ზემოქმედება;
  • როგორც თვალის ისე მთელი ორგანიზმის ზოგადი ალერგიული პროცესები
  • მშრალი თვალის სინდრომი და მისგან გამოწვეული თვალების ხშირი სრესვა
  • არასწორად შერჩეული კონტაქტური ლინზები

კერატოკონუსის დროს განვითარებული პროცესებს საფუძვლად უდევს რქოვანას გარეთა მემბრანის (ბოუმანის მემბრანის) პროგრესირებადი დაზიანება, შედეგად გათხელებული ნაწილებისა და ნაწიბუროვანი ზონების არსებობის გამო რქოვანა უთანაბრო სისქისაა. რადგანაც თვალშიდა წნევის ზემოქმედების გამო რქოვანა დეფორმირდება და გაიწელება, მხედველობის სიმახვილე ქვეითდება.

კერატოკონუსი – სიმპტომები: კერატოკონუსის დასაწყის სტადიაზე დაავადების სიმპტომები მკვეთრად არაა გამოხატული და სხვა დაავადებების (ახლომხედველობა, ასტიგმატიზმი, მშრალი თვალის სინდრომი და ა.შ.) დროს განვითარებულ სიმპტომებს ჰგავს. ავადმყოფი უჩივის სინათლისადმი თვალის მგრძნობელობის მომატებას, მხედველობის გაორებას, თვალის წინ მბზინავი არეების გაჩენას, სინათლის შიშს (ფოტოფობია). სიმპტომების პროგრესირება თანდათანობით ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობს, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა მხედველობის სწრაფი გაუარესება, ვლინდება დამახასიათებელი თვალის რქოვანა გარსის გამობურცვა.

კერატოკონუსის დამახასიათებელი სიმპტომია, ე.წ. მონოკულარული პოლიოპია –მხედველობის არეში ყალბ გამოსახულებათა გაჩენა. თავდაპირველად ხდება მხედველობის გაორება, მერე მხედველობის არეში ყალბი გამოსახულებები ჩნდება, ამასთან, დროთა განმავლობაში მათი რაოდენობა იზრდება. რომელიც განსაკუთრებით თვალში საცემია შავ ფონზე ბაცი ფერის ობიექტების ყურებისას. მაგალითად, შავ ფურცელზე ერთი თეთრი წერტილის ნაცვლად პაციენტი ხედავს რამდენიმე ქაოსურად გაბნეულ წერტილს. იმ შემთხვევაში, როცა დაავადება აზიანებს ორივე თვალს, ადამიანი კარგავს ავტომობილის მართვის უნარს, ტრადიციული ზომის შრიფტით ტექსტების კითხვა მისთვის შეუძლებელი ხდება.

კერატოკონუსის პროგრესირებასთან ერთად მხედველობის სიმახვილე ქვეითდება, ავადმყოფი იძულებულია ხშირად იცვალოს სათვალე გაცილებით უფრო ძლიერზე, რაც პროგრესირებადი ახლომხედველობის შთაბეჭდილებას ქმნის მისთვის არადამახასიათებელ ასაკში ( 20 წლის ზევით).

კერატოკონუსი-დიაგნოსტიკა. ისეთი სიმპტომები როგორიცაა პროგრესირებადი ახლომხედველობა, ასტიგმატიზმი, მხედველობის გაორება 20-30 წლის ასაკის პაციენტებში, სპეციალური ინსტრუმენების საშუალებით თვალის დათვალიერებამდე, ექიმს უკვე კერატოკონუსის არსებობაზე აფიქრებინებს. რქოვანას დამახასიათებელი კონუსისებური ფორმა, შესამჩნევი დაავადების შორს წასულ სტადიებზე ხდება, როდესაც რქოვანა გარსი მკვეთრად გათხელდება. რქოვანას გამობურცვას შეამჩნევთ, თუ პაციენტი დახუჭული თვალებით დაბლა დაიხედება.

დაავადების ადრეულ სტადიაში აღმოჩენა შესაძლებელია რქოვანას კვლევის სპეციალური მეთოდით – კერატოტოპოგრაფიით. მისი დადგენა შესაძლებელია რქოვანას სისქის ულტრაბგერითი გაზომვითაც, რომელსაც პაქიმეტრია ეწოდება.

კერატოკონუსი-გართულებები:

  • მხედველობის პროგრესირებადი გაუარესება;
  • რქოვანას შიგნითა შრის ლოკალური გახვრეტა რქოვანას წყალმანკის განვითარებით;
  • რქოვანას შემღვრევა;
  • მწვავე კერატოკონუსი.

 კერატოკონუსი- მკურნალობა. არჩევენ კერატოკონუსის მკურნალობის კონსერვატიულ და ქირურგიულ მეთოდებს. კერატოკონუსის დასაწყის სტადიაზე მკურნალობის მიზანი არაიმდენად მხედველობის სიმახვილის აღდგენაა, რამდენადაც რქოვანას გათხელების პროცესის პროფილაქტიკა და კერატოკონუსის მიმდინარეობის სტაბილიზაციაა. მხედველობის სიმახვილის გასაუმჯობესებლად კერატოკონუსის დასაწყის სატდიაზე, რთული ცილინდრული სათვალეები გამოიყენება ( როგორც ასტიგმატიზმის დროს), დაავადების პროგრესირებისას ავადმყოფს აირგამტარი მყარი კონტაქტური ლინზების გამოყენებას ურჩევენ.

რქოვანას გასამაგრებლად და დეფორმაციის შესაჩერებლად რქოვანას კროსსლინკინგის მეთოდი ( კოლაგენის ბოჭკოების არაოპერაციული გაკერვა) და ინტრასტრომალური კერატოპლასტიკა ( რქოვანას სპეციალური პლასტიკური სეგმენტების იმპლანტაცია) გამოიყენება. ზოგიერთ შემთხვევაში კარგ ეფექტს იძლევა, ბოუმენის მემბრანის გამაგრების მიზნით ექსიმერლაზერული მკურნალობის, ასევე ლაზერული თერმოკერატოპლასტიკის გამოყენება.

კერატოკონუსის შორსწასულ, რქოვანას შემღვრევითა და დანაწიბურებით გართულებულ სტადიებში, რქოვანას გადანერგვას მიმართავენ (კერატოპლასტიკა). რქოვანაში არ არის სისხლძარღვები, ამიტომ არ არის საჭირო დონორის შერჩევა სისხლის ჯგუფის მიხედვით, რაც ტრანსპლანტატის მიხორცების კეთილსაიმედო პროგნოზს განაპირობებს. ოპერაცია ტარდება ზოგადი ანესთეზიით და შემდგომ სათვალისა და ლინზების ტარებას მოითხოვს. ახალგადანერგილი რქოვანას მიხორცებას დაახლოებით 4-6 კვირა სჭირდება, მხედველობის სრულ სტაბილიზაციას კი – წელიწადი. რქოვანას გადანერგვის წარმატების პროცენტული მაჩვენებელი ტრანსპლანტაციის პროცედურებს შორის ყველაზე მაღალია – 95%, ასე რომ, დღეს მისი განხორციელება სირთულეს არ წარმოადგენს.

 

თვალის დაავადებები

 

 

 

 

Share this...Share on Facebook
Facebook