ქვედა კიდურების შეშუპება

სტატიაში განხილულია ფართოდ გავრცელებული სინდრომის ქვედა კიდურების შეშუპების ზოგადი მექანიზმი, მიზეზები. განხილულია აგრეთვე ის მდგომარეობები, რომლის დროსაც აუცილებლად უნდა გამოუძახოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ან მიაკითხოთ თქვენს ექიმს. 

ავტორი: დოქტორი დავით მალიძე. საავტორო უფლებები დაცულია

ქვედა კიდურების (ფეხების) შეშუპება შეიძლება მოხდეს მის ნებისმიერ მონაკვეთში: ტერფში, კოჭში, მუხლში, ბარძაყში. ფეხების შეშუპება გამოწვეულია ორგანიზმში ჭარბი სითხის დაგროვებით ან ადგილობრივად, ფეხის დაზიანებული ქსოვილების ან სახსრების ანთებით.

ფეხის შეშუპების მრავალი მიზეზი, როგორიცაა – ფეხზე დიდხანს დგომა ან ჯდომა, ან ტრავმული დაზიანება ადვილი ამოსაცნობია და ნაკლებად საშიშია. ზოგჯერ კი ფეხების შეშუპება სერიოზული დაავადების ნიშანი შეიძლება იყოს. მაგალითად გულის დავადების ან სისხლძარღვში თრომბის წარმოქმნის. როდესაც ფეხის შეშუპება ხდება უცნობი მიზეზის გამო, ან ახასიათებს აშკარად მისთვის უჩვეულო სიმპტომები, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება ან ტკივილი გულის მიდამოში, სასწრაფოდ საჭიროა შეშუპების მიზეზის დადაგენა.

დაურეკეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ან მიდით უახლოეს ემერჯენსის განყოფილებაში, თუ თქვენ ფეხის შეშუპებასთან ერთად გაქვთ:

  1. ტკივილი გულის მიდამოში, რომელიც გრძელდება 5–10 წუთზე მეტხანს;
  2. სუნთქვის გაძნელება;
  3. გულის წასვლის ან თავბრუსხვევის გრძნობა;
  4. გონების არევის ან გათიშვის გრძნობა.

მიიღეთ სასაწრაფო გადაუდებელი დახმარება თუ ფეხების შეშუპება დაკავშირებულია ფიზიკურ ტრავმასთან, როგორიცაა, ჩამოვარდნა, სპორტული ტრავმა ან სატრანსპორტო შემთხვევა.

აუცილებლად გააკეთეთ ვიზიტი თქვენს ექიმთან თუ:

  1. გაქვთ გულის ან თირკმლების დაავადება და ფეხების შეშუპება გაიზარდა;
  2. გაქვთ ღვიძლის დაავადება და შენიშნეთ რომ გაგიჩნდთ შეშუპება ფეხებში ან მუცლის მიდამოში;
  3. ფეხების შეშუპებასთან ერთად გაქვთ ცხელება;
  4. შეშუპებული ფეხები წითელი ან ცხელია შეხებისას;
  5. ხართ ორსული და გაქვთ ფეხის საშუალოზე მეტი შეშუპება, ან შეშუპების უეცარი ზრდა.

მიაკითხეთ თქვენ ექიმს აგრეთვე, თუ ქვედა კიდურის შეშუპება თავისით არ გადის ან უარესდება.

  1. ქვედა კიდურების შეშუპების დროს უნდა გაკეთდეს შემდეგი კვლევები
  2. სისხლის ზოგადი ანალიზი და სისხლის ბიოქიმიური ანალიზი;
  3.  გულმკერდის რენტგენოგრაფია ან კუდურების რენტგენოგრაფია;
  4.  ეკგ;
  5. შარდის ანალიზი.

ფეხების შეშუპება შეიძლება გამოწვეული იყოს მრავალი მიზეზით 

ფეხების შეშუპებას რომელიც გამოწვეულია ორგნიზმში ზედმეტი სითხის დაგროვებით ეწოდება პერიფერიული შეშუპება.  სითხის შესაბამისი  ბალანსი დაცულია ორგანიზმის რამდენიმე სისტემით, რომელიც მოიცავს სისხლის მიმოქცევის, ლიმფურ სისტემას და შარდის გამომყოფ სისტემებს. პრობლემის გაჩენა რომელიმე სისტემაში იწვევს ჭარბი სითხის დაგროვებას ორგანიზმში. მიზიდულობის ძალის გამო სითხე ძირითადად გროვდება ქვედა კიდურებში, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ადამიანი დიდხანს დგას  ან ზის.

