ნუშის მოხმარება ქოლესტერინის დონის გაუმჯობესებასთან ასოცირდება

25 კვლევის გაერთიანებული ანალიზის შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ნუშის მოხმარება ასოცირდება სისხლში ქოლესტერინის დონის გაუმჯობესებასთან.

“სისხლში ქოლესტერინის კონცენტრაციის შემცირებისა და ლიპოპრეტეინული დონის მოდიფიცირებისათვის განხორციელებული დიეტური ინტერვენციები გულის კორონალური დაავადების პრევენციისა და მკურნალობის საფუძველს წარმოადგენს,” აღნიშნავენ კვლევის ავტორები. ბოლო პერიოდში ინტენსიურად ხდება კვლევების ფოკუსირება ნუშის მოხმარებაზე, მასში შემავალი ნუტრიენტული ატრიბუტების კორონალური დაავადების რისკის შემცირებასა და სისხლის ლიპიდების (ცხიმები და ქოლესტერინი) დონის დაქვეითებაში გამოვლენილი პოტენციალის გამო. ნუში მდიდარია მცენარეული პროტეინებით, ცხიმებით (განსაკუთრებით, უჯერი ცხიმებით), დიეტური ბოჭკოებით, მინერალებით, ვიტამინებით და სხვა ისეთი ნაერთებით, როგორიცაა ანტიოქსიდანტები და ფიტოესტეროლები.

ჯოენ სებეტმა (Joan Sabaté) და მისმა კოლეგებმა შეაგროვეს 25 კვლევის მონაცემები, რომელიც ტარდებოდა შვიდ ქვეყანაში და მოიცავდა 583 მამაკაცსა და ქალს ქოლესტერინის მაღალი ან ნორმალური დონით. ხდებოდა ნუშის მომხმარებელთა მონაცემების შედარება საკონტროლო ჯგუფთან. მონაწილეები არ ღებულობდნენ ლიპიდებზე მოქმედ მედიკამენტებს.
კვლევაში მონაწილეებს, რომლებიც ყოველდღიურად საშუალოდ 67 გრამ ნუშს მოიხმარდნენ, აღენიშნათ ქოლესტერინის საერთო დონის საშუალოდ 5,1%-ით შემცირება, დაბალი სიმკვრივის ლიპოპტროტეინების (LDL, “ცუდი” ქოლესტერინი) – 7,4%-ით და მაღალი სიმკვრივის ლიპოპტროტეინების (HDL, “კარგი” ქოლესტერინი) დონის 8,3%-ით შეცვლა. აღსანიშნავია, რომ ტრიგლიცერიდების დონე 10,2%-ით დაქვეითდა იმ ინდივიდებში, რომელთაც აღენიშნებოდათ ტრიგლიცერიდების მაღალი კონცენტრაცია (სულ მცირე, 150 მგ/დლ), ამავე დროს, ცვლილებები არ გამოვლინდა ტრიგლიცერიდების საწყისი დაბალი კონცენტრაციის შემთხვევაში.

ნუშის მოხმარების ეფექტი დამოკიდებულია მიღებულ დოზაზე და მნიშვნელოვნად იცვლება LDL ქოლესტერინის, სხეულის მასის ინდექსისა და დიეტის ტიპის მიხედვით. ლიპიდებზე ნუშის დამაქვეითებელი ეფექტი მაქსიმალურია LDL-ის მაღალი საწყისი მაჩვენებლის, სხეულის მასის დაბალი ინდექსისა და დასავლური დიეტების (Western diets) გამოყენების შემთხვევაში.

კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, ნუშის მოხმარება მნიშვნელოვანი თერაპიულ-დიეტური ინტერვენციაა, რაც ხელსაყრელია ლიპიდური დონის მოწესრიგებისათვის და ამცირებს გულის კორონალური დაავადებების განვითარების რისკს.

წყარო საიტის ადმინისტრაციის ნებართვით აღებულია www.medportal.ge -დან


გადასვლა >>>> ქოლესტერინი
..