აბსცესი პირის ღრუში

აბსცესი პირის ღრუში

აბსცესი (ლათ. abscessus – ჩირქგროვა) ქსოვილების გალღობითა და ჩირქოვანი ღრუს წარმოქმნით მიმდინარე ჩირქოვანი ანთებაა. იგი შეიძლება განვითარდეს უჯრედისში, კუნთებში, ძვლებში, ასევე შინაგან ორგანოებში ან მათ შორის.

ჩირქოვანი პროცესის ამ ფორმის ძირითადი გამომწვევია სტაფილოკოკი (როგორც ერთადერთი წყარო ან სტრეპტოკოკთან, ნაწლავის ჩხირთან, პროტეუსთან და სხვა მიკროფლორასთან ერთად).

აბსცესის განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს:

– მიკროტრავმა;

– ლორწოვანი გარსის დაზიანება, მექანიკური დაზიანებები;

– ჰემატომის (ჩაღვრილი სისხლის შემოფარგლული დაგროვება) დაჩირქება;

– კისტის (კაფსულით შემოფარგლული სითხის დაგროვება) დაჩირქება;

– რბილ ქსოვილებში სამკურნალო პრეპარატების კონცენტრირებული ხსნარების შეყვანა;

– არანამკურნალები სტომატოლოგიური დაავადებები;

– ინექციების დროს შეტანილი ინფექციები;

– ფურუნკულების წარმოქმნა ყბების მიდამოში.

აბსცესთან წარმატებული ბრძოლის აუცილებელი ფაქტორია მისი ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან დროულად მიმართვის დროს, დაავადების პირველივე ნიშნების გაჩენისას.

აბსცესის სიმპტომებია:

– ხანგრძლივი, ძლიერი მღრღნელი ან მფეთქავი ტკივილი;

– პირში არასასიამო გემო და სუნი;

– კისრის ლიმფური კვანძების გადიდება;

– წყლულის წარმოქმნა ჩირქოვანი გამონადენით;

– სახის რბილი ქსოვილების შეშუპება და გასივება;

– ზოგადი სისუსტე და დისკომფორტის შეგრძნება;

– ძილისა და მადის დარღვევა;

– სხეულის ტემპერატურის მომატება.

თუ აბსცესის დიაგნოზი დამტკიცდა, საჭირო ხდება ოპერაციული ჩარევა. ამ დროს ქირურგი ხსნის ჩირქოვან ღრუს და ახორციელებს მის დრენირებას.

ზოგჯერ შეიძლება მოხდეს ისე, რომ ჩირქგროვა თვითნებურად იხსნება და იცლება ჩირქისგან. ამის შემდეგ ტკივილი კლებულობს, ქრება შეშუპება, ზოგადი მდგომარეობა უმჯობესდება. თუმცა, ეს განკურნებას არ ნიშნავს. ჩირქგროვის თვითნებური გახსნა მიუთითებს აბსცესის ქრონიკულ სტადიაში გადასვლაზე. თუ ამ ეტაპზე პაციენტმა არ მიმართა ექიმს, შემდგომში მას განუვითარდება ახალი გამწვავებები, ასევე მოსალოდნელია სხვა გართულებებიც.

ყბასახის აბსცესების ყველაზე გავრცელებული ტიპები

პერიაპიკალური აბსცესი

ამ აბსცესის ნიშნებია კბილის მომატებული მგრძნობელობა, ძლიერი ტკივილი კბილზე ზეწოლისა და ღეჭვის დროს. ასევე, დაზიანებული კბილის ირგვლივ  ღრძილი ანთებითია და შეშუპებულია. ინფექცია, როგორც წესი აგრძელებს პროგრესირებას და სულ უფრო მეტ ქსოვილებზე ვრცელდება. შორსწასულ შემთხვევაში სტომატოლოგმა შეიძლება მიიღოს  კბილის ამოღების გადაწყვეტილება ინფექციის ლიკვიდაციის გამო.

პირის ღრუს ფსკერის აბსცესი

ამ აბსცესის განვითარების პირველი ნიშანია ენისქვეშა მიდამოს სიწითლე. შემდეგ წარმოიქმნება გამკვრივება, ჩნდება მტკივნეული შეგრძნებები საუბრის ან საკვების მიღების დროს. პირის ღრუს ფსკერის ანთების ზრდის შესაბამისად, ენა იწევს ზემოთ, ხოლო მისი მოძრაობა მნიშვნელოვნად იზღუდება. ამასთანავე უარესდება პაციენტის ზოგადი მდგომარეობა.

თუ ამ ტიპის აბსცესი დროულად არ იქნა ნამკურნალები, ჩირქოვანი იფექცია შეიძლება გავრცელდეს ხახის მიდამოსა და კისერში.

სასის აბსცესი

ზედა ყბის კბილების პერიოდონტიტის ხშირი გართულებაა. პაციენტს ჯერ აწუხებს ტკივილი მაგარი სასის მიდამოში, შემდეგ ლორწოვანი გარსი წითლდება და გამოიბურცება, რის გამოც პაციენტს უძნელდება საკვების მიღება.

საჭიროა სასის აბსცესის დროული გახსნა კლინიკის პირობებში, რათა აბსცესი უფრო დიდ ფართობზე არ გავრცელდეს არ განვითარდეს სასის ფირფიტის ოსტეომიელიტი.

ლოყის აბსცესი

შესივება და გაწითლება შეიძლება გამოხატული იყოს ლოყის კანის მხრიდანაც და ლორწოვანი გარსის მხრიდანაც. ტკივილი სუსტია, ძლიერდება პირის გაღების დროს. ზოგადი მდგომარეობა ზომიერად არის დარღვეული. პაციენტისთვის ამ ტიპის თითქოსდა „მოსათმენი” აბსცესის მიუხედავად, იგი საშიშია სახის მეზობელ უბნებზე ჩირქგროვის შესაძლო გავრცელების გამო.

ენის აბსცესი

იწყება ტკივილის წერმოქმნით ენაში. ენა იმატებს მოცულობაში, კარგავს მოძრაობის უნარს. ძალიან გაძნელებულია ღეჭვა, ყლაპვა, სუნთქვა, ცნდება მოხრჩობის შეგრძნება. მკურნალობა ქირურგიულია.

აბსცესის პროფილაქტიკა

აბსცესების საუკეთესო პროფილაქტიკაა პირის ღრუს ჰიგიენა და სტომატოლოგთან დროულად მიმართვა, მათ შორის პროფილაქტიკური მიზნითაც. კბილის მექანიკური ტრავმის შემთხვევაში, რომელიც იწვევს მის მორყევას ან კბილის მინანქრის გაბზარვას, აუცილებელია სასწრაფოდ მიმართოთ სტომატოლოგს შეტანილი ინფექციის შედეგად ანთების შესაძლო განვითარების ასაცილებლად.

 

 

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.