გაუტკივარება სტომატოლოგიაში

გაუტკივარება სტომატოლოგიაში

ტკივილის შიში – სტომატოლოგების მთავარი პრობლემა და ნებისმიერი ასაკის პაციენტის უბედურებაა. მაგრამ, ამჟამად სტომატოლოგიაში ძალიან ფართოდ გამოიყენება ადგილობრივი გაუტკივარების სხვადასხვა მეთოდი, რომელთა საშუალებითაც კბილების მკურნალობა მშვიდად და უმტკივნეულოდ ხორციელდება.

მოვითმინოთ თუ არა?

სტომატოლოგიური კაბინეტი მრავალ ადამიანში ასოცირდება ბორმანქანის ბზუილთან და ტკივილთან. კბილების მკურნალობის ეშინიათ იმიტომ, რომ საჭიროა უსიამოვნო შეგრძნებების მოთმენა. ეს გადმოცემით ცნობილი არის ყველასთვის – ბავშვისა და უფროსისთვისაც. რაოდენ დიდია მათი გაოცება, როდესაც გაიგებენ რომ აუცილებელი არ არის ტკივილის მოთმენა. ამჟამად, კბილთან დაკავშირებული პრაქტიკულად ყველა სამკურნალო მანიპულაცია შესაძლებელია ჩატარდეს ანესთეზიის ქვეშ.

რა არის ანესთეზია?

ანესთეზია – ეს არის ქსოვილების მგრძნობელობის დროებითი დაკარგვა ქიმიური ან ფიზიკური ფაქტორების ზემოქმედების შედეგად. ხშირად ანესთეზიას უწოდებენ „გაყინვას”, თუმცა ტემპერატურის დაქვეითებასთან მას არანაირი კავშირი არ აქვს. ანესთეზიის მოქმედების პრინციპი შემდეგში მდგომარეობს: ნივთიერება (ყველაზე თანამედროვე – არტიკაინის ჯგუფის) ბლოკავს არა ტკივილს, არამედ ნერვულ იმპულსს, რომელიც თავის ტვინს გადასცემს სიგნალს გაღიზიანებაზე (ტკივილზე). განსაზღვრული დროის შემდეგ ნივთიერება იშლება და გამოიყოფა, ხოლო ნერვი აღიდგენს ელექტრული პოტენციალის შეცვლისა და  იმპულსების გატარების უნარს.

გაუტკივარება ფართოდ გამოიყენება სტომატოლოგიაში მრავალი მიზნით (მათ შესახებ დაწვრილებით ქვემოთ), მათ შორის იმისთვისაც, რომ პაციენტებს არ ეშინოდეთ ტკივილის და მშვიდად ჩაიტარონ მკურნალობა.

დამტკიცებულია, რომ ტკივილის ზღურბლი ყველა ადამიანს განსხვავებული აქვს. ზოგიერთს ადვილად გადააქვს კბილების მკურნალობა, ზოგიერთს – ცუდად. სტრესი, შოკი, შიში – ადრე აუცილებლად ეუფლებოდა ადამიანს სტომატოლოგთან წასვლისას. თანამედროვე სტომატოლოგია განსხვავებულია – იგი იყენებს სხვადასხვა სახის ეფექტურ და უსაფრთხო საანესთეზიო საშუალებებს.

ანესთეზიის სახეობები

დღემდე მრავალი პაციენტი თხოვს ექიმს ზოგადი ანესთეზიის ჩატარებას, რომ დაიძინოს და ვერაფერი ვერ იგრძნოს. ეს არ არის სწორი. სერიოზული ჩვენებების (მაგ., ფსიქიკური დარღვევები, ბორმანქანის განსაკუთრებული ფსიქოლოგიური აღქმა) არსებობის გარეშე ზოგადი ანესთეზიის ჩატარება არ შეიძლება. ეს ორგანიზმისთვის საზიანოა და უკვალოდ არ ჩაივლის. სტომატოლოგიაში, ძირითადად, გამოიყენება ადგილობრივი ანესთეზია, რომელიც უზრუნველყოფს გაუტკივარებას მხოლოდ განსაზღვრულ უბანზე.

იგი არის 3 სახის:

აპლიკაციური ანესთეზია

ტარდება ჩხვლეტის გარეშე. ანუ ეს არის ზედაპირული გაუტკივარება. ხორციელდება სპეციალური მალამოების ან სპრეის გამოყენებით. თანამედროვე აპლიკაციური საანესთეზიო საშუალებები გამოდის კენკროვნებისა და ხილის გემოთი.

აპლიკაციური ანესთეზია გამოიყენება კბილის ნადების უმტკივნეულოდ მოცილებისთვის, მორყეული კბილების ამოღების დროს, ლორწოვანი გარსის გაუტკივარებისთვის უფრო ღრმა სახის ანესთეზიის ჩატარების წინ, ასევე ჩხვლეტით გამოწვეული ტკივილის მოსახსნელად. ამ უკანასკნელზე გავამახვილებთ ყურადღებას. მრავალ ადამიანს ალბათ ჯერ კიდევ კარგად ახსოვს, როგორ ტარდებოდა ანესთეზია კუნთში ინექციისთვის გამოსაყენებელი ჩვეულებრივი მსხვილი ნემსით. ამას გაუტკივარებას ძნელად თუ ვუწოდებთ, იმიტომ რომ ნემსი შედის საკმაოდ ღრმად და ეს არც თუ სასიამოვნო შეგრძნებაა. ხოლო აპლიკაციური ანესთეზიის გამოყენებით კბილის მკურნალობას ნამდვილად შეიძლება ვუწოდოთ სრულიად უმტკივნეულო.

ინფილტრაციული ანესთეზია

ეს ანესთეზიის ყველაზე გავრცელებული სახეა. ტარდება ნემსის ჩხვლეტით. საანესთეზიო საშუალება შეყავთ ნემსით ლორწოვანი გარსის ან ძვლისსაზრდელას ქვეშ, ასევე ძვალში. ინფილტრაციული ანესთეზია გამოიყენება კბილებისა და კბილთა არხების მკურნალობის, კბილის პულპაზე ოპერაციების დროს. გაუტკივარების ხანგრძლივობა – სულ მცირე 60 წუთია.

გამტარებლობითი (რეგიონალური) ანესთეზია

ამ სახის გაუტკივარების დროს საანესთეზიო ნივთიერება შეყავთ სამწვერა ნერვის ტოტებთან. გამტარებლობითი ანესთეზია გამოიყენება მაშინ, როდესაც სამკურნალო მანიპულაციები ტარდება დიდი ძირითადი კბილების მიდამოში, ღრძილებზე ოპერაციებისას, ასევე დიდი მოცულობის ჩარევების დროს.

 

როდის არ მოქმედებს ანესთეზია?

იშვიათ შემთხვევებში ანესთეზია არ მოქმედებს. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ პაციენტმა მკურნალობის წინ მიიღო დიდი რაოდენობით ალკოჰოლი ან ფსიქოტროპული და ნარკოტიკული საშუალებები. არსებობს ინდივიდუალური შემთხვევები, როდესაც რომელიმე საანესთეზიო საშუალების მიმართ არ აქვთ  მგრძნობელობა. მაშინ ხდება ალტერნატიული ვარიანტის შერჩევა. უმრავლეს შემთხვევაში, ანესთეზია ნორმალურად გადაიტანება და საუკეთესო საშუალებაა შიშისა და ტკივილის პრობლემის გადასაჭრელად.

 

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.