ფეხების შეშუპება  თავისუფლი სითხის არსებობით შეიძლება გამოწვეული იყოს შემდეგი ფაქტორებით

  • ფეხების შეშუპება ჩვეულებრივი პრობლემაა მოხუც ადამიანებში;
  • გულის უკმარისობა, კარდიომიოპათია, მიოკარდიუმის ინფარქტი, ხანგრძლივი ჰიპერტონია, გულის სარქვლების და სხვა დაავადებები აზიანებენ გულის კუნთს, რის გამოც იგი ვენებიდან მიწოდებულ სისხლს ფილტვებში სათანადო ინტენსიურობით ვეღარ გადაისვრის. სისხლი ვენებში გუბდება, მისი თხიერი კომპონენტი კი ქსოვილებში იჟონება და ფეხების შეშუპებას იწვევს. გულის მარცხენა ნაწილის სისუსტის დროს ფერხდება ფილტვებიდან ახალი სისხლის გადინება და შეგუბებითი პროცესი უკვე ფილტვებში ვითარდება, რაც სუნთქვას აძნელებს, ამიტომ გულის უკმარისობის დროს ორივე ქვედა კიდურის შეშუპებასთან ერთად ყოველთვის აღინიშნება სუნთქვის გაძნელება და ქოშინი;
  • თირკმლების დაავადებები: ამ დროს მთელი სხეულია შეშუპებული, რასაც შარდთან ერთად ცილა ალბუმინის კარგვა განაპირობებს. ნორმაში ალბუმინი შარდთან ერთად არ გამოიყოფა, თირკმლის დაავადების დროს კი იკარგება და მისი დეფიციტის შესავსებად სისხლიდან ქსოვილებში ზედმეტი სითხე გადადის, რაც მთელი სხეულის შეშუპებას იწვევს;
  • ღვიძლის დაავადებები: ამ დროს შეშუპება ორი მექანიზმით ვითარდება:  დაზიანებული ღვიძლის კედლები ვერ გამოიმუშავებენ საკმარისი ოდენობის ალბუმინს და ირთვება თირკმლის დაავადების მსგავსი მექანიზმი; და მეორე – ქსოვილოვანი დაზიანების გამო ღვიძლი სისხლს ქვედა კიდურებიდან გულისკენ შეუფერხებლად ვეღარ ატარებს და ისიც ქვედა კიდურებში გუბდება.
  • ვენების ქრონიკული უკმარისობა – ვენების სარქველების დაზიანების გამო ვენური სისხლს უჭირს გულისკენ გადინება, რაც  იწვევს ქვემო კიდურების შეშუპებას;
  • ლიმფედემა – ლიმფური სადინარების ბლოკირების დროს შეშუპება წარმოიქმნება ლიმფის ჭარბი რაოდენობით დაგროვების გამო;
  • დეპრესიის, არტერიული ჰიპერტენზიის (კალციუმის არხების ბლოკერები –ვერაპამილი, დილტიაზემი, ამლოდიპინი და სხვა) და შაქრიანი დიაბეტის (პიოგლიტაზონი და როსიგლიტაზონი) ზოგიერთი სამკურნალო პრეპარტი, ტესტოსტერონი, აგრეთვე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (როგორიცაა იბუპროფენი, ნატრიუმის დიკლოფენაკი და სხვა, კორტიკოსტეროიდები (პრედნიზონი, მეთილპრედნიზოლონი), პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალება –  პრამიპრექსოლი;
  • პერიკარდიტები–პერიკარდიუმი გულის პერანგია, იგი გულის შეკუმშვათა პარალელურად იკუმშება და იშლება. მისი დაზიანებისას გულს უძნელდება ნორმალური შეკუმშვა, ამიტომ სისხლი ჯერ კისრის ვენებში, შემდეგ მუცელში, ბოლოს კი ქვედა კიდურებში გუბდება;
  • პრეეკლამფსია – ხდება შარდში ცილების ჭარბი გადინება, შესაბამისად სისხლში ცილების შემცირება და შეშუპების განვითარება;
  • ორსულობა –მოცულობაში მომატებული საშვილოსნო აწვება სისხლძარღვებს ტანის ქვემო ნაწილში, რაც იწვევს სისხლის მოძრაობის შეფერხებას და ქვედა კიდურების (ფეხების) შეშუპებას;
  • თრომბოფლებიტი – ეს არის ქვედა კიდურის ერთი ან რამდენიმე ზედაპირული ვენის დაზიანება, რომელიც ანთებითი პროცესის ან ვენის სანათურის სისხლის კოლტით დახშობის შედეგად ვითარდება. ფლებიტი იწვევს ტკივილს, შეშუპებას და სიწითლეს. ვენების სანათურთა დახშობის შემდეგ სისხლი ქვედა კიდურებში ყოვნდება, გუბდება და ახლომდებარე ქსოვილებში ჟონავს. გულის უკმარისობისგან განსხვავებით, ფლებიტის დროს აღინიშნება ტკივილი და მხოლოდ ცალი კიდურის შეშუპება.
  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება. შეშუპებას, ისევე როგორც თირკმლისა და ღვიძლის დაავადებების დროს, ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული ალბუმინის დეფიციტის დაბალანსების მცდელობა იწვევს.
  • კორონარული შუნტირების შემდგომი შეშუპება. მას ქვედა კიდურებიდან დიდი ზომის ვენის ამოკვეთა იწვევს, მაგრამ რამდენიმე თვეში გაივლის – სხვა ვენები ეგუებიან დანაკარგს და მის ფუნქციებს ინაწილებენ;
  •  ვენების ვარიკოზული გაგანიერება. ვარიკოზული დაავადების დასაწყისში ქვედა კიდურები არც ისე შესამჩნევად შუპდება. შეშუპება დაავადების მოგვიანებით სტადიაზე იჩენს თავს და უშუალოდ უკავშირდება სხეულის ვერტიკალურ მდგომარეობას – საღამოობით ძლიერდება, დილისთვის ქრება, დღის მეორე ნახევარში კი კვლავ შესამჩნევი ხდება. მოგვიანებით შეშუპებას ერთვის კანის პიგმენტაცია და წყლულები. ვარიკოზის დროს შეშუპება ასიმეტრიულია – ჩვეულებრივ, მხოლოდ ცალი კიდურია შეშუპებული;
  • ცხოვრების წესთან დაკავშირებული ფაქტორები. ქვედა კიდურების (ფეხების) შეშუპებას ხანგრძლივი დგომა და უმოძრაობა იწვევს. იგი ასევე თავს იჩენს მძიმე ფიზიკური შრომის, სუფრის მარილის ჭარბად გამოყენების, ბრტყელტერფიანობის დროს. ხელშემწყობი ფაქტორებია მაღალქუსლიანი და არაკომფორტული ფეხსაცმელი, მჯდომარე პროფესიები, ხანგრძლივი მგზავრობა. ამ დროს შეშუპება ფაქტორის მოხსნისთანავე ქრება.

