კბილის კისტა

კბილის კისტა

კბილის კისტა არის ყბის ძვლივან ქსოვილში მდებარე, სითხით სავსე მცირე ზომის კაფსულა, რომელშიც შედის ადამიანის ორგანიზმისთვის უსაფრთხო ქოლესტერინის მოლეკულები. კბილის კისტის წარმოქმნის ძირითადი მიზეზებია კბილის ტრავმა და ფესვის არხში მოხვედრილი ინფექცია.

უნდა გვახსოვდეს, რომ კბილის ტრავმირება შეიძლება არა მარტო ჩხუბის ან დაცემის დროს, არამედ მაგარი საკვების (მაგ., კაკლის ან თხილის) გაკვნეტის დროსაც.

ფესვის არხში ინფექციის შეღწევის სხვადასხვა გზები არსებობს, აქედან ყველაზე ხშირია ბაქტერიების მოხვედრა არხებში კარიესული ღრუდან ან უხარისხო ენდოდონტიური მკურნალობია შედეგად. თუმცა, ცნობილია შემთხვევები, როდესაც კბილის კისტის წარმოიქმნის მიზეზია ჰაიმორიტი, როდესაც მიკრობები პულპაში სისხლის მიმოქცევის კაპილარული ქსელიდან ხვდებიან.

კისტას ძალიან ჰგავს ე.წ კბილის გრანულომაც – ჩირქოვანი პარკი, რომელიც ვითარდება ცუდად ნამკურნალები კბილების პერიაპიკალურ (ფესვის მწვერვალის გარშემო) მიდამოში. დაავადების გამწვავებას თან ახლავს კბილის ძლიერი ტკივილი, შესიაბულია დაზიანებული კბილის მიმდებარე ღრძილი. გრანულომა ქრონიკული ინფექციის საშიში კერაა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს როგორც კბილების დაკარგვა, ასევე დიდი ზეგავლენა იქონიოს შინაგანი ორგანოების დაავადებათა მიმდინარეობაზე.

არსებობს კბილის კისტისა და გრანულომის მკურნალობის ორი მეთოდი: თერაპიული და ქირურგიული. პირველ შემთხვევაში ექიმი ასუფთავებს და დეზინფექციას უკეთებს ფესვის არხს, რის შემდეგაც დაბჟენს მას სპეციალური პასტით. თუ მკურნალობიდან 6 თვის განმავლობაში კისტა არ დაპატარავდა არამედ უფრო გაზრდილიცაა, მიმართავენ მკურნალობის უფრო რადიკალურ – ქირურგიულ მკურნალობას.

ქირურგიული მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდიაცისტექტომია, რომლის დროსაც ამოკვეთენ კბილის კისტას და მასთან ერთად ფესვის დაზიანებულ მწვერვალსაც. ასეთი მკურნალობა საკმაოდ საიმედოა და პრაქტიკულად 100% შემთხვავაში დადებით შედეგით სრულდება. მაგრამ ასეთი რთული ოპერაცია უნდა ჩაატაროს მხოლოდ გამოცდილმა ქირურგმა-სტომატოლოგმა.

თუ კბილის ფესვის შენარჩუნება შეუძლებელია, ტარდება ჰემისექცია, რომელიც გულისხმობს კბილის კისტას, დაზიანებული ფესვისა და მის ზემოთ მდებარე კბილის ნაწილის ამოღებას. მკურნალობის დამთავრების შემდეგ ხორციელდება კბილის დეფექტის ესთეტიკური რესტავრაცია.

კბილის კისტის მოსაცილებლად გამოიყენება ისეთი პროგრესული მეთოდი, როგორიც არის დეპოფორეზი. მისი საშუალებით ინფექცია მოცილდება კბილის ყველა ფესვის არხიდან. დეპოფორეზი არის არხების ენდოდონტიური მკურნალობის თანამედროვე და ეფექტური მეთოდი სპილენძ-კალციუმის ჰიდროქსიდით, სუსტი ელექტრული ველის ზემოქმედებით. სპილენძ-კალციუმის ჰიდროქსიდს აქვს გამოხატული ბაქტერიციდული თვისებები, რის შედეგადაც ფესვის არხი პრაქტიკულად სტერილური ხდება.  შეუძლია შეაღწიოს ყველა ძნელად მისადგომ ადგილებში და ებრძვის მავნე მიკრობებს. მკურნალობის დამთავრებისა და კბილის დაბჟენის შემდეგაც კი ჰიდროქსიდი აგრძელებს თავის მოქმედებას და ხელს უწყობს კბილის ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

დეპოფორეზით კბილის კისტის მკურნალობის ერთადერთი ნაკლია დეპოფორეზის ძვირადღირებული აღჭურვილობა, რომლის შეძენასაც ყველა კლინიკა ვერ შეძლებს. ამჟამად, სულ უფრო პოპულარული ხდება ჩანაცვლებითი უჯრედული თერაპია – ღეროვანი უჯრედებით მკურნალობა. კისტის მკურნალობის ყველა მეთოდი კბილის შენარჩუნების იმედს იძლევა და ამცირებს მისი სრული ამოღების რისკს.

 

 

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.