ათი მითი კარიესის შესახებ (მეორე ნაწილი)

ათი მითი კარიესის შესახებ (მეორე ნაწილი)

მეექვსე მითი: პატარა ხვრელი იყო, სტომატოლოგმა კი მთელი კბილი გაბურღა.

ზემოთ ჩვენ უკვე შევეხეთ კბილის აგებულებას და მის ქსოვილებში კარიესული პროცესის გავრცელებას. მაგრამ, პაციენტსა და სტომატოლოგს შორის კონფლიქტის ერთ-ერთი მიზეზი დაახლოებით ისევე ჟღერს, როგორც ამ მითის სახელწოდება – „პატარა ხვრელი იყო, სტომატოლოგმა კი მთელი კბილი გაბურღა”.

კარიესული კერის ფორმა განაკვეთზე შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც ტრაპეცია, რომლის ფართო ფუძეც მიმართულია შიგნით. ეს გამოწვეულია იმით, რომ კბილის გარეთა ქსოვილი (მინანქარი) შიგნითაზე (დენტინზე) უფრო მკვრივია და შედეგად, უფრო ნელა იშლება. ამიტომ, გარედან კარიესული კერა შეიძლება ძნელად შესამჩნევი იყოს – გამოიყურებოდეს როგორც პატარა ლაქა ან კბილებს შორის შავი ხაზი. თუმცა, ტკივილების გაჩენა მოწმობს პათოლოგიური პროცესის უფრო ფართო გავრცელებაზე, რაც დგინდება კარიესული ღრუს გახსნის დროს.

კარიესის წარმატებული მკურნალობისთვის სტომატოლოგმა აუცილებლად უნდა მოაცილოს ყველა დაზიანებული ქსოვილი დაზიანების კერიდან. მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველა დაზიანებული ქსოვილი მოცილებული იქნება ღრუდან და მისი კედლები ჯანმრთელი ქსოვილით იქნება წარმოდგენილი, მათ ასადავებენ და იწყებენ დაბჟენას. ამავდროულად, სტომატოლოგისთვის ხშირად აუცილებელია სპეციალური ჩაღრმავებების და საფეხურების შექმნა ბჟენის საიმედო ფიქსაციისთვის, რაც ასევე შეიძლება პაციენტის მიერ შეფასდეს როგორც „კბილის ზედმეტად გაბურღვა”. ასეთი საფეხურების გარეშე ხშირად შეუძლებელია კბილის ხარისხიანი დაბჟენა და ბჟენი უბრალოდ ჩამოტყდება და ამოვარდება ღეჭვითი დატვირთვის დროს.

ზოგჯერ, განსაკუთრებით ღრმა კარიესის მკურნალობის დროს, სტომატოლოგებს უწევთ  პულპის საკნის გახსნა. როგორც წესი, ეს ხდება მაშინ, როდესაც კბილის გვირგვინი ძლიერ არის დაშლილი ან უკვე დაზიანებულია პულპის საკნის თაღი. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ექიმმა შემთხვევით გახსნას ის – ბორმანქანით არასწორად მუშაობისას. ასეთ დროს საჭირო ხდება ენდოდონტიური მკურნალობა, რომელიც უკვე მოითხოვს კბილის ღრუს ფართოდ გახსნას ფესვის არხებთან მისადგომად. კბილის გახსნის მიზეზის დადგენა – იყო ეს ექიმის შეცდომა თუ კარიესის მიმდინარეობის თავისებურებები – ხშირად შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში უბრალოდ უნდა ვუმკურნალოთ პულპიტს.

შევაჯამოთ: კარიესული ღრუს საბოლოო ზომის განსაზღვრა შეიძლება მხოლოდ სტომატოლოგის მიერ მისი გახსნის შემდეგ. ხშირად გარედან ის უფრო პატარა ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია.

დასკვნა: მკურნალობას საჭიროებს ნებისმიერი, ყველაზე პატარა კარიესული ღრუებიც კი, ისეთებიც, რომლებიც არ აწუხებენ ადამიანს.

