ათი მითი კარიესის შესახებ (პირველი ნაწილი)

ათი მითი კარიესის შესახებ (პირველი ნაწილი)

სტომატოლოგიის განვითარების მაღალი დონის მიუხედავად, კარიესის მიზეზებზე, მის პროფილაქტიკასა და ეფექტურ მკურნალობაზე კამათი დღემდე გრძელდება. ამ დაავადების ფართო გავრცელების გამო, მასზე მრავალი მითი და ლეგენდა შეიქმნა როგორც ჩვეულებრივ ადამიანებში, ასევე სტომატოლოგებშიც. ქვემოთ ჩვენ განვიხილავთ მხოლოდ რამდენიმე მათგანს.

 

პირველი მითი: კარიესი ვითარდება დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღებისგან

ბავშვებს ხშირად უზღუდავენ რაციონში ტკბილეულს. „ნუ ჭამ ბევრ ტკბილეულს, თორემ კბილები გაგიფუჭდება!” – ვის არ აშინებდნენ ასე ბავშვობაში? საშიში კი ნამდვილად იყო – მრავალი ჩვენგანისთვის კბილების პრობლემები და თვით სტომატოლოგიაც ასოცირდებოდა ტკივილთან და ბორმანქანის უსიამოვნო ხმასთან.

ნახშირწყლები წარმოადგენენ საკვები ნაერთების ფართო ჯგუფს. ისინი სეიძლება იყოს როგორც ტკბილი, ისე არატკბილიც. პირობითად, ყველა ნახშირწყალი შეიძლება დავყოთ ორ დიდ ჯგუფად – მარტივი ნახშირწყლები და რთული.

მარტივი ნახშირწყლები შედგება ერთი ან რამდენიმე მოლეკულური ერთეულისგან – ასეთი ნახშირწყლები სწრაფად ისლება და ადვილად ითვისებადია ორგანიზმისათვის. მათი გადამუშავება არ საჭიროებს დიდი რაოდენობით ფერმენტებს. მარტივ ნახშირწყლებს მიეკუთვნება გლუკოზაფრუქტოზა (შეიცავს ბუნებრივი წარმოშობის პრაქტიკულად ყველა პროდუქტი), საქაროზა (შეიცავს ხილ-ბოსტნეული, შოკოლადი, კანფეტები, ტკბილი სასმელები და სხვა საკონდიტრო ნაწარმი), ლაქტოზა (შეიცავს რძის პროდუქტები) და სხვა მსგავსი ნაერთების დიდი რაოდენობა. მათ უმრავლესობას ტკბილი გემო აქვს და შესაბამისად, ასოცირდება ყველაფერ ტკბილთან.

მარტივი ნახშირწყლების მოლეკულები შეიძლება შეუკავშირდნენ ერთმანეთს და წარმოქმნან რთული ჯაჭვები. ასეთ ნაერთებს უკვე რთული ნახშირწყლები ეწოდება. ძირითადად, ეს არის უხსნადი ან ძნელად ხსნადი ნივთიერებები, რომელთა დაშლაც საჭიროებს სპეციალურ ფერმენტულ სისტემებს. რთულ ნახშირწყლებს მიეკუთვნებასახამებელი (პურ-ფუნთუშეულის ძირითადი კომპონენტი), გლიკოგენი (შეიცავს ხორცპროდუქტები), ცელულოზა (მცენარეული უჯრედისი) და ქიტინი (შეიცავს სოკოები, კიბოსებრთა და მწერების საფარველი). ამ ნაერთებს ტკბილი გემო არ აქვთ.

კარიესის ეტიოლოგიაში ნახშირწყლების მნიშვნელობის ბოლო კვლევებით გაირკვა, რომ მთავარია პირის ღრუში ნახშირწყლების დაყოვნების დრო, ანუ რამდენ ხანს რჩება საკვების ნარჩენები პირის ღრუში. საკვების დაღეჭვის შემდეგ საკვების წვრილი ნაწილაკები რჩება კბილებს შორის, ლორწოვანი გარსის ნაოჭებში და ენაზე. გასაგებია, რომ შაქარი, ტკბილი სასმელები, შოკოლადი და ზოგიერთი საკონდიტრო ნაწარმი სწრაფად იხსნება ნერწყვში და მალე ტოვებენ პირის ღრუს, ხოლო პურ-ფუნთუშეულში, ხორცპროდუქტებში ან ხილში შემავალი რთული ნახშირწყლების გასახსნელად დიდი დროა საჭირო. ამიტომ, მათი დაშლის პროცესი იწყება პირდაპირ პირის ღრუში, რაშიც მონაწილეობენ როგორც ნერწყვის ფერმენტები, ასევე მიკროორგანიზმები. სწორედ მათ მიერ ამ საკვები ნივთიერებების დასაშლელად გამოყოფილი აქტიური ნივთიერებები კარიესის განვითარების ერთ-ერთი მიზეზობრივი ფაქტორია.

