მოზარდები და მშობლები

მოზარდები და მშობლები

მოზარდობის ასაკი სწორედ ის პერიოდია, როდესაც მშობლებს განსაკუთრებული სიფრთხილე, ყურადღება და მზრუნველობის გამოხატვა მოეთხოვებათ, რადგან ეს მათ შვილებს სჭირდებათ.
იყო მოზარდი ძალიან რთულია, რადგან ამ დროს ორგანიზმსა და ფსიქოლოგიაში საოცარი სტანსფორმაციები ხდება.
უფროსის, განსაკუთრებით კი მშობლის მხარდაჭერა და ყურადღება ამ ცვლილებებს გაცილებით იოლად გატანინებს, სულ მცირე, იმას მაინც ხვდები, თუ რა ხდება შენს თავს.

მოზარდობის ასაკი 11-დან 19 წლამდე გრძელდება, თუმცა ესეც ინდივიდუალურია, ამიტომ ყურადღების გამახვილება ამ მხრივაც გმართებთ.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

მშობლები მოზარდებისთვის ერთგვარი სარკეა, მათი უფროსი ანარეკლი, ამიტომ ხშირად ახდენენ მათთან იდენტიფიცირებას. მშობლების ცხოვრებას გვერდიდან აფასებენ, რაც გოგონებში უფრო მეტად შესამჩნევია.
ისინი თანატოლებთან ერთად განიხილავენ მშობლების, მასწავლებლების ან მეზობელი ქალბატონების ჩაცმულობას, ვარცხნილობას, საქციელს, სიარულის მანერასა და სხვა.
ეს არის ერთგვარი შეფასების პროცესი, რომელიც თქვენთვის შეიძლება ნაკლებ სასიამოვნოც აღმოჩნდეს (იმ შემთხვევაში, თუ შვილს თქვენში რამე არ მოსწონს), ამიტომ ამ პროცესისთვის მზად იყავით.
მოზარდობისას შვილი განსაკუთრებით ითხოვს ურთიერთგაგებას, ამიტომ უსიამოვნებისას რომელი მხარეც უნდა იყოს დამნაშავე, შერიგების ინიციატივა ყოველთვის თქვენ უნდა გამოიჩინოთ – ამით კიდევ ერთხელ დაუმტკიცებთ, რომ ის გიყვართ და, ჩხუბის მიუხედავად, თქვენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანია. ამავდროულად ნურც მის ყველა სურვილს დაემორჩილებით – უბრალოდ ბალანსი დაიცავით.
თუ მისი თხოვნის შესრულება არ გინდათ ან არ შეგიძლიათ, მხოლოდ არა-თი ნუ შემოფარგლებით. უარის მიზეზი აუცილებლად აუხსენით.
ზოგადად ამ ასაკში მყოფ შვილთან ხშირი საუბარი ძალიან კარგია.
მოუყევით თქვენი სამსახურის შესახებ, თუმცა ყურადღება მის პოზიტიურ მხარეზე გაამახვილეთ და არა იმაზე, რომ იქ საშინლად იღლებით, ანაზღაურება დაბალი გაქვთ ან თქვენი ბოსი მონსტრია (სამსახურის მიმართ აგრესია და უარყოფითი დამოკიდებულება რომ არ გაუჩნდეს).
აუცილებლად ჰკითხეთ მის მიერ დღის განმავლობაში გაკეთებულ საქმეებზე, გამოჰკითხეთ სკოლის ამბები, მოიკითხეთ მეგობრები.
აგრძნობინეთ, რომ თქვენთვის მისი პირადი ცხოვრებაც მნიშვნელოვანია და არა მხოლოდ ის, რა ჭამა ან თბილად ჩაიცვა თუ არა.
თუ შეატყობთ, რომ რაიმე პრობლემა აქვს, უბრალოდ ჰკითხეთ, ხომ არ სჭირდება თქვენი დახმარება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დააძალოთ.
მოზარდობისას ბავშვები ძალიან ამაყები არიან და ფიქრობენ, რომ ყველა პრობლემას საკუთარი ძალებით გაუმკლავდებიან, ამიტომ დაძალებული დახმარება შეიძლება აგრესიულად უარჰყოს.
