ბრუქსიზმი – კბილების ღრჭიალი ძილში

ბრუქსიზმი – კბილების ღრჭიალი ძილში

ყველასათვის ნაცნობია კბილების კრაჭუნის არასასიამოვნო ხმა. ამ პრობლემას სამედიცინო ტერმინოლოგიითბრუქსიზმი ეწოდება. ბრუქსიზმი დაავადებად არ ითვლება. მას უწოდებენ ძილის დარღვევას ან მავნე ჩვევას. იგი, ძირითადად, ჩნდება ღამის ძილის დროს.

ტერმინი „ბრუქსიზმი” წარმოიქმნა ბერძნული სიტყვისგან brychein, რომელიც კბილების კრაჭუნს ნიშნავს. მოვლენის მეცნიერული ახსნა ასეთია: საღეჭი კუნთების ძლიერი შეკუმშვა იწვევს ყბების ერთმანეთზე დაჭერას, რაც თავის მხრივ, იწვევს კბილების კრაჭუნს. ეს შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთამდე და მრავალჯერ განმეორდეს ღამის განმავლობაში.

ბრუქსიზმის სტატისტიკა საკმაოდ არაერთგვაროვანია. ზოგიერთი მონაცემით, იგი ჩნდება მოზრდილთა 1-3%-ში, სხვა მონაცემებით – 5-8%-ში. ბავშვებში ბრუქსიზმი თითქმის ნორმად ითვლება: 7 წლის ასაკამდე ბავშვების დაახლოებით 50%-ს აღენიშნება კბილების კრაჭუნი ძილში.

კბილების კრაჭუნი, უპირველეს ყოვლისა, გარშემომყოფ ადამიანებს აწუხებს. ეს შეიძლება სერიოზულ პრობლემად იქცეს. ძალიან უსიამოვნოა გეძინოს ერთ შენობაში ადამიანთან, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში აკრაჭუნებს კბილებს. თუმცა, იგი ამას განგებ არ აკეთებს. ადამიანმა შეიძლება არც კი იცოდეს, რომ კბილებს აკრაჭუნებს: ძალიან იშვიათად შეიძლება გააღვიძოს იგი ამ ხმამ, სამაგიეროდ ძილს არ აცლის ირგვლივ მყოფთ.

თუმცა, ბრუქსიზმის შედეგები უკვე არა ძილში, არამედ სიფხიზლეში გამოვლინდება და ისინი კონკრეტულ ხასიათს ატარებს. ბრუქსიზმმა შეიძლება გამოიწვიოს კბილების პათოლოგიური ცვეთა, კარიესი და თავის ტკივილები. თუ ბრუქსიზმის ეპიზოდები დიდხანს გრძელდება, შეიძლება დაზიანდეს პირის ღრუს რბილი ქსოვილები. ბრუქსიზმის ძლიერი შეტევების დროს, გაღვიძებისას ადამიანი გრძნობს თავის, კბილების და ზოგჯერ სახის ტკივილსაც კი. ეს უკვე სერიოზული პრობლემაა. თუ კბილების კრაჭუნი არ წყდება თვეების ან წლების განმავლობაში, კბილები ძალიან იცვითება, ჩნდება პრობლემები საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის მხრიდან.

რა არის ბრუქსიზმის მიზეზი?

ექიმებმა ზუსტი პასუხი არ იციან. განიხილავენ რამდენიმე ჰიპოთეზას. არსებობს მოსაზრება, რომ ძილში კბილების კრაჭუნი ძილის სიღრმის რეგულაციის დარღვევის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რაც ბრუქსიზმს იმ მდგომარეობების გვერდით აყენებს, როგორიც არის ძილში ხვრინვა, სომნამბულიზმი, ღამის კოშმარები და ღამის ენურეზი. ზოგიერთი სპეციალისტი ვარაუდობს, რომ ძილში კბილების კრაჭუნი ვითარდება თანკბილვის ანომალიის შედეგად და ვიდრე ზედა და ქვედა ყბის კბილები ერთმანეთს არ მოერგება, ბრუქსიზმი არ გაქრება. მეცნიერების უმრავლესობა კი თვლის, რომ ბრუქსიზმი უფრო ხშირად აღენიშნებათ ადვილად გაღიზიანებად და ემოციურ პირებს.  თუმცა, სტრესი ბრუქსიზმის გაჩენის მხოლოდ ხელშემწყობი ფაქტორია და არა მისი მიზეზი, რადგან ბრუქსიზმის ეპიზოდები ძილის დროს შეიძლება აღინიშნოს სრულიად ჯანმრთელ, დადებითი ემოციური ტონუსის მქონე პირებშიც.

გავრცელებული მოსაზრება ბრუქსიზმისა და ორგანიზმში გლისტების არსებობის ურთიერთკავშირზე მეცნიერულად არ დადასტურდა. ბრუქსიზმის მქონე პირებში გლისტები იგივე სიხშირით აღინიშნება, როგორც სხვა ადამიანებში.