სწორედ ამიტომ, ექიმები გვირჩევენ საკვების მიღების შემდეგ მაქსიმუმ 10 წთ დავღეჭოთ საღეჭი რეზინა, გამოვიყენოთ ჯაგრისი ან უბრალოდ, გამოვივლოთ პირში წყალი. კერძების ჩვეულებრივი თანმიმდევრობა, როდესაც საკვების მიღება სრულდება სასმელით, ასევე კარიესის თავისებური პროფილაქტიკაა – საკვების მიღების შემდეგ სასმელი ხელს უწყობს საკვების გამორეცხვას პირის ღრუდან.

სხვა ნაერთები – ცილები და ცხიმებიც ასევე დიდი რაოდენობით არის ჩვენს რაციონში. ნახშირწყლებისგან განსხვავებით, ისინი უფრო მდგრადია და ამიტომ პირის ღრუში პრაქტიკულად არ იშლებიან. შესაბამისად, ისინი დიდ როლს არ ასრულებენ კარიესის განვითარებაში.

შევაჯამოთ: ნახშირწყლები, განსაკუთრებით კი რთული, ნამდვილად კარიესის მიზეზია, მაგრამ რთული ნახშირწყლები ტკბილი არ არის. ტკბილი ნახშირწყლები, ძირითადად, მიეკუთვნება სწრაფად ხსნად და ადვილად ათვისებად ნაერთებს, ამიტომ კბილებისთვის ისინი ნაკლებ საშიშროებას წარმოადგენენ.

დასკვნა – ფუნთუშა უფრო მავნებელია კბილებისთვის, ვიდრე ტკბილი შოკოლადის ფილა.

 

მეორე მითი: კბილებში ხვრელებს მიკრობები აკეთებენ

ადამიანის ორგანიზმი დიდი რაოდენობით მიკრობებისა და უმარტივესების სახლია. პირის ღრუ გამონაკლისი არ არის. იგი ჯანმრთელ ადამიანშიც დასახლებულია მრავალი მიკროორგანიზმით, რომლებიც მასში ინარჩუნებენ ბიოლოგიურ წონასწორობას და იკვებებიან საკვების ნარჩენებით, ლორწოვანი გარსის ეპითელიუმის ნაწილაკებით და ძირითადად, არავითარ ზიანს არ გვაყენებენ. კბილების მინანქარი ორგანიზმის ყველაზე მტკიცე ქსოვილია და მისი დაშლა არც ისე ადვილია. გარდა ამისა, მინანქარი ზემოდან დაფარულია თხელი აპკით – პელიკულით, რომელიც იცავს მას მავნე ქიმიური ზემოქმედებებისგან და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მინანქრის კალციუმითა და ფოსფორით გამდიდრებაში.

კბილების გაწმენდის ან მაგარი საკვების ღეჭვის დროს პელიკულა სწრაფად იცვითება, რჩება მხოლოდ ძნელად მისადგომ ადგილებში – ღრძილის კიდეზე, კბილთაშორის შუალედებში და საღეჭი კბილების ბორცვებს შორის. იგი თავისებური სუბსტრატია სხვადასხვა მიკროორგანიზმისთვის, რომელთაგან მთავარია სტრეპტოკოკები და სტაფილოკოკები. მიკრობების ეს სახეობები შლიან და გადაამუშავებენ რთულ ნახშირწყლებს, რომელთა გადამუშავების ერთ-ერთი პროდუქტიც არის ორგანული მჟავები.