 

მეშვიდე მითი. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება გამოიწვიოს კარიესმა – კბილის დაკარგვაა

ჯერ კიდევ 10 წლის წინ, კბილის ამოღების ოპერაცია სტომატოლოგიურ კლინიკებში ყველაზე გავრცელებული პროცედურა იყო. ამჟამად, კბილის ამოღების ოპერაცია ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში სტომატოლოგიური მანიპულაციების 1%-ზე ნაკლებს შეადგენს.

 

 

ჩვენს ქვეყანაში კბილების 70%-ზე მეტის ამოღება ხდება კარიესის გართულებების გამო.

 

თვითონ კარიესული პროცესი კბილის ამოღების მიზეზი არ არის, რასაც ვერ ვიტყვით მის გართულებებზე. ჩვენ უკვე განვიხილეთ კარიესის განვითარების სტადიები, რომელთაგან უკანასკნელის – ღრმა კარიესის დროს აღინიშნება ანთებითი ცვლილებები კბილის პულპაში. დასაწყისში ეს ცვლილებები შექცევადია და ასეპტიკური ხასიათი აქვთ, ანუ მიკრობები კბილის ღრუში ვერ აღწევენ. თუმცა, თუ ხანმოკლე პერიოდში არ დაიწყო მკურნალობა, პულპის მუდმივი გაღიზიანების ფონზე მიკრობები აღწევენ პულპაში დენტინის მიკრომილაკების გავლით და იწვევენ მწვავე პულპიტს. მისი სიმპტომები მრავალი ადამიანისთვის არის ცნობილი – მწვავე ტკივილი, რომელიც ვრცელდება სახის ნახევარზე, ვითარდება უპირატესად ღამით, მკვეთრი ტკივილი ცხელი, ცივი, მჟავე ან ტკბილი საკვებისგან. სწორედ მწვავე პულპიტი არის სტომატოლოგთან მიმართვის ყველაზე ხშირი მიზეზი. მანამდე ადამიანებს ჯერ კიდევ შეუძლიათ მოითმინონ.

პულპიტს მკურნალოენ სხვადასხვა მეთოდებით, დაავადების ხანგრძლივობის, კბილის ჯგუფური კუთვნილების, ავადმყოფის ასაკისა და ა.შ. მიხედვით. მაგრამ მოზრდილებში ამ დაავადების ძირითადი მეთოდია გვირგვინიდან და ფესვებიდან პულპის მოცილება (ხალხში ამბობენ „ნემსებით ამოიღეს ნერვი”), შემდგომ მათი შევსება სპეციალური მასალით და ბჟენის დადება.

თუ პულპიტი უმკურნალებელი დარჩა, ის შეიძლება გადავიდეს ქრონიკულ ფორმაში, ხოლო თუ ორგანიზმის დამცველობითი ძალები დაქვეითებულია, ინფექცია გასცდება კბილის ფარგლებს, გავრცელდება პერიოდონტულ ნაპრალში და განვითარდება პერიოდონტიტი – დაავადება, რომელიც შემთხვევათა უმრავლესობაში კბილის ამოღებით მთავრდება. ტკივილი პერიოდონტიტის დროს უფრო გამოხატულია, არ ცხრება ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიღების დროს, ნებისმიერი შეხება კბილთან მკვეთრად მტკივნეულია. თუ პულპიტის დროს ტკივილი უპირატესად ღამით ვითარდება და გაივლის, პერიოდონტიტს თან ახლავს მუდმივი ტკივილები, სხეულის მომატებული ტემპერატურა, ზოგადი მდგომარეობის გაუარესება. ამ მომენტიდან ვითარდება რეალური საშიშროება მთელი ორგანიზმისთვის – ინფექცია კბილიდან ვრცელდება ირგვლივმდებარე ქსოვილებში ლიმფური და სისხლის ძარღვებით, რაც იწვევს ჩირქოვანი კერების, აბსცესების და ფლეგმონების გაჩენას, ასევე სხვა უფრო სერიოზულ დაავადებებს – ზოგჯერ სეფსისს და ავადმყოფის სიკვდილსაც კი. სამწუხაროდ, თანამედროვე სტომატოლოგიის განვითარების მაღალი დონის მიუხედავად, მაინც საკმაოდ ხშირია არანამკურნალებ კარიესთან დაკავშირებული რბილი ქსოვილებისა და ძვლების ჩირქოვანი დაავადებები. საკმარისია ნახოთ ყბა-სახის სტაციონარი, სადაც ასეთი ავადმყოფები იქ მყოფ პაციენტთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 30% შეადგენენ.

