მხედველობის სისტემის თავისებურებები ბავშვებში

მხედველობის სისტემის  თავისებურებები ბავშვებში

ახალშობილის ადაპტაცია გარემო პირობებთან, მისი სწორი ზრდა-განვითარება დიდად არის დამოკიდებული მხედველობის  სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე, რადგანაც თვალი არა მხოლოდ მხედველობის ორგანოაა, არამედ მისი მეშვეობით ხდება სინათლის ენერგიის მოხმარება, სინათლის მასტიმულირებელი მოქმედების შედეგად კი ორგანიზმში შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მიერ გამომუშავდება ჰიპოფიზის, თირკმელზედა ჯირკვლის, ფარისებრი ჯირკვლის, სასქესო ჯირკვლების ჰორმონები და სხვა.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

სწორედ ამიტომ მხედველობის ანალიზატორი ბავშვებში ყალიბდება საკმაოდ სწრაფად.
მხედველობის ორგანოს ზრდა-განვითარება ძირითადად სრულდება 2-3 წლის ასაკისათვის, შემდგომი წლების განმავლობაში შედარებით ნაკლები ცვლილებები მიმდინარეობს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მხედველობის ორგანოს განვითარება ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში.
არსებობს განსაკუთრებით კრიტიკული პერიოდები, როდესაც  ესა თუ ის ორგანო ხდება მეტად მგრძნობიარე  სხვადასხვა დამაზიანებლი ფაქტორების მიმართ.
დაბადების მომენტისათვის, ნორმალური  განვითარების შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ თვალს აქვს ყველა გარსი, მნიშვნელოვნად განსხვავდება ზომით, მასით,  სტრუქტურით, ფიზიოლოგიით მოზრდილი ადამიანის მხედველობის ორგანოსაგან.

დაბადების შემდეგ მხედველობის ანალიზატორი გადის განვითარების გარკვეულ ეტაპებს, რომელთა შორის ძირითადია:

  • სიცოცხლის პირველ წლის ნახევარში ხდება თვალის ბადურის ყვითელი ხალისა და ცენტრალური უბნის ფორმირება. ბადურის 10 შრიდან რჩება ძირითადად ოთხი  – ეს არის მხედველობის  უჯრედები, მათი ბირთვები და საზღვროვანი მემბრანები
  • მხედველობის  გზების ფუნქციური მობილობის მატება და მათი ჩამოყალიბება სიცოცხლის პირველ წლის ნახევარში
  • პირველი ორი წლის განმავლობაში ქერქისა და მხედველობის  ცენტრების უჯრედული ელემენტების სრულყოფა
  • სიცოცხლის პირველ წელს მხედველობის ანალიზატორის ჩამოყალიბება და სხვა ანალიზატორებთან კავშირების გამყარება
  • ქალას ნერვების  მორფოლოგიური და ფუნქციური განვითარება  სიცოცხლის პირველი 2-4 თვის განმავლობაში.

ახალშობილის თვალი მოზრდილის თვალისაგან  განსხვავებით გამოირჩევა შედარებით მოკლე წინა-უკანა ღერძით,  შესაბამისად შედარებით მაღალი გარდამტეხი ძალით და როგორც წესი, ბავშვებში დაბადებისას და მცირე ასაკში აღინიშნება ჰიპერმეტროპიული რეფრაქცია – შორსმხედველობა. თვალის ზრდასთან ერთად თვალის რეფრაქცია იხრება ნორმალურისაკენ.

რქოვანა

ეს არის თვალის გარდამტეხი ფუნქციის მქონე ძირითადი სტრუქტურა. ზრდასთან ერთად იცვლება რქოვანას  ჰორიზონტალური დიამეტრი, რომლის სიფართე 11 წლისათვის  სავსებით შეესაბამება მოზრდილების რქოვანას დიამტერს, სიმრუდე კი 7 წლის ასაკისათვისაა  ისეთივე, როგორიც მოზრდილებში.
რქოვანას გარდამტეხი ძალა იცვლება ასაკისდა მიხედვით სიმრუდის რადიუსის უკუპროპორციულად. სიცოცხლის პირველ წელს აღინიშნება ფიზიოლოგიური ასტიგმატიზმი.
სიცოცხლის პირველ წელს ბავშვის რქოვანა ნაკლებად მგრძნობიარეა ქალას ნერვების განუვითარებლობის გამო.
ამ პერიოდში განსაკუთრებით საშიშია კონიუნქტივალურ ტომაარში უცხო სხეულის მოხვედრა, რაც არ იწვევს თვალის გაღიზიანებას, ტკივილსა და ბავშვის მოუსვენრობას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს  რქოვანას მძიმე დაზიანება, კერატიტი მის სრულ დაშლამდეც კი.
შემდგომში რქოვანას  მგრძნობელობა იზრდება  და ერთი წლის ასაკში ისეთივეა, როგორც მოზრდილი ადამიანის შემთხვევაში.