კბილების მინანქარი 99%-ით შედგება არაორგანული ნივთიერებისგან –ჰიდროქსიფტორაპატიტისგან, რომლის სინთეზისთვისაც აუცილებელია კალციუმი და ფოსფორი, ხოლო მათი შემაკავშირებელი რგოლია ფტორი. ჰიდროქსიაპატიტი უხსნადი ნაერთია, თუმცა მისი გარკვეული ნაწილი არის ნერწყვში კოლოიდური ხსნარის სახით და არ ილექება. ამ ხსნარის სტაბილურობა დამოკიდებულია გარემოს წყალბადის მაჩვენებელზე – pH. თუ pH გადაიხრება მჟავიანობისკენ, ნერწყვში ჰიდროქსიაპატიტის რაოდენობა იზრდება. იგი გამოირეცხება კბილის მინანქრიდან! ტუტიანობისკენ pH გადახრის დროს ხდება პირიქით, ჰიდროქსიაპატიტი ილექება – კბილის მინანქარი გაჯერდება კალციუმითა და ფოსფორით.

მიკრობების მიერ გამომუშავებული ორგანული მჟავები წყალბადის მაჩვენებელს მჟავიანობისკენ გადახრიან. შედეგად, მინანქრის ხსნადობა იმატებს, იზრდება ნერწყვში ჰიდროქსიაპატიტის შემცველობა. ასეთ ნაწილობრივ გახსნილ მინანქარში ადვილად აღწევენ მიკროორგანიზმები და მათი ცხოველქმედების პროდუქტები, რის გამოც მინანქარი თანდათან უფრო იშლება. ასე ვითარდება კბილის მინანქრის კარიესული დეფექტი.

შევაჯამოთ: მიკრობები მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, მაგრამ ისინი ყველაზე აქტიურ მონაწილეობას იღებენ კარიესის განვითარებაში, მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ თვითონ არ შეუძლიათ მინანქრის დაშლა.

მიკროორგანიზმების მიერ გამომუშავებული მჟავები და ნახშირწყლების ცვლის პროდუქტები ხელს უწყობენ პირის ღრუში მჟავა გარემოს შექმნას და კბილების მინანქრის ხსნადობის მომატებას, რაც იწვევს კარიესს.

დასკვნა: ჭამის შემდეგ უბრალოდ გამოივლეთ პირში წყალი – ეს საკმარისი იქნება, რომ ავიცილოთ კბილის მინანქრის დაშლა, ხოლო კბილების რეგულარული გაწმენდა ხელს შეუშლის მიკროორგანიზმების ნორმაზე მეტად გამრავლებას. ყოველივე ეს თქვენი კბილების ჯანმრთელობის საწინდარია.

 

მესამე მითი: კარიესი აღინიშნება მაშინ, როდესაც კბილში ჩნდება ღრუ

სინამდვილეში, კარიესის პირველი ნიშნები ჩნდება კბილში ხვრელის გაჩენამდე დიდი ხნით ადრე. კალციუმის, ფოსფორისა და ფტორის დაკარგვის შედეგად მინანქრის მიკროსტრუქტურა იცვლება – ეს შეუიარაღებელი თვალითაც შესამჩნევი ხდება. ასეთი დემინერალიზებული უბანი კარგავს ელვარებას, ხდება მოთეთრო ფერის, ზოგჯერ კი ფაშარიც ჩანს. ეს უკვე კარიესული კერაა. სტომატოლოგები მინანქრის ასეთ დაზიანებას უწოდებენ საწყის კარიესს ან კარიესს ლაქას სტადიაში. აღნიშნულ ეტაპზე პათოლოგიური პროცესი შექცევადია. სპეციალური მეთოდების საშუალებით შეიძლება დემინერალიზებული უბნის კალციუმითა და ფოსფორით გამდიდრება და ფტორით დაცვა შემდგომი დაშლისაგან. ასეთ მკურნალობას რემინერალიზაციური თერაპიაეწოდება.

თუ ასეთი ლაქას სტადიაზე კარიესს არ ვუმკურნალეთ, დეფექტი ღრმავდება – მინანქარი ფოროვანი ხდება და ასეთი მინანქრის ხორკლიან ზედაპირზე კარგად მრავლდებიან მიკრობები. თანდათან, დემინერალიზებული უბნის ადგილზე ჩნდება ჩაღრმავება, რომელიც უკვე შეიძლება ჩავთვალოთ კარიესულ დეფექტად. მასში დაყოვნებას იწყებს საკვების ნარჩენები, რაც კიდევ უფრო აღრმავებს პროცესს. ესზედაპირული კარიესია. ამ სტადიაზე ჩნდება უსიამოვნო შეგრძნებები ცხელი, ცივი ან მჟავე საკვების მიღების დროს. კბილის სამკურნალოდ უკვე საჭიროა დაზიანებული მინანქრის რადიკალური ამოკვეთა ბორმანქანით და ბჟენის დადება.

