თვალის ტრავმა

თვალის ტრავმა

თვალის ტრავმის დროს პირველ რიგში ზიანდება თვალის ოპტიკური აპარატი, გაცილებით მძიმე შემთხვევებში შეიძლება ბადურა და მხედველობის ნერვიც დაზიანდეს — ასეთი ტრავმა კი ხშირად ცალმხრივ სიბრმავეს იწვევს>>

 

თვალი — რთული და მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც სათანადო მოვლასა და სათუთ მოპყრობას მოითხოვს. თვალის სულ მცირე ტრავმაც კი შეიძლება მხედველობის გაუარესებისა და სიბრმავის მიზეზი გახდეს.

თვალის ტრავმის დროს პირველ რიგში ზიანდება თვალის ოპტიკური აპარატი: რქოვანა, ბროლი და მინისებრი სხეული. გაცილებით მძიმე შემთხვევებში შეიძლება ბადურა და მხედველობის ნერვიც დაზიანდეს — ასეთი ტრავმები ხშირად ცალმხრივ სიბრმავეს იწვევს.

თვალის ტრავმა — მიზეზები:

  • თვალში უცხო სხეულის მოხვედრა ( მტვერი, ქვიშა, შუშის ნამსხვრევები, ნამცეცები, და სხვ.)
  • ბლაგვი ან მახვილი საგნით თვალის დაზიანება, ცეცხლნასროლი ჭრილობა, სიმაღლიდან ჩამოვარდნა და ა.შ. ამ დროს შეიძლება განვითარდეს თვალის დაჟეჟილობა (კონტუზია), თვალის გამჭოლი და არაგამჭოლი ჭრილობები, თვალის კაკლის გაგლეჯა .
  • თვალის დამწვრობა ცეცხლის ალით, ქიმიური ნივთიერებებით, ულტრაიისფერი სხივებით ( ელექტროოფთალმია, თოვლის ოფთალმია). ასეთი დაზიანებები უფრო ხშირად შემდუღებლებს, უსაფრთხოების წესების დარღვევისას, ალპინისტებს, ჩრდილოეთის ტერიტორიების მაცხოვრებლებს, უვითარდებათ.
  • ინფრაწითელი სხივებით დაზიანება — მაგალითად მზის დაბნელების დაუცველი თვალით ყურება.

თვალის ტრავმა — სიმპტომები.

თვალის ტრავმის ზოგადი ნიშნებია — თვალის ჭრა და ტკივილი, ცრემლდენა, სინათლის შიში, ქუთუთოების ავტომატური სპაზმი.

თვალში მოხვედრილი უცხო სხეული ( სილა, მტვრის ნაწილაკი და ა.შ.) რჩება კონიუნქტივაზე და იწვევს ცრემლდენას, თვალის მწვავე ჭრასა და ტკივილს, რაც თვალების დახამხამებისას კიდევ უფრო ძლიერდება.

თვალის დაჟეჟილობა (კონტუზია)ის სიმძიმე – დაზიანების ადგილის, დარტყმის სიძლიერის, მისი ზემოქმედების არეალის, დამაზიანებელი საგნის ფორმის მიხედვით განისაზღვრება. არაგამჭოლ ტრავმებმა შეიძლება გამოიწვიოს თვალში სისხლჩაქცევა, ბადურასა და სისხლძარღვოვანი გარსის გაგლეჯა, ბადურას აშრევება, ტრავმული კატარაქტა. ყველაზე ხშირად ასე ბლაგვი საგნის დარტყმისა და დაჟეჟილობის დროს ხდება. გამჭოლი ტრავმების დროს უცხო სხეული შეიძლება თვალის გარსებში, წინა კამერაში, ბროლში ან მინისებურ სხეულში ჩარჩეს. ამ დროს დაზარალებული თვალში მწვავე ტკივილს განიცდის, ეწყება ცრემლდენა, ადამიანს არ შეუძლია შეხედოს სინათლეს, მკვეთრად ქვეითდება მხედველობა. თვალის კაკალზე ჩანს გამჭოლი ჭრილობა და სისხლიანი ლაქა. გამჭოლი ჭრილობის დროს შესაძლოა მოხდეს თვალის კაკლის სრული გაგლეჯა, ბროლის დაზიანება და მხედველობის დაკარგვა.

თვალების დაზიანება ხშირად თვალების გარშემო ძვლებისა და კუნთების ტრავმისა და დაჟეჟილობის დროს ვითარდება. თვალის მამოძრავებელი კუნთების ტრავმა მხედველობის მყარი გაორებით ვლინდება. თვალბუდის კედლების გაბზარვისა და მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში, კანქვეშ შეიძლება მოხვდეს ჰაერი და გამოიწვიოს ქუთუთოს გამობერვა – ემფიზემა, თვალის კაკლის გადმოკარკვლა-ეგზოფთალმი. ასეთი ტრავმის სახიფათო გართულებაა — მხედველობის ნერვის დაზიანება, ( ნერვის გაგლეჯა, მხედველობის არხში ან თვალბუდეში გაჭყლეტვა, თვალის კაკლიდან მოწყვეტა), რამაც შესაძლოა მხედველობის ცალმხრივი, შეუქცევადი დაკარგვა გამოიწვიოს.

ქუთუთოები პრაქტიკულად ყველა სახის ტრავმის დროს ზიანდება. ჩალურჯება, შეშუპება — ქუთუთოების დაზიანების ყველაზე თვალსაჩინო ნიშნებია, განსაკუთრებით სახიფათოა ქუთუთოების მახვილი საგნებით დაზიანება.

თვალის ტრავმა — დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

თვალის ტრავმის ნებისმიერი სახის დროს აუცილებელია დაუყოვნებლივ ექიმ- ოკულისტთან ვიზიტი, რათა დადგინდეს თვალის დაზიანების ხასიათი და სიღრმე . ექიმი დაათვალიერებს თვალის ფსკერს, შეაფასებს ბადურას მდგომარეობას. გამჭოლი ჭრილობის დროს შესაძლოა საჭირო გახდეს რენტგენოლოგიური გამოკვლევის ჩატარება, თვალში უცხო სხეულის გამოსავლენად. ექიმი, ასევე შეაფასებს მხედველობის ნერვის დაზიანების ხარისხს და განსაზღვრავს მხედველობის შენარჩუნების შესაძლებლობას.

მკურნალობა დამოკიდებულია ტრავმის სახეზე. სერიოზული დაზიანებების დროს თერაპიული და ქირურგიული მკურნალობა ოფთალმოლოგიური სტაციონარის პირობებში ტარდება.

 

თვალის დაავადებები