ენა გტკივათ? შეიძლება ეს გლოსიტია

ენა გტკივათ? შეიძლება ეს გლოსიტია

გლოსიტის მიზეზები

ენაზე ანთებითი პროცესები შეიძლება იყოს ინფექციის შედეგი ან წეროადგენდეს უფრო სერიოზული, რაიმე სისტემური დაავადების ერთერთ სიმპტომს. განასხვავებენ დაავადების მწვავე და ქრონიკულ მიმდინარეობას. გლოსიტის დროს ენა ანთებითია, იცვლება მისი ფერი და სტრუქტურა. შორსწასული გლოსიტი იწვევს პაპილომების – ენის ქსოვილზე სოკოსებრი წანაზარდების წარმოქმნას.

ლოკალური ინფექციების დროს გლოსიტის მიზეზია ბაქტერიები და ვირუსები (ჰერპესის ვირუსის ჩათვლით). ინფექციის განვითარებას განსაკუთრებით უწყობს ხელს ენისა და პირის ღრუს დამწვრობები, მექანიკური ტრავმები. დადგენილია, რომ გლოსიტის განვითარების მაპროვოცირებელი ფაქტორებია ნიკოტინი, ალკოჰოლი, ცხელი საკვები, ცხარე სანელებლები, ასევე ალერგიული რეაქციები კბილის პასტაზე, სავლებებზე, კარამელზე.

გლოსიტი გამოვლინდება ზოგიერთი სისტემური დაავადების: რკინადეფიციტური ანემიის, წითელი ბრტყელი ლიქენის, B ვიტამინის დეფიციტური მდგომარეობების, ერითემის, აფთოზის, სიფილისის და სხვ. დროს. იშვიათად, მაგრამ ზოგჯერ გლისიტის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობი რჩება.

გლოსიტის სიმპტომები

– ენის წვა და ანთება;

– ენა მკვეთრი წითელი ან ჟოლოსფერია;

– ანემიის დროს ენა იფარება მკრთალი ნადებით.

– ენა შეიძლება გადიდდეს ზომებში და დარბილდეს;

– გაძნელებულია ღეჭვა, ყლაპვა და მეტყველებია.

მივმართოთ თუ არა ექიმს?

თუ თქვენ გაქვთ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთი ან რამდენიმე და ისინი არ გაქრა 1 დღეში, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. სპეციალისტის კონსულტაცია, ასევე აუცილებელია, თუ თქვენ გაგიჭირდათ ჰაერის ჩასუნთქვა, ყლაპვა ან მეტყველება. სტომატოლოგი დაათვალიერებს ენის ანთების მიდამოს, დაადგენს პაპილომების არსებობა-არარსებობას, დაგისვამთ აუცილებელ შეკითხვებს განვითარებული ინფექციის მიზეზების დასადგენად ან დაგინიშნავთ საჭირო ანალიზებს სისტემური დაავადების გამოსავლენად.

გლოსიტების მკურნალობა

ინფექციურ-ანთებითი პროცესებით გამოწვეული გლოსიტის დროს აუცილებელია ინფექციის გამომწვევის მოცილება. თანამედროვე მედიცინას აქვს საკმარისი რაოდენობით ეფექტური პრეპარატი გლოსიტის წარმატებული მკურნალობისთვის. ენის ანთების მკურნალობა არ გულისხმობს პაციენტის ჰოსპიტალიზაციას, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევების გარდა.

უპირველეს ყოვლისა, დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ პირის ღრუს ჰიგიენას. გაიწმინდეთ კბილები სულ მცირე 2-ჯერ დღეში ხარისხიანი კბილის პასტით, რომელსაც გირჩევთ ექიმი.

