ქოლესტერინის დონე პირდაპირ მოქმედებს ფერტილობაზე

ქოლესტერინის დონე პირდაპირ მოქმედებს ფერტილობაზე

მეცნიერთა თქმით, თუ ქალს ან მამაკაცს აღენიშნება ქოლესტერინის დონის მატება, მაშინ ბავშვის ჩასახვის შანსი საკმაოდ მცირეა. ამასთან, გასათვალისწინებელია თავისუფალი ქოლესტერინის შემცველობა, წერს Live Science.
მკვლევარებმა ეს დასკვნა გამოიტანეს 501 წყვილზე დაკვირვების შედეგად. მონაწილეებს შორის წლის განმავლობაში ჩასახვასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პირების უმრავლესობას სწორედ ქოლესტერინის დონის მატება აღენიშნებოდათ. ამავე დროს, არავინ არ მკურნალობდა უნაყოფობის გამო.
წყვილებს დაკვირვების დასაწყისში ჩაუტარეს სისხლის ანალიზი თავისუფალი ქოლესტერინის, საერთო ქოლესტერინის, ფოსფოლიპიდების, ტრიგლიცერიდების  და საერთო ლიპიდების შემცველობაზე.
დაკვირვების ერთი წლის მანძილზე 347 წყვილს ჩაესახა ბავშვი. ცხიმების ინდივიდუალური დონის კვლევის საფუძველზე გაკეთდა დასკვნა თავისუფალი ქოლესტერინისა და ჩასახვის პერიოდს შორის დამოკიდებულების არსებობის შესახებ.
აღნიშნული კავშირი აქტუალური იყო ისეთი სხვა ფაქტორების გათვალისწინების შემთხვევაშიც, როგორიცაა ასაკი, განათლების დონე, სხეულის მასის ინდექსი, ეთნიკური კუთვნილება.
ქოლესტერინი გავლენას ახდენს ფერტილობაზე, რადგან  საშენ მასალას წარმოადგენს ქალისა და მამაკაცის სასქესო ჰორმონებისთვის. აღნიშნული ჰორმონები (ესტროგენი, პროჟესტერონი – ქალებისთვის და ტესტოსტერონი -მამაკაცებისთვის) კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბავშვის ჩასახვისთვის. ჰორმონები მოქმედებენ სპერმის ხარისხზე და თავად სპერმატოზოიდებზე, ოვულაციაზე, იმპლანტაციასა და ბავშვის შენარჩუნებაზე.

წყარო საიტის ადმინისტრაციის ნებართვით აღებულია www.medportal.ge -დან