მომდევნო სტადია არის საშუალო კარიესი. ამ დროს კარიესული კერა მნიშვნელოვნად ფართოვდება და აღწევს მინანქარ-დენტინის საზღვრამდე – მასში ბევრი ნერვული დაბოლოებაა, ამიტომ ხშირად სწორედ ამ სტადიაზე პაციენტები გრძნობენ ტკივილს და მიმართავენ სტომატოლოგს. საშუალო კარიესის მკურნალობას სტომატოლოგები ადგილობრივი გაუტკივარებით ატარებენ. კბილის პათოლოგიურად შეცვლილი ქსოვილების ამოკვეთის შემდეგ დამუშავებულ ღრუს ადებენ ბჟენს.

დენტინის სიმკვრივე ბევრად ნაკლებია, ვიდრე მინანქრის. ასევე მასში გადის უამრავი მიკროარხი, ამიტომ დენტინის დაშლა უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე მინანქრის. ძალიან მალე დეფექტი მნიშვნელოვნად იზრდება ყველა მიმართულებით და კარიესი გადადის საშუალოდან ღრმაში. ტკივილი უფრო ხშირი და ინტენსიური ხდება, ის წარმოიქმნება საკვების მიღების დროს, ცივისა და ცხელისგან და ა.შ. ამ დროს იწყება პირველი ანთებითი ცვლილებები პულპაში – კბილის შიგნითა გარემოში, რაც უკვე შეიძლება იყოს პულპიტის – კარიესის ერთ-ერთი გართულების მიზეზი. აღნიშნულ შემთხვევაში კბილის მკურნალობა ხშირად რამდენიმე ეტაპად ხორციელდება – დამუშავებულ კარიესულ ღრუში თავიდან იდება სამკურნალო და საიზოლაციო სარჩულები და მხოლოდ შემდეგ დებენ მუდმივ ბჟენს.

დიდ საღეჭ კბილებზე ხშირად ვითარდება კარიესის ე.წ. ფარული ფორმა. კბილის მინანქარი შედგება ე.წ. მინანქრის პრიზმებისგან, რომლებსაც S-ებრი ფორმა აქვთ. კარიესული პროცესი მინანქარში არათანაბრად ვრცელდება სხვადასხვა მიმართულებით. გარდა ამისა, დენტინი მინანქარზე სწრაფად იშლება, რაც კბილში ფარულ კარიესულ ღრუს ქმნის, რომელიც შეუმჩნეველია შეუიარაღებელი თვალით. გარკვეულ მომენტში ასეთი ღრუს მფარავი მინანქარი საბოლოოდ იშლება და ადამიანს აქვს კბილის ერთბაშად დაშლის შეგრძნება: „აი, იყო ჯანმრთელი კბილი და უცებ მთლიანად დაიშალა”. ფარული კარიესის გამოცნობა შეუძლია მხოლოდ სტომატოლოგს – ეს სტომატოლოგთან ვიზიტის კიდევ ერთი მიზეზია, როდესაც გვგონია რომ ყველაფერი კარგადაა.

შევაჯამოთ: კარიესი ვითარდება კბილებზე ხილული ხვრელების გაჩენამდე დიდი ხნით ადრე. ადრეულ სტადიებზე იგი უფრო ადვილად ემორჩილება მკურნალობას – ეს უნდა გახსოვდეთ და სტომატოლოგს უფრო ხშირად უნდა ეწვიოთ.

კბილებში ხილული ხვრელები შეიძლება გაჩნდეს მხოლოდ კარიესის გვიან სტადიებზე, რომელთა მკურნალობაც სერიოზულ მიდგომას და დიდ დანახარჯებს მოითხოვს.

დასკვნა: სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტებით შესაძლებელია კარიესის გამოვლენა ადრეულ სტადიებზე და მისი შემდგომი განვითარების შეჩერება.

 

მეოთხე მითი. უშაქრო საღეჭი რეზინი იცავს კბილებს კარიესისგან, ამიტომ ის დიდხანს უნდა ვღეჭოთ

ტელეეთერი სავსეა რეკლამით უშაქრო საღეჭი რეზინების საოცარი თვისებების შესახებ – დაღეჭე და კბილების მხრივ პრობლემები არასოდეს შეგექმნება! მაგრამ არის კი ეს ასე?