პირის ღრუს ჰიგიენის წესების დაცვის გარდა, ხშირად აუცილებელია სპეციალური საშუალებების გამოყენებაც. მაგალითად ესენია სხვადასხვა პრეპარატები: ანტიბიოტიკები, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ადგილობრივი იმუნოკორექტორები. ანთების საწინააღმდეგო სტეროიდები (პრედნიზოლონი, ჰიდროკორტიზონი) გამოიყენება ანთების სიმპტომების ჩასაცხრობად და საკვების მიღების, მეტყველების პროცესებისა და სუნთქვის გასაადვილებლად. პრეპარატების ამ ჯგუფს მკაცრი ჩვენებები და უკუჩვენებები აქვს და ინიშნება მხოლოდ ექიმის მიერ. დაავადების გამომწვევის დადგენის შემდეგ, ექიმი დაგინიშნავთ ანტიბიოტიკს ან სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატს, რომელიც მოქმედებს მიკრობების მოცემულ ჯგუფზე.

მკურნალობის ერთ-ერთი თანამედროვე, პათოგენეზურად გამართლებული მეთოდია იმუნოლოგიური მკურნალობა, რომელიც სამკურნალო ეფექტის მიღების გარდა, აგვაცილებს რეციდივების განვითარებასაც. ამ მიზნით გამოიყენება იმუნოკორექტორები. ამ ჯგუფის პრეპარატები ააქტიურებენ პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დამცველობით უნარს. იმუნოლოგიური სისტემაზე ზემოქმედებით, ისინი ხელს უწყობენ ფაგოციტური (ფაგოციტოზი – იმუნური სისტემის უჯრედების მიერ ბაქტერიების შებოჭვა და გაუვნებელყოფა) აქტიურობის გაძლიერებას, ნერწყვში განსაკუთრებული ფერმენტის – ლიზოციმის შემცველობის გაზრდას (რომელიც ცნობილია თავისი ბაქტერიციდული აქტიურობით), სტიმულაციასა და ანტისხეულების გამომუშავებაზე პასუხისმგებელი იმუნოკომპეტენტური უჯრედების რაოდენობის გაზრდას.

პროფილაქტიკა

ექიმები შემდეგ პროფილაქტიკურ ღონისძიებებს გვირჩევენ:

– პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენის დაცვა;

– რეგულარული ვიზიტები სტომატოლოგთან;

– აგრესიული საკვების, ცხარე სანელებლების ამოღება კვების რაციონიდან;

– ნუ მოიხმართ თამბაქოს და ალკოჰოლს.

მცენარეებით მკურნალობა

შენელებული საჭმლის მონელების დროს (რომელიც ღრძილების, ენის, პირის ღრუს ლორწოვანი გარსისა და კბილების ხშირი დაავადებების მიზეზია) სვამენ 1ჭიქა კოთხოჯის ფესურების (სააფთიაქო პრეპარატი) ნახარშს 3-ჯერ დღეში (ვიდრე გადაყლაპავდეთ, ნახარში გამოივლეთ პირის ღრუში): 15 გ კოთხოჯი, 3 ჭიქა წყალი. იხარშება თავდახურულ ჭურჭელში 15 წუთი. გააგრილეთ, გადაწურეთ და გამოიყენეთ 3 თვის განმავლობაში. შესვენება 1 თვე და შემდეგ კვლავ 3 თვიანი კურსი.

შეიძლება კოთხოჯის ფესურების ფხვნილის დაღეჭვა 0,3 გ 3-ჯერ დღეში ან ნახარშის გამოვლება პირის ღრუში. განსაკუთრებით კარგ ეფექტს პაროდონტოზის, გლოსიტის, პირიდან უსიამოვნო სუნის, პირის ღრუში ყველა უსიამოვნო შეგრძნების დროს იძლევა კოთხოჯის ფესურებისა და მუხის ქერქის თანაბარი ნაწილებისგან მომზადებული ნაყენის გამოვლება.

პირიდან უსიამოვნო სუნის, პაროდონტოზის, სტომატიტის, გლოსიტის, გინგივიტის, ანგინის დროს ძალიან კარგია ტირიფის ქერქის ნახარში გამოსავლებად.

www.stomat-clinic.ru

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.