თვალის ალერგიები

თვალის ალერგიები

თვალის ალერგიები – თვალის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესი, რომელიც ალერგენთან კონტაქტითაა განპირობებული. თვალის ალერგიები – გამომწვევი მიზეზები: ყველაზე ხშირ თვალის ალერგენებს მიეკუთვნება ჰაერში მყოფი ნივთიერებები, რომლებიც ადვილად ხვდებიან მხედველობის ორგანოებში. ასეთებია — საყოფაცხოვრებო მტვერი, ბუმბული, მცენარეების მტვერი, მატყლი, ობი, ქიმიური ნივთიერებები ჰაერში, საყოფაცხოვრებო ქიმიკატები. ამას გარდა, ალერგენს შეიძლება უშუალო კონტაქტი ქონდეს თვალის კანთან, მაგალითად კოსმეტიკა (როგორც იაფი ასევე ძვირფასი ), თვალის წვეთები და მალამოები, კონტაქტური ლინზების საწმენდი ხსნარი.

თვალის ალერგიები ასევე შეიძლება გამოიწვიოს საკვებ პროდუქტებმა, ზოგიერთ სამკურნალო პრეპარატებმა, მწერების ნაკბენებმა, სარეცხი საშუალებების თვალებში მოხვედრამ და ა.შ.

თვალის ალერგიები – სიმპტომები

ალერგიის ნიშნები დამოკიდებულია ორგანიზმის თავისებურებებსა და ალერგენზე და შეიძლება სხვადასხვაგვარად გამოვლინდეს, მაგრამ ყველაზე ხშირ სიმპტომებს მიეკუთვნება:

  • თვალების გაწითლება და გაღიზიანება
  • თვალების სიმშრალე;
  • თვალების ქავილი და წვა;
  • სინათლის შიში;
  • ცრემლდენა;
  • თვალებიდან გამონადენი;
  • სურდო;
  • ყელის ფხაჭვნა;
  • ცემინება;
  • თავის ტკივილი.

თვალის ალერგიები – ფორმები: ყველაფერი დამოკიდებულია ალერგენსა და ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე, აქედან გამომდინარე შეიძლება განვითარდეს ალერგიის როგორც მსუბუქი, ასევე მძიმე ფორმა. ყველაზე ხშირად თვალის ალერგიების მსუბუქი ფორმა ვითარდება:

  • ალერგიული კონიუნქტივიტი -შესაძლოა იყოს მწვავე და ქრონიკული. სიმპტომები: თვალების გაწითლება, ცრემლდენა, თვალებიდან ლორწოვანი გამონადენი. ვრცლად იხ. კონიუნქტივიტი.
  • გაზაფხულის კონიუნქტივიტი ( კერატოკონიუნქტივიტი) — ვითარდება ქრონიკულად, ყოველ გაზაფხულზე დათბობისას, უპირატესად ბავშვებში გვხვდება. სავარაუდოდ, გარკვეული მცენარეების ყვავილობასთანაა დაკავშირებული, მაგრამ არსებობს სხვა ვერსიაც, რომ ზოგიერთ ადამიანს აქვს დიდი რაოდენობით ულტრაიისფერი სხივების აუტანლობა. სომპტომები: ქავილი, თვალების სრესვის მუდმივი სურვილი, თვალების გაწითლება, ცრემლდენა, სინათლის შიში, თვალებიდან გამონადენი.
  • პოლინოზური კონიუნქტივიტი, გამომწვევია ყვავილების მტვერი, მწვავდება გაზაფხულსა და ზაფხულში. სიმპტომები: ქავილი, ცრემლდენა, თვალების გაწითლება, სინათლის შიში, თვალებიდან გამონადენი, სურდო, ცემინება, მოხუთვის შეტევები (ასთმის დროს ), კანზე ალერგია.
  • მსხვილპაპილარული კონიუნქტივიტი, ვითარდება როგორც თვალში უცხო სხეულის მოხვედრაზე რეაქცია ( კონტაქტური ლინზები, ოპერაციის შემდგომი ნაკერები, თვალის პროთეზები). სიმპტომები: თვალების ძლიერი გაწითლება, ქავილი, ცრემლდენა, უცხო სხეულის შეგრძნება, თვალებიდან გამონადენი.
  • ალერგიული დერმატიტი, იწვევს დაბალი ხარისხის კოსმეტიკა და სამკურნალო საშუალებები ( თვალების წვეთები, მალამოები). სიმპტომები: თვალების მკვეთრი გაწითლება, თვალის გარშემო კანის შეშუპება, გამონაყარი, ქავილი, წვა, ცრემლდენა, სინათლის შიში, თვალებიდან გამონადენი.

თვალის ალერგიები – დიაგნოსტიკა

ოფთალმოლოგიური გასინჯვა, პაციენტის ჩივილების მოსმენა, კლინიკური სურათისა და ანამნეზის მონაცემების ანალიზი, ალერგიული სინჯები.

თვალის ალერგიები  -მკურნალობა

პირველ რიგში, აუცილებელია ალერგიის გამომწვევის დადგენა და ალერგენთან კონტაქტის მინიმუმთან დაყვანა. ნუ მიმართავთ თვითნებურ მკურნალობას, რათა არ გაიუარესოთ სიტუაცია, მიიღეთ მხოლოდ ოფთალმოლოგის მიერ დანიშნული წამლები.

ახლანდელ დროში, ანტიალერგიული პრეპარატების საკმაოდ ფართო არჩევანია. ძირითადად ეს არის ჰისტამინის რეცეპტორების ბლოკატორები.

ამას გარდა თვალის წვეთებისა და მალამოების სახით გამოიყენება სტეროიდული და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. თუმცა სტეროიდული პრეპარატები სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ, რადგანაც შესაძლებელია მრავალი გვერდითი ეფექტის განვითარება (თვალშიდა წნევის მომატება- გლაუკომა, ბროლის შემღვრევა, მშრალი თვალის სინდრომი).

თვალის ალერგიების მკურნალობის კიდევ ერთი მეთოდია იმუნოთერაპია. ამ დროს საზღვრავენ ალერგენს, რომელიც შემდგომ მცირე დოზით პაციენტის კანქვეშ შეჰყავთ. იმუნოთერაპიის შედეგად, იმუნური სისტემა სწავლობს ალერგენის გარჩევას და აღარ რეაგირებს მასზე, როგორც უცხო სხეულზე. თუმცა მოცემული მეთოდის გამოყენება ყოველთვის არ შეიძლება და ხშირად არაეფექტურია.

>> თვალის დაავადებები