საღეჭი რეზინის ძირითადი როლი არ არის ჯანსაღი სუნთქვის ან მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის მოწესრიგება. ხშირად ეს საღეჭი რეზინის საშუალებით საერთოდ შეუძლებელია. ჩააგდეთ საღეჭი რეზინი მჟავაში – იგი არ გახდება ნეიტრალური სითხე. სინამდვილეში საღეჭი რეზინის დადებითი მხარეა ის, რომ მისი ღეჭვის დროს კბილთაშორისი შუალედებიდან და ძნელად მისადგომი ადგილებიდან მოცილდება საკვების ნარჩენები, ხოლო ამ დროს გამომუშავებული ნერწყვი ხელს უწყობს კბილების გაწმენდას მიკროორგანიზმებისგან. სწორედ ამიტომ გვირჩევენ რეკლამაში სტომატოლოგები საღეჭი რეზინის დაღეჭვას ჭამის შემდეგ – კბილების ასეთი გაწმენდა კარიესის პროფილაქტიკის ერთ-ერთი მეთოდია. მაგრამ, სამწუხაროდ, რეკლამაში ხშირად არაფერს გვეუბნევიან ძალიან მნიშვნელოვან მომენტზე – რამდენი წუთი უნდა ვღეჭოთ საღეჭი რეზინი. საღეჭი რეზინის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ჭამის შემდეგ და არა უმეტეს 10-15 წუთისა. ამ დროის განმავლობაში ინარჩუნებს საღეჭი რეზინი თავის გემოს.

რა მოხდება უფრო დიდხანს თუ დავღეჭავთ? ხანგრძლივი ღეჭვა იწვევს საღეჭი კუნთების ფუნქციის დარღვევას და მათ გადიდებას. ნახეთ, როგორ ხატავენ კარიკატურებში საღეჭი რეზინის გამომგონებლებსა და ძირითად მომხმარებლებს – ამერიკელებს – მასიური ქვედა ყბითა და დიდი ყვრიმალებით. თავის მხრივ, კუნთების მუშაობის დარღვევა იწვევს საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის იოგებისა და კაფსულის გადაჭიმვას. ვითარდება ტკივილი და ტკაცუნი ქვედა ყბის მოძრაობის დროს, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია ქვედა ყბის ამოვარდნილობაც. პირის ღრუს ირგვლივ მდებარე კუნთების ხანგრძლივი მუშაობის გამო, მასში იზრდება ტემპერატურა, რის გამოც ირღვევა ნერწყვის მუდმივი შემადგენლობა, რაც ხელს უწყობს მინერალების გამორეცხვას კბილის მინანქრიდან. გაიხსენეთ სკოლის ფიზიკის კურსიდან – ცხელ წყალში ყველაფერი უფრო სწრაფად იხსნება, ვიდრე ცივში. გარდა ამისა, ტემპერატურის მომატება აჩქარებს მიკროორგანიზმების გამრავლებას, რაც ძალიან არასასურველია კბილებისათვის. გარკვეული დროის შემდეგ საღეჭი რეზინი თვითონ გაჯერდება მიკროორგანიზმებით და საკვების ნარჩენებით, ამიტომ კარგავს თავის სასარგებლო თვისებებს. დროა იგი გადავაგდოთ!

უზმოზე საღეჭი რეზინის ღეჭვა ასევე მავნებელია საჭმლის მომნელებელი ტრაქტისათვის. იგი რეფლექსურად იწვევს საჭმლის მომნელებელი ფერმენტების და მარილმჟავას გამომუშავებას, რომლებიც კუჭში საკვების არარსებობის გამო აზიანებენ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვან გარსს და იწვევენ გასტრიტს, პანკრეატიტს, ქოლეცისტიტს და სხვ.

შევაჯამოთ: საღეღი რეზინი უნდა დავღეჭოთ მხოლოდ ჭამის შემდეგ და ისიც 10 წუთი. ეს ხელს უწყობს პირის ღრუს გაწმენდას მიკროორგანიზმებისა და საკვების ნარჩენებისგან. თუ საღეჭი რეზინი არ გაქვთ, უბრალოდ გამოივლეთ წყალი ან გამოიყენეთ კბილის ჯაგრისი. ეფექტი თითქმის ისეთივე იქნება.

საღეჭი რეზინის ხანგრძლივი ღეჭვა პირიქით, ხელს უწყობს კარიესის და სხვა უფრო ცუდი დაავადებების განვითარებას.

დასკვნა: საღეჭი რეზინი – მკაცრად მხოლოდ ჭამის შემდეგ და მხოლოდ 10 წუთით!

 

მეხუთე მითი. კბილების პრობლემები მემკვიდრეობითი ხასიათისაა.