პერიოდონტიტის მკურნალობა რთული და კომპლექსურია, ხშირად გრძელდება რამდენიმე დღე, ფიზიოთერაპიული პროცედურების გამოყენებისა და სამკურნალო საშუალებების მიღების დროსაც კი. ხშირად მისი განკურნება ვერ ხერხდება და იგი გადადის ქრონიკულ სტადიაში, რომლის გამწვავების შემთხვევაშიც კბილს, ძირითადად, ამოიღებენ.

გარდა ამისა, ინფექციის მუდმივი კერა კარიესულ კბილში იწვევს ორგანიზმის ალერგიზაციას, რასაც თან ახლავს იმუნიტეტის დაქვეითება და სხვადასხვა, მათ შორის ინფექციური დაავადებებისადმი მომატებული მგრძნობელობა. ქრონიკული პულპიტის ან პერიოდონტიტის მქონე ადამიანები ხშირად ავადმყოფობენ სხვადასხვა რესპირაციული დაავადებებით, უფრო ხანგრძლივ აღდგენით პროცესს საჭიროებენ ტრავმების შემდეგ, მათში მაღალია გულ-სისხლძარღვთა და ავტოიმუნური დაავადებების განვითარების რისკი.

შევაჯამოთ: არანამკურნალებმა კარიესმა შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის სერიოზული დაავადებები, მათ შორის ოდონტოგენური სეფსისი, რომელიც ხშირად მთავრდება ავადმყოფის სიკვდილით. იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ანთება არ ვრცელდება კბილის გარეთ და ქრონიკულ ფორმას იძენს, ხდება ავადმყოფის ორგანიზმის სენსიბილიზაცია (ალერგიზაცია), რაც თავის მხრივ ძალიან აქვეითებს ორგანიზმის გამძლეობას სხვადასხვა დაავადებებისადმი.

დასკვნა: კბილის დაკარგვა ყველაზე ნაკლები პრობლემაა, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს  არანამკურნალებმა კარიესმა.

 

მერვე მითი. ერთი კბილით ნაკლები – რა განსხვავებაა?

სამწუხაროდ, მსგავსი აზრი ჭარბობდა როგორც პაციენტებს, ასევე სტომატოლოგებს შორის ჯერ კიდევ 10 წლის წინ. შედეგად, ჩვენ მივიღეთ ადამიანების თაობა, რომლებიც უკვე 30 წლის ასაკში საჭიროებენ პროთეზირებას და აქვთ საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის სერიოზული პრობლემები. მხოლოდ სულ ცოტა ხნის წინ ექიმებმა გაათვითცნობიერეს თითოეული კბილის ფასი და დაიწყეს ბრძოლა კბილთა მწკრივის მთლიანობის შენარჩუნებისთვის.

ფიზიოლოგიური თვალსაზრისით, ყბა-კბილთა სისტემა არის ერთიანი ფუნქციონალური კომპლექსი, რომლის თითოეული კომპონენტი რთულ ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან. მაგალითად, ძნელი წარმოსადგენია, რომ საღეჭი კუნთები, რომლებსაც შეუძლიათ შეიკუმშონ 1სმ2-ზე 500 კგ მეტი ძალით, არ ამსხვრევენ კბილებს და არ იწვევენ ქვედა ყბის მოტეხილობას. მათი მუშაობა და შეკუმშვის ძალა რეგულირდება კბილების პერიოდონტში არსებული რეცეპტორებით. სწორედ ისინი ზღუდავენ საღეჭი დატვირთვის ძალასა და ხარისხს კბილებზე და კუნთებს საშუალებას არ აძლევენ გადააჭარბონ ზღვარს, რომლის დროსაც მოხდება ყბა-კბილთა სისტემის ქსოვილების ტრავმა. ბუნებრივია, რომ ერთი კბილის დაკარგვის დროსაც კი საღეჭი დატვირთვა უკვე არათანაბრად ნაწილდება, რაც თავის მხრივ იწვევს კუნთების მუშაობის ეფექტურობის დაქვეითებას – მათი ტონუსის შეცვლას და ა.შ. ყოველივე ეს აისახება დარჩენილი კბილების მდგომარეობაზე. მაგალითად, იწყება მათი მომატებული  ცვეთა ან დაშლა. ალბათ შეგიმჩნევიათ, როგორ აკრაჭუნებს ძილში კბილებს ზოგიერთი ადამიანი? ეს კრაჭუნი ყბა-კბილოვან სისტემაში დაწყებული დისბალანსის ერთ-ერთი ნიშანია, რომელიც შემდგომში იწვევს სხვადასხვა პრობლემებს, როგორც კბილების, ასევე ღრძილების, კუნთებისა და საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის მხრიდან.