ფეხების შეშუპება, რომელიც გამოწვეულია ანთებით

ფეხების შეშუპება  შეიძლება განპირობებული იყოს იმუნური სისტემის პასუხით, რომელიც იწვევს ანთებას ქვედა კიდურების ქსოვილებში, ან ალერგიით.  ანთება შეიძლება იყოს ნორმალური პროცესი დაზიანებაზე ან პათოლოგიური, როდესაც ანთება მიდის საკუთარი ქსოვილების მიმართ, მაგალითად რევმატოიდული ართრიტის დროს. ანთებით მიმდინარე ფეხების შეშუპებისთვის დამახასიათებელია ტკივილი.

ანთებით მიმდინარე ქვედა კიდურების (ფეხების) შეშუპება შეიძლება განპირობებული იყოს შემდეგი ფაქტორებით:

  • აქილევსის მყესის გაწყვეტა
  • მენისკის დაზიანება
  • ბეიკერის კისტა (მუხლის სახსართან დაგროვებული სითხე)
  • კოჭის/ტერფის მოტეხილობა
  • ფეხის მოტეხილობა
  • პოდაგრა (ჭარბი შარდმჟავის დაგროვებით გამოქვეული ართრიტი)
  • ფეხის ინფექცია ან ჭრილობა
  • მუხლის ბურსიტი (მუხლის სახსრის სითხით სავსე ჩანთის ანთება)
  • ოსტეოართრიტი
  • რევმატოიდული ართრიტი
  • კოჭის ღრძობა

ანთებით გამოწვეული ფეხის შეშუპება სიცოცხლისათვის საშიში არ არის და მოითხოვს სპეციფიკურ მკურნალობას.

სანამ ექიმთან მიხვიდოდით:

  • როდესაც წამოწვებით  ფეხების ქვემოთ დაიდეთ ბალიში, რომელიც შეამსუბუქებს შეშუპებას;
  • თუ თქვენ აპირებთ დიდხანს დგომას ან ჯდომას, ხშირად გააკეთეთ შესვენებები და იმოძრავეთ გარშემო სანამ მოძრაობა ტკივილს არ გამოიწვევს,  გამოიყენეთ სპეციალური სამკურნალო წინდები, რომლებიც ხელს უშლის შეშუპებას.

არ შეაჩეროთ ინ პრეპარატის მიღება, რომელზეც ეჭვი გაქვთ, რომ გამოიწვია ფეხების შეშუპება,  სანამ არ დაელაპარაკებით თქვენს ექიმს

  • თუ ფეხების შეშუპება გამოწვეული ანთებით, მიიღეთ  უბრალო ტკივილგმაყუჩებელი საშუალებები;
  • ჩაიცვით მოხერხებული ფეხსაცმელი;
  • თუ დიდხანს დგომა გიწევთ, გამოიყენეთ სპეციალური სამკურნალო წინდები, რომლებიც ხელს უშლის შეშუპებას.
  • ნაკლებად გამოიყენეთ სუფრის მარილი;
  • სასტიკად არის აკრძალული ყოველგვარი თვითდიაგნოსტიკა და მკურნალობა;
  • სიფრთხილით გამოიყენეთ შარდმდენი პრეპარატები – შეშუპების მკურნალობა დაგროვილი სითხის ორგანიზმიდან გამოძევება კი არა, მისი მიზეზის აღმოფხვრაა.

ავტორი: დოქტორი დავით მალიძე. საავტორო უფლებები დაცულია


 

 

 
.