ალბათ, ხშირად მოგისმენიათ ასეთი საუბარი სტომატოლოგის კაბინეტთან:

– „ჩემს მშობლებს 40 წლისთვის საერთოდ აღარ დარჩათ საკუთარი კბილები, აი მეც სერიოზული პრობლემები მაქვს…”

– „ჩემი ბაბუა სტომატოლოგთან ერთხელაც არ ყოფილა თავის სიცოცხლეში, 80 წლის ასაკშიც კი ყველა კბილი თავისი ჰქონდა!”

ნაწილობრივ, ასეთი მსჯლობები გამართლებულია – მრავალი ფაქტორი, მათ შორის კარიესისადმი მინანქრის გამძლეობაც, მემკვიდრეობით გადაეცემა – ისევე, როგორც თვალების და თმების ფერი, აღნაგობა და ზოგიერთი დაავადებისადმი წინასწარგანწყობა. მეცნიერები დიდი ხანია სწავლობენ ადამიანის გენოტიპს, თუმცა ერთი ნაბიჯითაც ვერ მიუახლოვდნენ კარიესისადმი კბილების გამძლეობის მემკვიდრეობით მექანიზმებს. ამას მარტივი ახსნა აქვს – ნებისმიერი დაავადების, მათ შორის კარიესის, მიზეზი მრავალი ფაქტორია: მემკვიდრეობითობა, გარემოს გავლენა, სოციალურ-საყოფაცხოვრებო, ეკოლოგიური პირობები და გეოგრაფიული მდებარეობაც კი.

რა თქმა უნდა, არ შეიძლება გენების მნიშვნელობის დაკნინება კარიესით დაავადებისადმი წინასწარგანწყობაში. თუმცა, ეს საკითხი დღემდე შესწავლილი არ არის. სამაგიეროდ, კარგად არის შესწავლილი პირის ღრუს ჰიგიენის როლი და მისი უნარი, აიცილოს კბილების დაავადებები ყველაზე ცუდი მემკვიდრეობითობის დროსაც. ამავდროულად, ძნელია მშობლების კბილების მდგომარეობის მიხედვით ვიმსჯელოთ მათი შთამომავლობის სტომატოლოგიურ ჯანმრთელობაზე – სტომატოლოგიური დაავადებების მიზეზების, მკურნალობისა და პროფილაქტიკის ცოდნის დონე მათ დროს, თანამედროვეზე გაცილებით დაბალი იყო და ამიტომ კბილების დაკარგვა 10 წლის წინ უფრო ადვილი იყო, ვიდრე ამჟამად.

არსებობს დაკვირვებები, როდესაც ერთ კვერცხუჯრედიან ტყუპებში, რომლებსაც ზუსტად ერთნაირი გენები აქვთ, კარიესული პროცესი სხვადასხვა ინტენსივობით აღინიშნებოდა. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს ამ დაავადების არამემკვიდრეობითი მექანიზმების მნიშვნელოვან როლს.

თუმცა, ზოგიერთი მემკვიდრეობითი ფაქტორი მაინც უნდა გამოვყოთ კარიესის განვითარებაში – მაგ., სხვადასხვა ყბა-კბილოვანი ანომალიები, როგორიც არის არასწორი თანკბილვა ან ცალკეული კბილების მდებარეობა. ასეთი დარღვევების შედეგად კარგი პირობები იქმნება მიკროორგანიზმების გამრავლებისა და საკვების ნარჩენების მოსახვედრად ძნელად მისადგომ ადგილებში – კბილთაშორის შუალედებში, კბილების ბორცვებს შორის, ღრძილის ქვეშ და ა.შ., რაც ხელსაყრელ გარემოს ქმნის კარიესის განვითარებისათვის.

შევაჯამოთ: მემკვიდრეობითობის როლი კარიესით ავადობაში მცირეა – მისი ნიველირება ადვილია პროფილაქტიკური ღონისძიებების დაცვით. თუმცა, მემკვიდრეობითი ყბა-კბილოვანი ანომალიები – არასწორი თანკბილვა, მჭიდროდ ან არასწორად მდგომი კბილები ართულებენ პირის ღრუს ჰიგიენას, რაც თავისთავად შეიძლება იყოს კბილების დაზიანების მიზეზი.

დასკვნა: კარიესის პროფილაქტიკაში ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული, მემკვიდრეობითობის იმედზე ნუ იქნებით!

