პერიკორონიტი: მიზეზები, სიმპტომები, მკურნალობა

პერიკორონიტი: მიზეზები, სიმპტომები, მკურნალობა

პერიკორონიტი არის ქვედა მესამე მოლარის – ე.წ. „სიბრძნის კბილის” ამოჭრის შედეგად განვითარებული ანთებითი პროცესი. შორსწასულ შემთხვევაში პერიკორონიტი გადადის ჩირქოვან პერიოსტიტში, თუმცა, ძირითადად, დროული სტომატოლოგიური დახმარების საშუალებით შესაძლებელია დაავადების შეჩერება საწყის სტადიაში.

პერიკორონიტის მიზეზებია: მიკროორგანიზმების – სტრეპტოკოკების, სტაფილოკოკების, ანაერობული ბაქტერიების გამრავლებისთვის სასურველი პირობების შექმნა. პათოლოგიური პროცესი, ძირითადად, ვითარდება ქვედა მესამე მოლარზე გადმოფარებული ლორწოვანი გარსის ქვეშ, ღრძილის ჯიბეში. პერიკორონიტის განვითარებას ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის ტრავმები, ეროზია და სხვა დაზიანებები. დაავადება საკმაოდ ხშირია, აღინიშნება ქვედა სიბრძნის კბილების ამოჭრის შემთხვევათა 60-80%-ში. სიბრძნის კბილების ამოჭრა ამ დროს შეყოვნებულია და აღინიშნება ე.წ. რეტენცია – კბილის ზრდის შეჩერება. როგორც ამერიკელი ექიმი ნოდინი თვლის, ამ პათოლოგიას საფუძვლად უდევს თანამედროვე საზოგადოებაში კბილებსა და ყბებზე დატვირთვის შემცირება, რაც რბილი და თერმულად დამუშავებული საკვების საყოველთაო გამოყენების შედეგია. თუმცა კბილების რეტენციას შეიძლება ჰქონდეს ანატომიური მიზეზებიც, მაგ., ღრძილის ფაშარი ქსოვილი, ყბაზე ადგილის არარსებობა და სხვ.

პერიკორონიტის სიმპტომებია: მღრღნელი ტკივილი ქვედა ყბაში, გაძნელებული ღეჭვა დაზიანებულ მხარეზე, ზოგჯერ – მტკივნეულობა პირის გაღებისა და ყლაპვის დროს. სიბრძნის კბილების ზრდის გამო ხშირად ზიანდება მათ ირგვლივმდებარე ქსოვილები, უპირველეს ყოვლისა, ღრძილი. შესაბამისად, ამ შემთხვევაში სიბრძნის კბილების ირგვლივ იწყება ანთებითი პროცესი, რომელიც თანდათან უფრო ვრცელ ხასიათს იძენს. თუ ამ პროცესს თან დაერთო ბექტერიული ინფექცია, უკვე ვითარდება პერიკორონიტი. საწყის სტადიაზე მას თან ახლავს ლიმფური კვანძების გადიდება, ხოლო მოგვიანებით ანტებით კერაში ჩნდება ჩირქი და შეიგრძნობა არასასიამო სუნი პირიდან. ჩირქოვანი პროცესი შეიძლება გავრცელდეს მეზობელ ქსოვილებზე და გახდეს აბსცესებისა და ფლეგმონების ჩამოყალიბების მიზეზი. ყველაზე ცუდია ჩირქოვან პროცესში ძვლოვანი ქსოვილის ჩართვა, რაც იწვევს ქვედა ყბის ოსტეომიელიტს.

პროცესის კლინიკური გამოხატულების მიხედვით, გამოყოფენ წყლულოვან დაჩირქოვან პერიკორონიტს.

წყლულოვანი პერიკორონიტი ფუზოსპიროქეტებით ინფიცირების შედეგია. წყლულოვანი პერიკორონიტის დროს მერვე კბილის გვირგვინის მფარავი ღრძილის კიდეებზე ჩნდება ნეკროზული გარსი. მკურნალობის გარეშე ასეთი პერიკორონიტი შეიძლება გადაიზარდოს წყლულოვან გინგივიტსა და წყლულოვან სტომატიტში.

ჩირქოვანი  პერიკორონიტი შეიძლება ქრონიკულადაც მიმდინარეობს. ამ დროს მთავარი სიპტომია ჩირქოვანი გამონადენი სიბრძნის კბილის მფარავ რბილ ქსოვილებზე ზეწოლისას.

პერიკორონიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა

პერიკორონიტის მკურნალობა იწყება ნაწილობრივ ამოჭრილი სიბრძნის კბილის მფარავი ღრძილის მოცილებით. ქირურგიული ჩარევის დროს ღრძილი კბილის ზემოთ ამოიკვეთება, რაც სივრცეს უხსნის ამოსაჭრელ კბილს. თუმცა, ასეთი მეთოდი ამჟამად საკმაოდ იშვიათად გამოიყენება, რადგან სტომატოლოგების უმრავლესობა გვირჩევს საერთოდ მოვიცილოთ ასეთი სიბრძნის კბილი. ეს იმით არის განპირობებული, რომ მერვე კბილები, ძირითადად, იზრდება ენის ან ლოყის მიმართულებით და ისინი ძალიან იშვიათად დგანან სწორად კბილთა მწკრივში. გარდა ამისა, ქვედა სიბრძნის კბილებზე ღეჭვითი დატვირთვა შეადგენს მხოლოდ 2%-ს ანუ მათი ამოღება საერთო ჯამში გავლენას არ ახდენს კბილთა მწკრივის ფუნქციონირებაზე.

ნათელია, რომ სიბრძნის კბილები მნიშვნელოვნად ართულებენ პირის ღრუს ჰიგიენას, იწვევენ რა სხვადასხვა ანთებით პროცესებს. მერვე კბილების ამოსვლის დროს ძალიან ხშირად ვითარდება ორთოდონტიული პრობლემები. მაგ., ხდება კბილების ფრონტალური ჯგუფის შემჭიდროვება. თუ თქვენ გრძნობთ დისკომფორტს სიბრძნის კბილის ამოსვლის გამო, სტომატოლოგთან მიმართვამდე შეიძლება დაიწყოთ ანტისეპტიკური ხსნარების გამოყენება. უბრალო გამოვლების გარდა, შეგიძლიათ გამოირეცხოთ წარმოქმნილი ჯიბე შპრიცის საშუალებით. ძლიერი ტკივილის დროს შეიძლება ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიღება. კიდევ ერთხელ უნდა ავღნიშნოთ, რომ დროული ვიზიტი სტომატოლოგთან თავიდან აგარიდებთ მრავალ პრობლემას პერიკორონიტის განვითარების უკვე საწყის ეტაპებზე.

პერიკორონიტის პროფილაქტიკა მდგომარეობს მის დროულ დიაგნოსტიკაში. სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტები დაგეხმარებათ ამ დაავადების სწრაფ და ეფექტურ ლიკვიდაციაში. თუ თქვენ გრძნობთ, რომ სიბრძნის კბილი რთულად ამოდის, მიმართეთ სტომატოლოგს, რომელიც ჩაგიტარებთ რენტგენოლოგიურ გამოკვლევას, სადაც კარგად გამოჩნდება კბილების ზრდის ტავისებურებები და მათი ირგვლივმდებარე ქსოვილების მდგომარეობა.

 

 

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.