ფერადი გარსი

ფერადი გარსი – თვალის სისხლძარღვოვანი  გარსის წინა ნაწილია, რომელიც წარმოქმნის ვერტიკალურ  დიაფრაგმას ცენტრში ხვრელით, რომელიც არეგულირებს  თვალში შუქის მოხვედრას გარემო პირობების შესაბამისად.
ფერადი გარსი სხვადასხვა შეფერილობისაა, ცისფერიდან შავამდე, რაც დამოკიდებულია მასში მელანინის შემცველობაზე.
ბავშვების შემთხვევაში პიგმენტის შემცველობა მცირეა, რის გამოც ახალშობილის თვალი ღია ნაცრისფერი შეფერილობისაა.
ფერადი გარსი საბოლოოდ ყალიბდება 10-12 წლის ასაკისათვის.
ძუძუთა ასაკის ბავშვების შემთხვევაში ცუდადაა განვითარებული კუნთოვანი ბოჭკოები, რომლებიც გუგის გაფართოებას იწვევენ და ამის გამო გუგა ვიწროა. 1-3 წლის ასაკისათვის გუგა მოზრდილისათვის დამახასიათებელ ზომას იღებს.

ბროლი

ბროლი თვალის ოპტიკური სისტემის მეორე მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელზეც მოდის თვალის გარდამტეხი ფუნქციის მესამედი. ბროლის  აკომოდაციური ფუნქცია განაპირობებს ახლო და შორს მყოფი საგნების დანახვის უნარს. ბროლის ფორმა და სიდიდე იცვლება ასაკთან ერთად.  ახლშობილებში ბროლის ფორმა სფეროსებურია, ზრდის პროცესში მატულობს ბროლის სისქე და დიამეტრი, ბროლის გარდამტეხი ძალა მცირდება.

ბადურა

ბადურა მხედველობის ანალიზატორის პერიფერიული რგოლია, რომლის მიერაც ხდება სინათლის ენერგიის მიღება, დამუშავება და გარდაქმნა ნერვულ იმპულსად, რაც შემდგომ გადაეცემა თავის ტვინის ქერქის მხედველობით ცენტრს და ხდება მხედველობის  ინფორმაციის საბოლოო გადამუშავება. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი უბანი არის ყვითელი ხალი,  ცენტრალური უბანი. მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის სწორედ ეს უბნები, რაც უზრუნველყოფს მომავალში მათ ნორმალურ ფუნქციონირებას.

თვალის  წინა კამერა

რქოვანასა და ფერად გარსს შორის სივრცეს წინა კამერა ეწოდება, მასში ცირკულირებს წამწამოვანი სხეულის მიერ გამომუშავებული თვალშიდა სითხე და ახორციელებს რქოვანას, ბროლისა და მინისებრი სხეულის კვებას. დაბადების მომენტისათვის  წინა კამერა უკვე ჩამოყალიბებულია, თუმცა ფორმითა და ზომებით მნიშვნელოვნად განსხვავდება მოზრდილის თვალის წინა კამერისაგან. კამერის კუთხე კი მახვილია და ვიწროა.  სამი წლის ასაკისათვის კი ის ისეთივეა, როგორც მოზრდილებში, კუთხე ხდება კიდევ უფრო ღია. მუცლადყოფნის პერიოდში განვითარებისას წინა კამერა დახურულია მეზოდერმალური ქსოვილით, თუმცა დაბადების მომენტისათვის  ხდება გაწოვა. მეზოდერმის უკუგანვითარების შეფერხებამ შესაძლოა განაპირობოს თვალშიდა წნევის მომატება ჯერ კიდევ ბავშვის დაბადებამდე და ჰიდროფთალმის განვითარებაც კი.

ახალშობილის თვალის კიდევ ერთი თავისებურებაა საცრემლე არხის აგებულება. ბავშვების დაახლოებით 5% იბადება საცრემლე არხის დახურული ხვრელით, თუმცა ცრემლის ზემოქმედებით ქსოვილი („საცობი“) პირველ დღეებში თითქმის ყოველთვის გაიწოვება და იწყება ცრემლის ნორმალური დინება. წინააღმდეგ შემთხვევაში აღინიშნება ცრემლის შეგუბება და წარმოიქმენა ახალშობილთა დაკრიოცისტიტი. გადასვლა >>> ბავშვი


მხედველობის სისტემის თავისებურებები ბავშვებში