 

მეექვსე მითი: პატარა ხვრელი იყო, სტომატოლოგმა კი მთელი კბილი გაბურღა.

ზემოთ ჩვენ უკვე შევეხეთ კბილის აგებულებას და მის ქსოვილებში კარიესული პროცესის გავრცელებას. მაგრამ, პაციენტსა და სტომატოლოგს შორის კონფლიქტის ერთ-ერთი მიზეზი დაახლოებით ისევე ჟღერს, როგორც ამ მითის სახელწოდება – „პატარა ხვრელი იყო, სტომატოლოგმა კი მთელი კბილი გაბურღა”.

კარიესული კერის ფორმა განაკვეთზე შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც ტრაპეცია, რომლის ფართო ფუძეც მიმართულია შიგნით. ეს გამოწვეულია იმით, რომ კბილის გარეთა ქსოვილი (მინანქარი) შიგნითაზე (დენტინზე) უფრო მკვრივია და შედეგად, უფრო ნელა იშლება. ამიტომ, გარედან კარიესული კერა შეიძლება ძნელად შესამჩნევი იყოს – გამოიყურებოდეს როგორც პატარა ლაქა ან კბილებს შორის შავი ხაზი. თუმცა, ტკივილების გაჩენა მოწმობს პათოლოგიური პროცესის უფრო ფართო გავრცელებაზე, რაც დგინდება კარიესული ღრუს გახსნის დროს.

კარიესის წარმატებული მკურნალობისთვის სტომატოლოგმა აუცილებლად უნდა მოაცილოს ყველა დაზიანებული ქსოვილი დაზიანების კერიდან. მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველა დაზიანებული ქსოვილი მოცილებული იქნება ღრუდან და მისი კედლები ჯანმრთელი ქსოვილით იქნება წარმოდგენილი, მათ ასადავებენ და იწყებენ დაბჟენას. ამავდროულად, სტომატოლოგისთვის ხშირად აუცილებელია სპეციალური ჩაღრმავებების და საფეხურების შექმნა ბჟენის საიმედო ფიქსაციისთვის, რაც ასევე შეიძლება პაციენტის მიერ შეფასდეს როგორც „კბილის ზედმეტად გაბურღვა”. ასეთი საფეხურების გარეშე ხშირად შეუძლებელია კბილის ხარისხიანი დაბჟენა და ბჟენი უბრალოდ ჩამოტყდება და ამოვარდება ღეჭვითი დატვირთვის დროს.

ზოგჯერ, განსაკუთრებით ღრმა კარიესის მკურნალობის დროს, სტომატოლოგებს უწევთ  პულპის საკნის გახსნა. როგორც წესი, ეს ხდება მაშინ, როდესაც კბილის გვირგვინი ძლიერ არის დაშლილი ან უკვე დაზიანებულია პულპის საკნის თაღი. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ექიმმა შემთხვევით გახსნას ის – ბორმანქანით არასწორად მუშაობისას. ასეთ დროს საჭირო ხდება ენდოდონტიური მკურნალობა, რომელიც უკვე მოითხოვს კბილის ღრუს ფართოდ გახსნას ფესვის არხებთან მისადგომად. კბილის გახსნის მიზეზის დადგენა – იყო ეს ექიმის შეცდომა თუ კარიესის მიმდინარეობის თავისებურებები – ხშირად შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში უბრალოდ უნდა ვუმკურნალოთ პულპიტს.

შევაჯამოთ: კარიესული ღრუს საბოლოო ზომის განსაზღვრა შეიძლება მხოლოდ სტომატოლოგის მიერ მისი გახსნის შემდეგ. ხშირად გარედან ის უფრო პატარა ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია.

დასკვნა: მკურნალობას საჭიროებს ნებისმიერი, ყველაზე პატარა კარიესული ღრუებიც კი, ისეთებიც, რომლებიც არ აწუხებენ ადამიანს.

 

მეშვიდე მითი. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება გამოიწვიოს კარიესმა – კბილის დაკარგვაა

ჯერ კიდევ 10 წლის წინ, კბილის ამოღების ოპერაცია სტომატოლოგიურ კლინიკებში ყველაზე გავრცელებული პროცედურა იყო. ამჟამად, კბილის ამოღების ოპერაცია ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში სტომატოლოგიური მანიპულაციების 1%-ზე ნაკლებს შეადგენს.

 

ჩვენს ქვეყანაში კბილების 70%-ზე მეტის ამოღება ხდება კარიესის გართულებების გამო.

