ფსტის თხილის მოხმარება აუმჯობესებს ქოლესტერინის დონეს

ოთხი მსხვილი კვლევის შედეგების მიხედვით ფსტის თხილის (“ფისტაშკი”) ხშირი მოხმარება ასოცირდება გულის კორონარული დაავადების რისკის 30-50%-ით შემცირებასთან. შესაძლო მექანიზმი მოიცავს LDL ქოლესტერინის დონის დაქვეითებას, E ვიტამინის ანტიოქსიდანტურ აქტივობას და აზოტის ჯანგის ენდოთელიუმსა და თრომბოციტების ფუნქციაზე ზემოქმედებას.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ფსტის თხილში საკმაოდ მაღალია ფიტოსტეროლების შემცველობა (დაახლოებით, 270-290 მგ/100 გ). ფიტოსტეროლები მცენარეული კომპონენტებია, რომელსაც აქვს ქოლესტერინის მსგავსი ქიმიური სტრუქტურა და მისგან განსხვავდება მხოლოდ დამატებითი მეთილისა და ეთილის ჯგუფის არსებობით. ფიტოსტეროლები ამცირებს ქოლესტერინის აბსორბციას, რაც ხელს უწყობს ცირკულირებადი ქოლესტერინის დონის შემცირებას.

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დღიური კალორიების 20%-ის შესაბამისი ფსტის თხილის მოხმარება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (HDL) და ქოლესტერინის მთლიანი რაოდენობის HDL ქოლესტერინთან შეფარდების დონეს და ახდენს LDL ქოლესტერინის ჟანგვის ინჰიბირებას. HDL ხელს უწყობს ქოლესტერინის სხეულიდან განდევნას მისი ღვიძლში ტრანსპორტირებით. ქოლესტერინის მთლიანი რაოდენობის HDL ქოლესტერინთან შეფარდებით ხდება ათეროსკლეროზის განვითარების რისკის დადგენა. ფსტის თხილის მოხმარება ზრდის შრატის პარაოქსონაზის აქტივობას 35%-ით და არილესთერაზას აქტივობას – 60%-ით. ეს ორივე ფერმენტი ახდენს LDL ქოლესტერინის ჟანგვის ინჰიბირებას. დაჟანგული ქოლესტერინი იწვევს ქოლესტერინის მთლიანი რაოდენობის მატებას და ხელს უწყობს ათეროსკლეროზული პროცესების განვითარებას უფრო მეტად ვიდრე დაუჟანგავი ქოლესტერინი.
სხვა კვლევებით დადასტურდა ფსტის თხილის მოხმარებით ლიპიდური პროფილის გაუმჯობესება. ყველა კვლევაში გამოყენებული იყო მოუხალავი თხილი, როგორც ირკვევა, მოხალვა უარყოფითად მოქმედებს თხილის ანტიოქსიდანტურ აქტივობაზე.

წყარო საიტის ადმინისტრაციის ნებართვით აღებულია www.medportal.ge -დან


გადასვლა >>>> ქოლესტერინი
..