ასევე არსებობს თეორია, რომ კბილების კრაჭუნი ნარჩენი რეფლექსია, ცხოველების რეფლექსის ანალოგიური, რომლებიც ასე ილესავენ კბილებს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ექიმები შეთანხმებულ მოსაზრებამდე ვერ მივიდნენ. ასე რომ, ჩვენ ცრუ ვარაუდებს არ გამოვთქვამთ. ვეცდებით აღვწეროთ ამ უსიამოვნო მოვლენასთან ბრძოლის შესაძლო მეთოდები.

ბრუქსიზმის მკურნალობა

ბრუქსიზმის მკურნალობა დღემდე რთული პრობლემაა. იგი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული განვითარების ასაკზე, მიზეზებზე და დაავადების მიმდინარეობის ხასიათზე. ბავშვობის ასაკში განვითარებული ბრუქსიზმი, ძირითადად, მკურნალობას არ საჭიროებს და თავისით გაივლის 6-7 წლისთვის. ბავშვი დაძინებამდე 1 სთ-ით ადრე მშვიდ გარემოში უნდა იმყოფებოდეს. წაუკითხეთ მას წიგნი ან წაიკითხოს თვითონ, დაათვალიეროს ნახატებიანი წიგნი. ეცადეთ, ბავშვი ჩვეულებრივზე ადრე დააწვინოთ. შესაძლოა ბავშვი გადაიღალა, რაც შეიძლება ძილში კბილების კრაჭუნის მიზეზი გახდეს. არ აჭამოთ ძილის წინ.  თუ საჭმლის მომნელებელი წვენები გამოიყოფა ღამით, ამან შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ზედმეტად დაძაბვა ძილის დროს. გაესაუბრეთ ბავშვს მის პრობლემებზე. თუ მას რაიმე აწუხებს, ეს შეიძლება ღამით კბილების კრაჭუნის მიზეზი იყოს. გასაუბრება კი დაძაბულობის მოხსნაში დაეხმარება. დაადეთ თბილი, ნოტიო კომპრესები. თუ ბავშვს დილით ტკივა ყბა, დაასველეთ პირსახოცი თბილ წყალში, გაწურეთ და დაადეთ მტკივნეულ ყბაზე, ვიდრე ბავშვი თავს უკეთ არ იგრძნობს. ეს დაეხმარება ტკივილის მოხსნაში.

თუ ბრუქსიზმი უეცრად განვითარდა ზრდასრულ ადამიანში, აუცილებლად უნდა გამოირიცხოს ღამის ეპილეფსია და თავის ტვინის დაავადებები. თუ ბრუქსიზმი ნარჩუნდება ზრდასრულ ასაკშიც, აუცილებელია მოგვარდეს ყველა არსებული სტომატოლოგიური პრობლემა და უპირველეს ყოვლისა თანკბილვის დეფექტები. ამის შემდეგ პაციენტ ენიშნება პირშიდა დამცველი რეზინის კაპა ან რბილი პლასტიკატის აპლიკატორი, რომლებიც კბილებს შორის ფიქსირდება და იცავს მათ ტრავმირებისგან. თანაც, ეს დამცავი მოწყობილობები არ იცვითება და ამცირებენ კრაჭუნის ხმას. დამატებითი მკურნალობის სახით ექიმმა შეიძლება გამოწეროს კალციუმის, მაგნიუმის და B ჯგუფის ვიტამინების შემცველი პრეპარატები. აღნიშნული მიკროელემენტებითა და ვიტამინებით ორგანიზმის გაჯერება შეამცირებს საღეჭი კუნთების უნებლიე შეკუმშვებს ძილში.

ფსიოლოგმა შეიძლება მოგცეთ სტრესთან ბრძოლის რეკომენდაციები. ექიმმა უნდა იცოდეს, როდის გაიგეთ პირველად, რომ კბილებს აკრაჭუნებდით, რამდენი წლის ხართ, რა მოვლენები ხდებოდა თქვენს ირგვლივ. მან შეიძლება დაგინიშნოთ ღამის ძილის ინსტრუმენტული გამოკვლევა და დამამშვიდებელი საშუალებები.

გარდა ამისა, სპეციალისტები გვირჩევენ დაღალოთ საღეჭი მუსკულატურა: ძილის წინ მიირთვით ვაშლი, სტაფილო ან ყვავილოვანი კომბოსტო. ამით ყბებს დაღლით და ღამით კბილების კრაჭუნი აღარ შეგაწუხებთ. კუნთოვან დაჭიმულობას კარგად ხსნის საღეჭ მუსკულატურაზე ძილის წინ დადებული თბილი კომპრესი.

რადგან სტრესი ხშირად იწვევს კბილების ღამით კრაჭუნს, კარგი ეფექტი აქვს სტრესის საწინააღმდეგო ღონისძიებებს: რაციონალურ და რეგულარულ კვებას ნახშირწყლებისა და კოფეინის შეზღუდვით.

თუმცა, ჩვენი აზრით, საუკეთესო რჩევაა – დამშვიდდით. შიში, სტრესი და ცუდი განწყობა უარყოფითად მოქმედებს მთელს ორგანიზმზე. ძილის წინ სუფთა ჰაერზე სეირნობა, მშვიდი მუსიკა, კარგი (და არა საშინელებათა) ფილმი, თბილი აბაზანა დაგეხმარებათ მოდუნდეთ და დაივიწყოთ პრობლემები.

www.haifa.israelinfo.ru

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.