არსებობს თუ არა გენეტიკური წინასწარგანწყობა სტომატოლოგიური დაავადებების მიმართ?

არსებობს თუ არა გენეტიკური წინასწარგანწყობა სტომატოლოგიური დაავადებების მიმართ?

რატომ ავადდება ზოგიერთი ადამიანი სტომატოლოგიური დაავადებებით, ხოლო ზოგიერთმა კი არც იცის ეს რა არის? მეცნიერებმა დაადგინეს გენეტიკური კანონზომიერება.

ყველაზე ხშირი სტომატოლოგიური დაავადებების – კარიესისა და პაროდონტიტის მაგალითზე განვიხილოთ, რამდენად არის კბილების ჯანმრთელობა დამოკიდებული გენეტიკურ წინასწარგანწყობაზე.

კარიესისადმი წინასწარგანწყობა

კარიესის განვითარების ერთ-ერთი წინაპირობაა დიდი რაოდენობით ნახშირწყლოვანი საკვების მიღება. მაგრამ, არ არსებობს ადამიანი, რომელიც არ იყენებდეს ნახშირწყლების შემცველ საკვებს. თუმცა, კარიესი ყველას არ უვითარდება. ამ ფაქტმა აიძულა მეცნიერები, დაფიქრებულიყვნენ კარიესის მიმართ ორგანიზმის ბუნებრივი გამძლეობის საკითხზე.

რამდენიმე წლის წინ კვლევებმა, როგორც იქნა, გაამართლა და აღმოაჩინეს კანონზომიერება: კარიესისადმი წინასწარგანწყობა აიხსნება გენებით.

ნერწყვის შემადგენლობა

ერთ-ერთი საიდუმლო ნერწყვის შემადგენლობაშია. ზოგიერთ ადამიანში ოლიგოსაქარიდები (ნერწყვის შემადგენლობაში შემავალი მარტივი სტრუქტურის მქონე მოლეკულები) ხელს უშლიან კბილებზე კარიესის გამომწვევი ბაქტერიების დალექვას, ზოგიერთში კი პირიქით, ხელს უწყობენ ბაქტერიების ფიქსაციას კბილების ზედაპირზე. ეს თანაფარდობა გენეტიკურად არის განპირობებული და არ იცვლება სიცოცხლის განმავლობაში.

შესაბამისად, კარიესისადმი წინასწარგანწყობის შემოწმება შეგიძლიათ ნერწყვის შემადგენლობაზე ტესტის ჩატარებით. იგი დაგეხმარებათ გაიგოთ, რამდენად კარგად ან ცუდად არის განვითარებული თქვენი ნერწყვის დამცველობითი ფუნქცია.

მინანქრის აგებულება

კარიესისადმი ბუნებრივ მდგრადობას ასევე განსაზღვრავს მინანქრის სტრუქტურა და ზედაპირის აგებულება. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას, არის თუ არა მინანქრის ზედაპირზე დეფექტები და როგორია კბილის საღეჭ ზედაპირზე არსებული ფისურების ანატომია. ფისურები – ეს არის მინანქრის ნაოჭები საღეჭ ბორცვებს შორის (ყველაზე უკეთ შესამჩნევია მოლარებზე). სხვადასხვა ადამიანში ისინი შეიძლება იყოს ღრმა ან ზედაპირული. ღრმა ფისურებში ყველაზე კარგი პირობები იქმნება კბილის ნადების დაყოვნებისთვის და შესაბამისად, კარიესის განვითარებისთვის.

მინანქრის სტრუქტურის შეცვლა შეუძლებელია. მისი ადებულება გენეტიკურად არის განპირობებული, რაც კიდევ ერთხელ უსვავს ხაზს იმ ფაქტს, რომ კბილების ჯანმრთელობა მემკვიდრეობითობაზეა დამოკიდებული. მაგრამ, სტომატოლოგიაში შემუშავებულია მთელი რიგი პროფილაქტიკური ღონისძიებებისა, რომლებიც დაგვეხმარება თავიდან ავიცილოთ კარიესის განვითარება, თუნდაც ჩვენი მინანქარი არ იყოს გენეტიკური სიმძლავრით გამორჩეული. ასეთია მაგალითად, ფისურების ჰერმეტიზაცია, ანუ მათი ამოვსება სპეციალური მასალით (სილანტით). ეს კბილის ზედაპირს უფრო გლუვს და თანაბარს გახდის, რის შედეგადაც მნისვნელოვნად შემცირდება კბილის საღეჭ ზედაპირზე კარიესის განვითარების რისკი, რადგან საკვების ნაწილაკები და ნადები აღარ დაყოვნდება მინანქრის ნაპრალებში.

როგორ მოვიქცეთ კარიესისადმი წინასწარგანწყობის დროს?

