სტომატიტი: საშიშია შეუფასებელი მტერი

სტომატიტი: საშიშია შეუფასებელი მტერი

სტომატიტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური დაავადებაა, რომლითაც ავადდება ყველა, ასაკისა და სქესის მიუხედავად. სამწუხაროდ, სტომატიტი ერთ-ერთი მოწინავეა იმ დაავადებთა სიაში, რომელთა მკურნალობასაც პაციენტები დამოუკიდებლად ცდილობენ.

განსხვავებული, მაგრამ ყოველთვის საშიში

სტომატიტს მრავალი გამოვლინება აქვს: სიწითლე, ბუშტუკები, თეთრი ან ყვითელი ნადები ენაზე და ღრძილებზე, ღრმა წყლულები. სიმპტომების ასეთი მრავალფეროვნებაა სწორედ პაციენტების შეცდომის მიზეზი თვითმკურნალობის დროს – მცირე ზომის წყლულები და სიწითლე მართლაც „ქრება” სოდიანი წყლის რამდენჯერმე გამოვლების შემდეგ. თუმცა, სტომატოლოგები გვაფრთხილებენ: ამ პროცედურებს დაავადების დიდხანს შეჩერება არ შეუძლიათ – დროებითი შემსუბუქების შემდეგ, პაციენტს ხშირად უვითარდება ძლიერი გართულებები, ზოგჯერ კი სტომატიტის ქრონიკული და მძიმე ფორმები, რასაც თან ახლავს სხეულის ტემპერატურის მომატება, ლორწოვანი გარსის ღრმა ტოტალური დაწყლულება, ჩირქოვანი ნადების გაჩენა.

საქმე იმაშია, რომ ხალხურ საშუალებებს შეუძლია მხოლოდ სიმპტომების მოხსნა, მაგრამ ვერ მკურნალობენ დაავადების მიზეზს, რომლის სწორად დიაგნოსტიკაც შეუძლია მხოლოდ სპეციალისტს. სტომატიტი მიეკუთვნება ანთებით დაავადებებს და გამღიზიანებელზე იმუნური სისტემის რეაქციის შედეგია. გამღიზიანებლის როლში შეიძლება იყოს ბრეკეტები, კბილის ბჟენის ან პროთეზის მახვილი კიდე, რომლებიც მექანიკურად აზიანებენ ლორწოვან გარსს, სოკოვანი ან ჰერპესული ინფექცია (ძირითადად ბავშვებში), ნიკოტინით ან ალკოჰოლით ქსოვილების ინტოქსიკაცია, ალერგიული რეაქცია მედიკამენტებზე, ავიტამინოზი (კერძოდ, B12 ვიტამინისა და რკინის დეფიციტი), ასევე პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა – სტომატიტის ხასიათმა და სიმპტომებმა შეიძლება ბევრი რამ უამბოს სპეციალისტს ორგანიზმის სხვა სისტემების მდგომარეობაზე. მრავალრიცხოვანი კვლევებით დადგინდა, რომ სტომატიტი ხშირად თან ახლავს სხვა, ზოგჯერ უფრო მძიმე, დაავადებებს: სისხლის სხვადასხვა დაავადებას (ლეიკოზი, ანემია), იმუნური, ნერვული სისტემების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის დარღვევას (დისბაქტერიოზი, კუჭის წყლულოვანი დაავადება), შიდსს. ეს ფაქტი კიდევ ერთი მიზეზია იმისათვის, თუ რატომ უნდა მიმართოთ რაც შეიძლება სწრაფად ექიმს სტომატიტის სიმპტომების აღმოჩენისთანავე.

შეტევა ყველა მხრიდან

სტომატიტის ყოველი ფორმა საჭიროებს განსაზღვრულ, ხშირად კომპლექსურ მკურნალობას, რომლის შემუშავებაც მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია სტომატიტის გამომწვევი მიზეზების მოცილება. თუ ეს არის პირის ღრუს მიკროფლორის დარღვევა, სტომატოლოგი ჩაატარებს პროფესიონალურ გაწმენდას (კბილის ნადების მოცილება, კბილების გაპრიალება), ასევე უმკურნალებს კარიესს. ლორწოვანი გარსის მექანიკური გამღიზიანებლების მოსაცილებლად შეიძლება საჭირო გახდეს არასწორად დადებული ბჟენის ან უხარისხო გვირგვინის შეცვლა, არასწორად ამოსული კბილის ამოღება ან ბრეკეტების მახვილი ნაწილების დაფარვა სპეციალური ცვილით. ექიმმა ასევე შეიძლება გირჩიოთ სამკურნალო პრეპარატების მიღება, თუ სტომატიტი ალერგიული ბუნებისაა, ან დაგინიშნოთ იმუნოსტიმულატორები და ვიტემინების კომპლექსები ორგანიზმის დამცველობითი პოტენციალის ასამაღლებლად.

სტომატიტის მკურნალობაში კარგი ეფექტი აქვს ოზონოთერაპიას. ოზონის ადგილობრივი გამოყენებით რბილად და ხარისხიანად „გავასტერილებთ” ლორწოვან გარსს და მოვხსნით ანთებას. იგივე ეფექტი აქვს სამედიცინო ლაზერსაც.

მალამოების წასმისა და სავლებების ტრადიციული მეთოდების თანამედროვე ალტერნატივაა სპეციალური თვითწებვადი დიპლენის აპკები. სამკურნელო პრეპარატით გაჟღენთილი გამჭვირვალე ზოლები რამდენიმე საათით ეწებება დაზიანებულ ადგილს, რაც უზრუნველყოფს პრეპარატის მაქსიმალურ კონტაქტს დაზიანებულ ადგილთან და ხელს უშლის პრეპარატის გადაყლაპვას ნერწყვთან ერთად.

კაბინეტში მკურნალობის შემდეგ, სახლის პირობებში შეიძლება პირის ღრუში გამოვივლოთ სხვადასხვა ბალახეულის, მაგ., ალთეს ან გვირილის ანტისეპტიკური ნაყენები ან სოდისა და კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარები. წყლულებს შეიძლება ფრთხილად წავუსვათ ბრილიანტის მწვანე ან ფურაცილინი.

მკურნალობის დროს სრულიად უნდა გამოირიცხოს კვების ის პროდუქტები, რომლებმაც შეიძლება გააღიზიანონ ლორწოვანი გარსი და ხელი შეუწყონ ბაქტერიების გამრავლებას, ესენია: მწარე, ძალიან მარილიანი ან მჟავე კერძები, ალკოჰოლი, ტკბილეული. საკვები უნდა იყოს წვრილად დაჭრილი ან გახეხილი და სასურველია თბილი. რეკომენდებულია რაციონში რაც შეიძლება მეტი ხილ-ბოსტნეულის, წვენების, რძემჟავა პროდუქტების ჩართვა, დიდი რაოდენობით წყლის მიღება, რადგან სტომატიტის დროს მომატებული ნერწყვგამოყოფა (განსაკუთრებით, ბავშვებში) იწვევს ორგანიზმის გაუწყლოებას.

 

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.