ვენური თრომბოზი

ვენური თრომბოზი

გაზაფხულსა და ზაფხულში იმატებს ვენებთან დაკავშირებული პრობლემები. როდესაც  თბილა ვენები ფართოვდება და თრომბის წარმოქმნის საშიშროებაც იზრდება.  ვენური თრომბოზი მოსახლეობის 10-20% ში გვხვდება, აქედან 95% შემთხვევაში თრომბები ქვედა კიდურების ღრმა ვენებში წარმოიქმნება, მისი მიზეზი ვენებში სისხლის ხანგრძლივი შეგუბებაა. >>>>

..

დაავადების შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი და პრეზიდენტის სტიპენდიანტი ანზორ გოგიბერიძე გვესაუბრა. მან 2013 წელს, კონფერენციაზე სახელწოდებით „მომავალი ეკუთვნის გენეტიკას“ წარადგინა ნაშრომი, თემაზე „ვენური თრომბოზი“.

რას გვეტყვით, მოკლედ, ვენური თრომბოზის  შესახებ?

თრომბოზი ნიშნავს სისხლის შედედებას დაუზიანებელ სისხლმილში.  ვენური თრომბოზი  გენეტიკური და გარემო ფაქტორებით განპირობებული პათოლოგიური პროცესია. გენეტიკურში მოიაზრება, მაგალითად:  ლეიდენის V ფაქტორის, პროთრომბინის გენის მუტაცია, კოაგულაციის და კოლტის ლიზისის დეფექტები. გარემო ფაქტორებიდან კი აღსანიშნავია: –  ასაკი, ჰორმონოთერაპია, ვენების ვარიკოზული დაავადება,  სიმსუქნე. დაავადება გადაეცემა ძირითადად აუტოსომურ-დომინანტური გზით (მაგ: პროთრომბინის გენის მუტაცია). დიაგნოზი ისმება PCR და Fish მეთოდებით, ნუკლეოტიდების განსაზღვრის საფუძველზე.

რამდენადაა საქართველოში აღნიშნული დაავადება გავრცელებული და რა ასაკში აღინიშნება ძირითადად?

კვლევების თანახმად, მსოფლიოში ვენური თრომბოზის შემთხვევათა დაახლოებით 4,5 % მოდის კავკასიის რეგიონზე. საქართველოს სტატისტიკური მონაცემები ბოლომდე დამუშავებული არ არის, მაგრამ მსოფლიოს ფლებოგრაფთა საერთაშორისო კავშირის წინასწარი ანალიზით, ეს მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში საგანგაშოა. ვენური თრომბოზის რისკი უფრო მაღალია ასაკოვან პირებში. თუმცა გენეტიკური წინასწარგანწყობის ფონზე დაავადების აღმოცენება არც ახალგაზრდა ასაკშია გამორიცხული. ისეთი ფაქტორები,როგორიცაა: სიმსუქნე, ორსულობა, იმობილიზაცია, კიბო, ქირურგიული ოპერაცია და სხვ. ზრდიან თრომბოზის განვითარების რისკს.

თქვენ, როგორც მომავალი ექიმი, რას ურჩევდით ვენური თრომბოზით დაავადებულ ადამიანებს?

პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია დიაგნოზის დროულად დასმა. ამიტომ სიმპტომების შემჩნევისთანავე (ჰიპერემიული, გამკვრივებული ზონრისმაგვარი წარმონაქმნები კიდურზე მიუთითებს ვენების ვარიკოზულ გაგანიერებაზე, რომლის მწვავე გართულებაცაა  ვენური თრომბოზი) უნდა მიმართოთ ექიმს.  სწორი მკურნალობისა და სათანადო პროფილაქტიკური ღონისძიებების შედეგად მნიშვნელოვნად მცირდება ვენური თრომბოზის რისკი. არასწორმა ან დაგვიანებულმა მკურნალობამ შეიძლება ისეთ ლეტალურ გამოსავლამდე მიგვიყვანოს, როგორიცაა თრომბოემბოლია.

რა რჩევებს მისცემდით ჩვენს მკითხველს, პრევენციის მიზნით?

ოჯახურ ანამნეზში, ვენური თრომბოზის არსებობის შემთხვევაში, სასურველია, სათანადო დიაგნოსტიკური მეთოდებით, კონკრეტული პიროვნებისთვის რისკის შეფასება. ასევე მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ის ხელისშემწყობი ფაქტორები, რომელთა მოდიფიკაცია შესაძლებელია პრევენციის მიზნით. ასეთებია: სიმსუქნე, დიდხანს ფეხზე დგომა, თვითმფრინავით მგზავრობა, მშობიარობა, ტრავმა და ა.შ. ვარფარინი და ჰეპარინი მნიშვნელოვანი საპროფილაქტიკო საშუალებებია. რადგან ვარფარინი სწრაფად გადის ტრანსპლაცენტურ ბარიერს, შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა ან განვითარების დეფექტები, ამიტომ ორსულებში ძირითადად ჰეპარინი ინიშნება.

______________________________________

გადასვლა: ელ. გაზეთი ,,მედი”; ნინო ჩხიტუნიძე;

.