ვერ დავეთანხმებით იმ მოსაზრებას, თითქოსდა კბილების მოვლა, თუ ისინი განწყობილია კარიესის განვითარებისადმი, მაინც ვერ შეამცირებს კარიესის განვითარების რისკს. არსებობს ნერწყვის ბაქტერიოლოგიური შემადგენლობის გაუმჯობესების მეთოდები. ეს არ შეცვლის მისი ელემენტების ქიმიურ შემადგენლობას (ოლიგოსაქარიდების თანაფარდობას), მაგრამ შეამცირებს პირის ღრუში არსებული კარიესის გამომწვევი ბაქტერიების რაოდენობას. მაგალითად, ძალიან ეფექტურია შტოშის წვენის მიღება. მას აქვს მაღალი ბაქტერიციდული თვისებები: მისი კომპონენტები ხელს უშლიან ბაქტერიების შეღწევას კბილის მინანქარში.

წინასწარგანწყობა პაროდონტიტის მიმართ

პაროდონტიტი ღრძილებისა და კბილის ირგვლივ მდებარე ქსოვილების ანთებითი დაავადებაა. მძიმე შემთხვევებში შეიძლება დაზიანდეს ყბის ძვალიც. პაროდონტიტის დაწყებითი სტადიები პრაქტიკულად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ ბევრმა არ იცის, რომ უკვე დაავადებულია პაროდონტიტით. უმკურნალებელ შემთხვევებში ან არასწორი მკურნალობის დროს პაროდონტიტის შედეგად კბილებისა და ღძილს შორის იქმნება ე.წ. პათოლოგიური ჯიბეები და თანდათან სრულიად ირღვევა კბილბუდეში კბილის მაფიქსირებელი ქსოვილები, რაც კბილის პათოლოგიური რყევისა და შემდგომში მისი დაკარგვის მიზეზი ხდება.

პაროდონტიტის მიმართ წინასწარგანწყობის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია გენეტიკა. პაროდონტიტისადმი  წინასწარგანწყობაზე დიდ ზეგავლენას ახდენენ სახის ჩონჩხის და ყბების აგებულება, თანკბილვისა და კბილების განლაგების თავისებურებები, კბილებს შორის შუალედების სიდიდე.

არასწორი თანკბილვის დროს ღეჭვითი დატვირთვა  არათანაბრად ნაწილდება კბილებზე, რის შედეგადაც კბილთა მწკრივის ცალკეული უბნები ზედმეტად იტვირთება. ეს კი ხელს უწყობს კბილის მიმდებარე ქსოვილებში ანთებითი პროცესების განვითარებას. პირის ღრუს აგებულების ისეთი ინდივიდუალური თავისებურებები, როგორიცაა მაგალითად, ენის ძალიან მოკლე ლაგამი, ღრძილის გათხელებული ლორწოვანი გარსი, ტუჩების აგებულების თავისებურებები ასევე ზრდიან პაროდონტიტით დაავადების რისკს.

როგორ მოვიქცეთ, როდესაც აღინიშნება წინასწარგანწყობა პაროდონტიტის მიმართ?

გენეტიკური წინასწარგანწყობის შეცვლა, სამწუხაროდ, შეუძლებელია, მაგრამ შეიძლება პაროდონტიტის შეჩერება ადრეულ სტადიაზე. ამისათვის მნიშვნელოვანია მისი რაც შეიძლება ადრე გამოცნობა. ეს შესაძლებელია სპეციალური დიაგნოსტიკური საშუალებით, რომელსაც ეწოდება ფლორიდა პროუბ. მას შემდეგნაირად ატარებენ: სტომატოლოგი სპეციალური  პაროდონტოლოგიური ზონდით ზომავს ღრძილის ფიზიოლოგიური ღარის და პათოლოგიური ჯიბეების სიღრმეს თითოეულ კბილთან. შეგროვებული მონაცემები მუშავდება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის საშუალებით და შედეგები გამოდის კომპიუტერის მონიტორზე. მიღებული შედეგების საფუძველზე პაციენტს ეძლევა დაწვრილებითი პაროდონტოლოგიური ბარათი. მასში ასახული ინფორმაციის შესაბამისად, ექიმი მოგცემთ სხვადასხვა რეკომენდაციებს ღრძილების სწორი მოვლის შესახებ.

გაქვთ თქვენ თუ არა გენეტიკური წინასწარგანწყობა სტომატოლოგიური დაავადებების მიმართ, არ დაგავიწყდეთ პროფილაქტიკა – ეს კბილების მოვლის საფუძველია. არ შეიძლება ჰიგიენის მარტივი წესების უგულებელყოფა და საკუთარი კბილების ჯანმრთელობის გაუარესება.

 

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..