რეტენირებული კბილების ამოღება

რეტენირებული კბილების ამოღება

 

რეტენირებული კბილები ეს ისეთი კბილებია, რომელთა ამოჭრის პროცესი დარღვეულია და მათ არ შეუძლიათ დაიკავონ მათთვის ბუნებრივად გათვალისწინებული ადგილი კბილთა მწკრივში. ისინი შეიძლება იმყოფებოდნენ მთლიანად ძვლის სისქეში ან მხოლოდ ღრძილის ლორწოვანი გარსით იყვნენ დაფარული. რეტენირებული ეწოდება ასევე ნახევრად ამოჭრილ კბილებსაც.

ამოჭრის დარღვევის მიზეზები შეიძლება სხვადასხვა იყოს – სარძევე კბილების ნაადრევი დაკარგვა, კბილების გვირგვინების არასწორი მდებარეობა, მუდმივი კბილების ჩასახვის დარღვევა, ზეკომპლექტური კბილები, კბილტა მწკრივში ადგილის დეფიციტი – როდესაც კბილები ძალიან მჭიდროდ დგანან, სარძევე კბილების ანთებითი დაავადებები და ა.შ.

როგორ მოვიქცეთ

დისტოპირებული (დარღვეული მდებარეობის) ან რეტენირებული კბილების გამოსავლენად მიმართავენ დამიზნებით ან პანორამულ რენტგენოგრაფიას – ორთოპანტომოგრამას, ასევე კომპიუტერულ ტომოგრაფიას. ამ სურათების საშუალებით სტომატოლოგი განსაზღვრავს, საჭიროა თუ არა ასეთი კბილის ამოღება. გარდა ამისა, განისაზღვრება რეტენირებული კბილის მდებარეობა – სასისმხრივი ან ვესტიბულური, ასევე ხდება შეფასება იმისა, ხომ არ არის კბილი შეზრდილი ძვალთან. ასევე ექიმი განსაზღვრავს, შეიძლება თუ არა ასეთი კბილის ამოწევა ორთოდონტულად, სპეციალური ხელსაწყოების საშუალებით.

თანამედროვე სტომატოლოგიაში ამჟამად განიხილება საკითხი იმის შესახებ, შეიძლება თუ არა რეტენირებული კბილების გამოყენება ავტოტრანსპლანტატის სახით – დაშლილი კბილების შესაცვლელად.

რომელი კბილები უნდა ამოვიღოთ

ყველაზე ხშირია ე.წ. სიბრძნის კბილების რეტენცია, რომლებიც ამოიჭრება 15-დან 30 წლამდე ასაკში. მრავალი სტომატოლოგი მერვე კბილებს ზედმეტად თვლის, რადგან ისინი მრავალ პრობლემას უქმნიან ადამიანს. თუმცა, მათ ამოღებამდე აუცილებელია სათანადო გამოკვლევის ჩატარება და არ უნდა გავაკეთოთ ნაჩქარევი დასკვნები – ზოგჯერ რეტენირებული ან ნახევრად რეტენირებული კბილი შეიძლება პროთეზირებისთვის კარგი საყრდენი გახდეს.

თუ რეტენირებულია სხვა კბილი, მაგალითად ეშვი, მას მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოიღებენ, თუ მისი ორთოდონტულად ამოწევა შეუძლებელია. ამისათვის ორთოდონტი აკეთებს მცირე განაკვეთს რეტენირებული კბილის მიდამოში, მოაცილებს ძვლის ნაწილს, ხოლო ფესვს მიამაგრებს ორთოდონტულ ხელსაწყოს, რომელიც სპეციალური ელასტიური რეზინის საშუალებით დაქაჩავს კბილს საჭირო მიმართულებით.

ენდეთ გამოცდილ ექიმებს

უნდა გახსოვდეთ, რომ დისტოპიური ან რეტენირებული კბილების ამოღება მარტივი პროცედურა არ არის. ამ ოპერაციის ჩატარება შეუძლია მხოლოდ გამოცდილ ქირურგს. პრობლემურ კბილთან შეზღუდული მიდგომა საჭიროებს ექიმის დიდ ყურადღებასა და იუველირულ სიზუსტეს ოპერაციის ჩატარების დროს. ამოღების პროცესში, ანესთეზიის ქვეშ, იკვეთება ლორწოვანი გარსი. შემდეგ სპაციალური ბურღით ძვლოვან ქსოვილში კეთდება ხვრელი, საიდანაც უნდა მოხდეს რეტენირებული კბილის ამოღება. ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო ხდება თავად კბილის დანაწევრებაც, რის შემდეგ მას ნაწილ-ნაწილ იღებენ. ოპერაციის შემდეგ დარჩენილი ჭრილობა იკერება. ასეთი ოპერაცია შეიძლება რამდენიმე საათი გაგრძელდეს.

რეტენირებული კბილის ამოღებიდან მეორე-მესამე დღეს საჭიროა ჭრილობა ვაჩვენოთ ექიმს, რათა საჭიროების შემთხვევაში მოხდეს გრანულაციებისა და ძვლის დარჩენილი წვრილი ნამსხვრევების მოცილება. ხშირად ექიმები თვითონ უკავშირდებიან პაციენტებს და ინტერესდებიან მათი მდგომარეობით, რადგან გამოცდილმა ექიმმა იცის, რომ “უმნიშვნელო” სტომატოლოგიური ოპერაცია არ არსებობს.

თუ პაციენტი ზედმიწევნით ასრულებს ექიმის ყველა რეკომენდაციას, ოპერაციის შემდგომი აღდგენის პროცესი სწრაფად მიმდინარეობს.

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.