ქვედა ყბის მამოძრავებელი კუნთები დაკავშირებულია თავის ქალის ერთადერთ მოძრავ – საფეთქელ-ქვედა ყბის სახსართან. ეს სახსარი უნიკალურია: ორი სახსარი მუშაობს აბსოლუტურად სინქრონულად და უზრუნველყოფს ქვედა ყბის მოძრაობას სამ სიბრტყეში. გადატვირთვა და კუნთების მომატებული ტონუსი კბილთა მწკრივის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში აუცილებლად აისახება ამ სახსარზე. ვითარდება წინაპირობა მისი ანთებითი და დისტროფიული დაავადებების – ართრიტებისა და ართროზების განვითარებისთვის.

საღეჭი კუნთებისა და საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დაავადებების მკურნალობა საკმაოდ რთული და ხანგრძლივია, ზოგჯერ რამდენიმე წელი გრძელდება. ართრიტს თან ახლავს ძლიერი ტკივილი, სახსრის მოძრაობის შეზღუდვა, რის გამოც პაციენტები იღებენ ძლიერ ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს და ერიდებიან მყარ საკვებს. ართროზების დროს შეიძლება განვითარდეს ანკილოზი – სახსარში მოძრაობის შეზღუდვა სრულ ჩაკეტვამდე, რაც უკვე ოპერაციულ მკურნალობას საჭიროებს.

შევაჯამოთ: ერთი კბილის დაკარგვაც კი დაუყოვნებლივ აისახება მთელ ყბა-კბილოვან სისტემაზე – იწვევს დატვირთვის გაზრდას დარჩენილ კბილებზე, კუნთების დაჭიმვას და შედეგად, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დაავადებას. დროთა განმავლობაში შეიძლება მოხდეს კბილთა მწკრივის და ქვედა ყბის დეფორმაცია.

დასკვნა: თუ კბილის დაკარგვა გარდაუვალია, მაშინვე უნდა იფიქროთ პროთეზირებაზე.

 

მეცხრე მითი. გავიკეთე ბჟენი – სტომატოლოგთან შემიძლია აღარ ვიარო

თანამედროვე საბჟენი მასალები ხასიათდება მაღალი სიმტკიცით, ცვეთისადმი მედეგობით, კარგი ადაპტაციური და ესთეტიკური თვისებებით. თუმცა, სხვა ნებისმიერი მასალის მსგავსად, მათაც აქვთ სიმტკიცის ზღვარი. დროთა განმავლობაში ვითარდება მოვლენა, რომელსაც ფიზიკოსები „მასალის დაღლას” უწოდებენ – გამუდმებული დატვირთვის ქვეშ მყოფ მასალაში ვითარდება მიკრობზარები, ირღვევა სტრუქტურა, რაც თანდათან იწვევს მის დაშლას.

ბჟენები, განსაკუთრებით საღეჭ კბილებზე, დიდ ზეწოლას განიცდიან. კერძოდ, მყარი საკვების დაღეჭვის დროს ზეწოლა დიდ ძირითად კბილებზე შეიძლება შეადგენდეს 500-600 კგ-ს  1 სმ2-ზე. არცერთი სამრეწველო მასალა ვერ გაუძლებს ასეთ დატვირთვას. მიკრობზარების მქონე ბჟენი დაშლას იწყებს, რაც იწვევს მის აშრევებას და ამოვარდნას. ზოგჯერ იგი უბრალოდ იცვითება და შიშვლდება ყიფილი კარიესული ღრუს მახვილი კედლები. ხშირად, კბილის ღრუს ასეთი, საყრდენის გარეშე დარჩენილი კედლები წინააღმდეგობას ვერ უწევენ ღეჭვით დატვირთვას და ჩამოტყდებიან. შემდგომში კბილისგან მხოლოდ ფესვები რჩება, ხოლო ფუნქციური თვალსაზრისით იგი კარგავს თავის ღირებულებას.