თვითონ კარიესული პროცესი კბილის ამოღების მიზეზი არ არის, რასაც ვერ ვიტყვით მის გართულებებზე. ჩვენ უკვე განვიხილეთ კარიესის განვითარების სტადიები, რომელთაგან უკანასკნელის – ღრმა კარიესის დროს აღინიშნება ანთებითი ცვლილებები კბილის პულპაში. დასაწყისში ეს ცვლილებები შექცევადია და ასეპტიკური ხასიათი აქვთ, ანუ მიკრობები კბილის ღრუში ვერ აღწევენ. თუმცა, თუ ხანმოკლე პერიოდში არ დაიწყო მკურნალობა, პულპის მუდმივი გაღიზიანების ფონზე მიკრობები აღწევენ პულპაში დენტინის მიკრომილაკების გავლით და იწვევენ მწვავე პულპიტს. მისი სიმპტომები მრავალი ადამიანისთვის არის ცნობილი – მწვავე ტკივილი, რომელიც ვრცელდება სახის ნახევარზე, ვითარდება უპირატესად ღამით, მკვეთრი ტკივილი ცხელი, ცივი, მჟავე ან ტკბილი საკვებისგან. სწორედ მწვავე პულპიტი არის სტომატოლოგთან მიმართვის ყველაზე ხშირი მიზეზი. მანამდე ადამიანებს ჯერ კიდევ შეუძლიათ მოითმინონ.

პულპიტს მკურნალოენ სხვადასხვა მეთოდებით, დაავადების ხანგრძლივობის, კბილის ჯგუფური კუთვნილების, ავადმყოფის ასაკისა და ა.შ. მიხედვით. მაგრამ მოზრდილებში ამ დაავადების ძირითადი მეთოდია გვირგვინიდან და ფესვებიდან პულპის მოცილება (ხალხში ამბობენ „ნემსებით ამოიღეს ნერვი”), შემდგომ მათი შევსება სპეციალური მასალით და ბჟენის დადება.

თუ პულპიტი უმკურნალებელი დარჩა, ის შეიძლება გადავიდეს ქრონიკულ ფორმაში, ხოლო თუ ორგანიზმის დამცველობითი ძალები დაქვეითებულია, ინფექცია გასცდება კბილის ფარგლებს, გავრცელდება პერიოდონტულ ნაპრალში და განვითარდება პერიოდონტიტი – დაავადება, რომელიც შემთხვევათა უმრავლესობაში კბილის ამოღებით მთავრდება. ტკივილი პერიოდონტიტის დროს უფრო გამოხატულია, არ ცხრება ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიღების დროს, ნებისმიერი შეხება კბილთან მკვეთრად მტკივნეულია. თუ პულპიტის დროს ტკივილი უპირატესად ღამით ვითარდება და გაივლის, პერიოდონტიტს თან ახლავს მუდმივი ტკივილები, სხეულის მომატებული ტემპერატურა, ზოგადი მდგომარეობის გაუარესება. ამ მომენტიდან ვითარდება რეალური საშიშროება მთელი ორგანიზმისთვის – ინფექცია კბილიდან ვრცელდება ირგვლივმდებარე ქსოვილებში ლიმფური და სისხლის ძარღვებით, რაც იწვევს ჩირქოვანი კერების, აბსცესების და ფლეგმონების გაჩენას, ასევე სხვა უფრო სერიოზულ დაავადებებს – ზოგჯერ სეფსისს და ავადმყოფის სიკვდილსაც კი. სამწუხაროდ, თანამედროვე სტომატოლოგიის განვითარების მაღალი დონის მიუხედავად, მაინც საკმაოდ ხშირია არანამკურნალებ კარიესთან დაკავშირებული რბილი ქსოვილებისა და ძვლების ჩირქოვანი დაავადებები. საკმარისია ნახოთ ყბა-სახის სტაციონარი, სადაც ასეთი ავადმყოფები იქ მყოფ პაციენტთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 30% შეადგენენ.

პერიოდონტიტის მკურნალობა რთული და კომპლექსურია, ხშირად გრძელდება რამდენიმე დღე, ფიზიოთერაპიული პროცედურების გამოყენებისა და სამკურნალო საშუალებების მიღების დროსაც კი. ხშირად მისი განკურნება ვერ ხერხდება და იგი გადადის ქრონიკულ სტადიაში, რომლის გამწვავების შემთხვევაშიც კბილს, ძირითადად, ამოიღებენ.

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.