დიდობისკენ მიდის, მაგრამ მოზარდი ჯერ კიდევ ბავშვია, რომელსაც არ დაუკარგავს გაოცებისა და აღფრთოვანების უნარი. ასე რომ, ნუ შეწყვეტთ შვილების გაოცებას.
ანახეთ, რომ ძალიან კარგად თამაშობთ ფეხბურთს, სრიალებთ თხილამურებით, შეგიძლიათ სახლში ელექტროობა შეაკეთოთ ან სამზარეულოს საქმის გარდა მშვენივრად გეხერხებათ ხატვა.
ზოგჯერ შვილები ისე ეჩვევიან მამის საქმიას კოსტუმს ან დედის წინსაფარს, ვერც კი ხვდებიან, რომ ისინიც ინდივიდუალური პიროვნებები არიან.
თუ რაიმე ინტერესი გაგაჩნიათ, ნუ დაუმალავთ შვილებს, რადგან თქვენი ჰობი შეიძლება მისთვისაც საუკეთესო გასართობად იქცეს, რაც უფრო მეტად დაგაახლოვებთ.
დათვალეთ, კვირის განმავლობაში რამდენ საათს უთმობთ შვილთან ურთიერთობას (ნუ მიათვლით ყოფით გარემოში გატარებულ დროს ანუ სადილობას, მეცადინეობაში დახმარებას და სხვა).
თუ ეს დრო 2-3 საათს არ აღემატება, ნიშნავს, რომ მასთან ძალიან ცოტა დროს ატარებთ.
ამის ანაზღაურება შაბათ-კვირას ან დასვენების სხვა დღეებში შეგიძლიათ.
გასაგებია, რომ მთელი კვირის განმავლობაში სამსახურში გადაიღალეთ, მაგრამ შვილი უფრო დიდი სამსახურია. სულ მცირე, კინოში მაინც რომ წაიყვანოთ ან მანქანით გაასეირნოთ, ესეც საკმარისია იმისთვის, რომ თქვენი ურთიერთობა უფრო შეიკრას.
ეცადეთ, მაქსიმალურად პირდაპირი და მკაფიო იყოთ, როდესაც შვილი კონკრეტულ თემაზე, თუნდაც უხერხულზე გეკითხებათ.
მოზარდი იოლად ამჩნევს ტყუილს, ხვდება, რომ რაღაცას უმალავთ, რაც მის უნდობლობასაც იწვევს.
თუ საუბრის თემა ზედმეტად უხერხულია, მაშინ უთხარით, რომ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაქვთ, მაგრამ აუცილებლად გაარკვევთ და მასაც ეტყვით.
ამის შემდეგ ნამდვილად მოგიწევთ სპეციალისტთან გასაუბრება, მაგალითად ფსიქოლოგთან ან სპეციალური ლიტერატურის გაცნობა.
გახსოვდეთ, რომ უხერხულ თმაზე უფრო უხერხული შვილის თვალში დამცირებაა.
თუ ოჯახში პრობლემაა, მაგალითად, ფინანსური, ურთიერთობის მხრივ ან, სულაც, მოხუცი ბებია გარდაიცვალა, შვილი აუცილებლად ჩააყენეთ საქმის კურსში.
უნდა იცოდეს, რომ ფინანსური პრობლემის გამო შეიძლება ოჯახს რაღაც მოაკლდეს, ხოლო თუ მშობლების უთანხმოება გაყრით დამთავრდება, ეს მისთვის სიურპრიზი არ უნდა აღმოჩნდეს, მით უფრო, ამის შესახებ მეზობლისგან არ უნდა შეიტყოს.
ერთი სიტყვით, ნუ ეცდებით მოზარდი ნეგატიური ინფორმაციისგან დაიცვათ. გახსოვდეთ, რომ ის ზრდასრულ ასაკს უახლოვდება და უნდა შეეჩვიოს, რომ დიდობაში პრობლემებიც არსებობს. 
  გადასვლა >>> ,,ბავშვი”

აღებულია: http://skolebi.com/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D_%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/news/1394451050