კბილის ბჟენების  დაშლის შეჩერებაში დაგვეხმარება მხოლოდ სტომატოლოგის რეგულარული დაკვირვება. სწორედ ექიმს შეუძლია განსაზღვროს ბჟენის დაშლა მანამდე, ვიდრე ამას შეამჩნევს პაციენტი და მიიღებს აუცილებელ ზომებს.

ამის გარდა, დაბჟენიდან გარკვეული დროის შემდეგ, ბჟენი იცვლის თავის ზომებსა და კონფიგურაციას. თვალისთვის შეუმჩნეველმა ამ პროცესმაც, ასევე, შეიძლება გამოიწვიოს საბჟენი მასალის რღვევა და საბოლოოდ მისი დაშლა.

მსოფლიოს წამყვანი სტომატოლოგები, კბილების დაავადებების პროგრესირების ასაცილებლად, გვირჩევენ ბჟენების გამოცვლას ყოველ რამდენიმე წელიწადში. ამგვარად, გამორიცხულია მასალის „დაღლა” და ავიცილებთ კბილის შემდგომ დაშლას.

შევაჯამოთ: ყველაზე საიმედო და მყარი ბჟენიც კი ვერასოდეს ვერ შეცვლის კბილის საკუთარ ქსოვილებს, ამიტომ იგი საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას და დაკვირვებას. მეორადი კარიესის გაჩენას და ბჟენის ნაადრევ დაშლას აგვაცილებს მხოლოდ სტომატოლოგი.

დასკვნა: კბილების დაბჟენით სტომატოლოგთან მკურნალობა და პირის ღრუს მეთვალყურეობა არ მთავრდება.

 

მეათე მითი. კარიესის პროფილაქტიკისთვის საჭიროა ძვირადღირებული და კარგი კბილის პასტა

ნაწილობრივ ეს მითი პირის ღრუს ჰიგიენის საშუალებების რეკლამის შედეგია, მაგრამ არის კი ეს სინამდვილეში ასე?

კბილის მინანქრში მინერალების ცვლა ხდება ნერწყვში შემავალი ფერმენტებისა და ნივთიერებების საშუალებით. ამგვარად, კბილების გაწმენდის დროს, კბილის პასტის მინერალური კომპონენტები იხსნებიან ნერწყვში, აღწევენ მინანქარში და აქტიურად მონაწილეობენ მის ცვლით პროცესებში. დამტკიცებულია, რომ მინერალური კომპონენტების მინანქარში შეღწევისთვის აუცილებელია მათი მაღალი კონცენტრაცია ნერწყვში ხანგრძლივი დროის განმავლობაში. კბილების გამოხეხვის დროს ნერწყვში ძალიან სწრაფად იზრდება კბილის პასტის კომპონენტების კონცენტრაცია და მუდმივი რჩება კბილების გაწმენდის მთელი დროის განმავლობაში. შესაბამისად, რაც უფრო დიდხანს ვიწმენდთ კბილებს, მით უფრო მეტი მინერალური ნივთიერება შეაღწევს კბილის მინანქარში და გაამაგრებს მას.

კბილის პასტის მეორე ფუნქცია არის მექანიკური წმენდა. როგორც უკვე ვთქვით, კარიესი ვითარდება ბაქტერიების მონაწილეობით, რომლებიც კბილების მფარავ გარსში – პელიკულაში ცხოვრობენ. არ არის ბაქტერიები – არ არის კარიესი! თუმცა, ამ გარსის მთლიანად მოცილება ვერ ხერხდება, განსაკუთრებით, ძნელად მისადგომ ადგილებში. ამიტომ, საჭიროა დრო კბილთა მწკრივის რთული ადგილების გასაწმენდად. ზოგჯერ შეიძლება საჭირო გახდეს სპეციალური კბილის ჯაგრისების გამოყენება, რომლებითაც იწმინდება კბილთაშორისი შუალედები.

სტომატოლოგ-ჰიგიენისტების მიერ შემუშავებული კბილების გაწმენდის სქემები აგებულია ყველა ამ თავისებურების გათვალისწინებით. განსაზღვრულია კბილების გაწმენდის საერთო დრო (2-3 წუთი), კბილთა მწკრივის თითოეული უბნის გასაწმენდად საჭირო მოძრაობების თანმიმდევრობა, რომელთა საშუალებითაც მაქსიმალურად სუფთავდება კბილები ყველაზე ძნელად მისადგომ ადგილებშიც კი. შესაბამისად, კბილების ჯანმრთელობისთვის უფრო მნიშვნელოვანია კბილების სწორი და ხანგრძლივი გამოხეხვა, ვიდრე ის, თუ რომელი ფირმის გამოშვებულია კბილის პასტა.

ამგვარად, კბილის პასტის შერჩევისას უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ არა სარეკლამო განცხადაბებს, არამედ მის კონკრეტულ დანიშნულებას, რადგან არსებობს სხვადასხვა დანიშნულების კბილის პასტები – მათეთრებლიდან სპეციალურ, მწეველებისთვის განკუთვნილამდე. ჰიგიენის ზოგიერთი ეს საშუალება შეიძლება უკუნაჩვენები იყოს პირის ღრუს სხვადასხვა დაავადებების და ზოგადსომატური პათოლოგიების მქონე ადამიანებისთვის. ზოგიერთი პასტა მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებებს და გამოიყენება რომელიმე კონკრეტული დაავადების სამკურნალოდ. სწორედ ამიტომ უნდა მივუდგეთ კბილის პასტის შერჩევას განსაკუთრებული ყურადღებით. ამ საკითხზე უმჯობესია რჩევა ჰკითხოთ თქვენს სტომატოლოგს.

პირის ღრუს ჰიგიენისა და სტომატოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკის ინდივიდუალური პროგრამა თქვენ უნდა შეგიდგინოთ თქვენმა სტომატოლოგმა. ეს პროგრამა შეიძლება შეიცავდეს როგორც კბილის პასტისა და ჯაგრისის ინდივიდუალურ შერჩევას, ასევე ჰიგიენის დამატებითი საშუალებების – კბილის ძაფების, სავლებების და ა.შ. დანიშვნას, რომელთა უგულებელყოფაც არ შეიძლება. გარდა ამისა, სტომატოლოგმა, თუ საჭიროდ ჩათვლის, უნდა გასწავლოთ კბილების სწორად გაწმენდა.

შევაჯამოთ: მართალია კბილის პასტა მეორეხარისხოვან როლს ასრულებს პირის ღრუს ჰიგიენაში, მაგრამ მის არჩევას პასუხსიმგებლობით უნდა მივუდგეთ. არასწორად შერჩეულმა კბილის პასტამ შეიძლება გავნოთ, ამიტომ მისი შერჩევისას უმჯობესია რჩევა ჰკითხოთ თქვენს სტომატოლოგს.

დასკვნა: სტომატოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისთვის უფრო მნიშვნელოვანია არა კბილის პასტა, არამედ კბილების გაწმენდის პროცესის ხანგრძლივობა და თანმიმდევრობა.

რეზუმე

თანამედროვე სტომატოლოგიის ნებისმიერი სფერო გახვეულია მითებსა და ლეგენდებში. რადგან კბილების დაავადებები ყველაზე მეტად გავრცელებულია დედამიწაზე, გასაკვირი არ არის, რომ სწორედ სტომატოლოგიაში არის ამდენი მცდარი აზრი, რომელთა უარსაყოფადაც ზოგჯერ აუცილებელია სერიოზული სამეცნიერო კვლევები.

კარიესის განვითარებაში ჯერ კიდევ ბევრი რამ გაურკვეველი და უცნობია. მრავალი კვლევა მიმდინარეობს მისი საიდუმლოს ამოხსნისთვის. ალბათ, ზემოთ აღწერილ მითებს გარკვეული დროის შემდეგ კიდევ რამდენიმე დაემატება, შესაძლოა ზოგიერთი მათგანი დადასტურდეს. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია ვიფიქროთ – შეძლებენ მომავლის ექიმები აღმოფხვრან კბილების დაავადებები?

www.medmax.ru

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.